Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები კონფლიქტის ზონაში


არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ ოფისში დღეს კონფლიქტის ზონის სოფლების მცხოვრებლები, ხელისუფლების, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია GARB, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველოს“ მხარდაჭერით სატელევიზიო გადაცემა „მრავალკუთხედს“ ამზადებს. ამ გადაცემაში კონფლიქტის ზონებში მიმდინარე მოვლენები ხშირად შუქდება. სოხუმიდან, გალიდან, გაგრიდან და ცხინვალის რეგიონებიდან მომზადებულ რეპორტაჟებში გაშუქებულია იქ მცხოვრები ადამიანების უფლებათა დარღვევების ფაქტები - დაკავება, უკანონო პატიმრობა, ფიზიკური შეურაცხყოფა და სხვა.

დისკუსიის თემა კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებები და მათი უსაფრთხოების საკითხები იყო. რა შეიძლება გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლებმა იმისათვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში ინციდენტების რაოდენობა შემცირდეს და იქ მცხოვრებმა ადამიანებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი? როგორც ცნობილია, ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის სიახლოვეს ბოლო პერიოდში არაერთი ადამიანი დააკავეს, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. ვითარება მას შემდეგ უფრო დამძიმდა, რაც რუსმა მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრები გაავლეს. ამის შემდეგ არაერთი სახლი და მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დისკუსია სწორედ ამ თემაზე გამართეს. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის კახა ტოლიაშვილის განცხადებით, მოლაპარაკება რუსულ მხარესთან უშედეგოდ მიმდინარეობს, ოსური მხარე კი მთლიანად რუსული მხარის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

სოფელ დვანის რწმუნებულმა გოჩა ნებიერიძემ აღნიშნა, რომ სოფელში მავთულხლართების გაბმისა და ეგრეთ წოდებული საზღვრების მონიშვნის შემდეგ ვითარება უფრო გართულდა, რადგან დვანელების ერთ ნაწილს ნაკვეთებში მისასვლელი გზა ჩაეკეტათ. ნებიერიძის განცხადებით, მისი თანასოფლელები საკუთარი რისკის ფასად ნაკვეთებს მაინც ამუშავებენ.

არინა თავაქარაშვილი, რომელიც კონფლიქტის საკითხებით არის დაინტერესებული, მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა მუდმივად უნდა ხდებოდეს და ქართული და ოსური საზოგადოების წარმომადგენლები ერთმანეთს პრობლემატურ საკითხებზე კონსულტაციებს უწევდნენ, რათა ნდობის აღდგენის პროცესი დაიწყოს.

საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ მედიამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს კონფლიქტის ზონებს. სამწუხაროდ, დიდი სატელევიზიო არხები იქ მიმდინარე პროცესებს თითქმის აღარ აშუქებენ. კუპრაშვილის თქმით, საზოგადოების ინფორმირება მათივე უსაფრთხოების მიზნით მნიშვნელოვანია და ამ პროცესში მედიამაც საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს.

რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციამ მსგავსი დისკუსია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემაზე ბათუმში უკვე გამართა.
XS
SM
MD
LG