Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჩვენ 99% ვართ” – 14 არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია


31 ოქტომბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამართა ერთობლივი აქცია, სახელწოდებით - ”ჩვენ 99% ვართ”. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ პედაგოგები, გარემოვაჭრეები, დევნილები, ვეტერანები, აქციონერები, პენსიონერები... როგორც აქციის ორგანიზატორი, ”თავისუფალ ასოციაციათა კავშირის” ხელმძღვანელი ალექსანდრე შალამბერიძე აცხადებს, მათი მიზანია არა რაც შეიძლება მეტი ხალხის მობილიზება აქციებზე, არამედ ხელისუფლებისათვის სხვადასხვა სფეროებში არსებული პრობლემების მუდმივად შეხსენება.

აქციები გაგრძელდება და ყურადღებას გავამახვილებთ იმ კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც ექნებათ პედაგოგებს, გარემოვაჭრეებს, პენსიონერებს, ვეტერანებს...
პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე 14 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა - დაახლოებით 50-მა ადამიანმა - მოიყარა თავი. ”ჩვენ 99% ვართ” - ეწერა დიდი წითელი ასოებით მათ მთავარ ლოზუნგს, აქციის თითქმის ყველა მონაწილეს კი ხელში სხვადასხვა შინაარსის პლაკატი ეჭირა:

„უნივერსიტეტი - სტუდენტებს“
„მოგვეცით სამუშაო“
„შეწყდეს პედაგოგთა დევნა“
„ფიქსირებული გადასახადი - მოვაჭრეებს“
„დაგვიბრუნეთ ჩვენი აქციები“
„მოგვეცით ჭერი უსახლკაროებს“
„მე ვარ აფხაზი, მე საქართველოს მოქალაქე ვარ, მე არ ვარ დაცული“
„ჭერი - დევნილებს“

ზქცია პარლამენტთან
ზქცია პარლამენტთან
”თავისუფალ ასოციაციათა კავშირის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე შალამბერიძე ამბობს, რომ აქციაზე ერთი ადამიანიც რომ მივიდეს, ისიც იტყვის, რომ ის 99%-ია:

“აქციები გაგრძელდება და ყურადღებას გავამახვილებთ იმ კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებიც ექნებათ პედაგოგებს, გარემოვაჭრეებს, პენსიონერებს, ვეტერანებს. და ყველა ამ აქციის ლოზუნგი იქნება ”მე 99% ვარ” - ერთი კაციც რომ გამოვიდეს, მაინც. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ხელისუფლება, რომელიც თავისი ბოროტი ზრახვების შესასრულებლად, ფულის საკეთებლად იყენებს საქართველოს მოსახლეობას, შევცვალოთ ლოზუნგით - ”ვერ გამოგვიყენებ” და, პირიქით, ჩვენ გამოვიყენოთ იმისთვის, რისთვისაც ის ავირჩიეთ.”
შიშის სინდრომია. ისინი ხმამაღლა ვერ ლაპარაკობენ თავიანთ პრობლემებზე, მაგრამ ჩვენ მათაც მოვიაზრებთ...

„მე ვარ უმუშევარი მამა“ - აწერია 49 წლის გია მეჩიტაშვილის პლაკატს. ის დღეს უმუშევართა კავშირის წევრია. ორი თვეა, რაც მისი სამსახური დაიხურა:

”სახელმწიფოს ნება უნდა იყოს, რომ ამოქმედდეს საწარმოები, სამუშაო ადგილები გაჩნდეს. ამის ნებას ვერ ვხედავ. გუშინ განცხადებების გაზეთში სამსახურს ვეძებდი და მზარეულს ეძებდნენ. და იქაც 30 წლამდე ადამიანი უნდოდათ. ეს ხომ არის ადამიანის უფლებებების დარღვევა. რა უნდა ვქნათ ჩვენ, 40 წელს გადაცილებულმა ხალხმა, ვინც არც პენსიონერები ვართ და სამსახურიც დავკარგეთ?”

„სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის“ ხელმძღვანელი ბექა კემულარია კი გვეუბნება, რომ ამ 99%-ში ხელისუფლების მხარდამჭერებიც იგულისხმებიან, რადგან მათაც არაერთი პრობლემა აქვთ, რისი ხმამაღლა თქმაც ვერ გაუბედავთ:

”შიშის სინდრომია. ისინი ხმამაღლა ვერ ლაპარაკობენ თავიანთ პრობლემებზე, მაგრამ ჩვენ მათაც მოვიაზრებთ. ჩვენ კი გვინდა, რომ გამუდმებით შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი გადასახადებით ფინანსდებიან და ხალხს უნდა ემსახურებოდნენ.”

საკუთარი უფლებების დაცვას ახლა უკვე სხვა არასამთავრობოებთან ერთად მოითხოვს „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა“ და მისი წევრი თეონა ქარდავა:

”ჩვენ გარიყულები ვართ. ხელისუფლება მხოლოდ იმას ცდილობს, როგორმე დედაქალაქს მოგვაცილოს, სადღაც გადაგვისროლოს, ცივილიზაციისგან შორს. ჩვენ კი ვითხოვთ, თუ არ შეუძლიათ ჩვენი დაკმაყოფილება აქ, თბილისში, ან დიდ ქალაქებში, მაშინ დაგვაბრუნონ ჩვენს მიწაზე, აფხაზეთში.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG