Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესაში საქართველოს შესახებ რამდენიმე წერილი გამოქვეყნდა. მათგან ბევრი - როგორც, ალბათ, მოსალოდნელი იყო - საქართველოში მცხოვრები ყველაზე მდიდარი პირის, ბიძინა ივანიშვილის, ახალ - პოლიტიკურ - გეგმებს ეხება.

14 ოქტომბერს ჟურნალ “ნიუ-იორკერის” ვებსაიტზე ვენდელ სტივენსონმა გამოაქვეყნა ბლოგი, სახელწოდებით “საქართველო: პრეზიდენტი და ოლიგარქი”. ავტორი იხსენებს, რომ თავისი კარიერის განმავლობაში დაწერილი აქვს ვრცელი სტატიები როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე ბიძინა ივანიშვილის შესახებ. “სააკაშვილი ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციით მოვიდა, ჩართო ელექტროენერგია, რომლის მიწოდებაც წლების განმავლობაში წყვეტით ხდებოდა, და ერთი ხელის მოსმით გაათავისუფლა მთელი კორუმპირებული საპოლიციო ძალა”, - წერს ავტორი და დასძენს: “თუმცა მას შემდეგ მან არათანაბარი და საკუთარი თავის მნიშვნელობის წარმოჩენისკენ მიმართული ნაბიჯები გადადგა. ეს ნაბიჯები სულ უფრო მეტად მიანიშნებს, რომ საქმე გვაქვს ფრთხილ ავტოკრატთან, რომელიც დემოკრატიის კომპონენტებს - ტელეარხებს, პარლამენტს, “დამოუკიდებელ” საგადასახადო უწყებას, პოლიტიკურ პარტიებს - სათავისოდ იყენებს”. შემდეგ სტივენსონი იხსენებს ბიძინა ივანიშვილის შესახებ თავის სტატიას, აღწერს ქართველი მილიარდერის საქველმოქმედო საქმიანობას. როგორც ირკვევა, სტივენსონი ივანიშვილს პირადად არ შეხვედრია, მხოლოდ მის მშობლიურ სოფელს ესტუმრა და, ადგილობრივი ხალხის მონაყოლზე დაყრდნობით, დაწერა წერილი, სადაც ივანიშვილი წარმოჩნდა “საკმაოდ თავმდაბალ, ჭკვიან, ფრთხილ და ვითარების მაკონტროლებელ” პირად. ამის შემდეგ სტივენსონი თავის მკითხველს ივანიშვილის მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შესახებ ამცნობს, რომ ის პოლიტიკაში მიდის, და წერს: “ვითარების ასე საინტერესოდ შეცვლის პარალელურად, ორი აზრი მიჩნდება. პირველი - წინა ჯერზე, როცა სააკაშვილს ოლიგარქი დაემუქრა, საქმე გვქონდა ბადრი პატარკაციშვილთან. ის მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა ლონდონში და მისი ქონებაც, რომლის დიდი ნაწილი მას სხვადასხვა სახელზე ჰქონდა გაფორმებული, სააკაშვილის მოკავშირეებმა და ყოფილმა ბიზნესპარტნიორებმა გაიყვეს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ბადრი თვალშისაცემი, ხმაურიანი, თავგადასავლების მაძიებელი ფიგურა იყო და არა ისეთი ფრთხილი, როგორიც ივანიშვილი ჩანს. და მეორე - დამოუკიდებლობის პერიოდში ქართველებმა თავიანთი სამივე პრეზიდენტი ხმების 80 პროცენტზე მეტით აირჩიეს, თუმცა მათ ისინი მალე ბეზრდებათ. პირველი ორი დაამხეს”, - წერს ვენდელ სტივენსონი. ბლოგის ბოლოს ის დაასკვნის, ივანიშვილი ძალიან ჭკვიანი კაცია, უამრავი ფულით; ის სააკაშვილისთვის წონიანი ოპონენტიაო.

ასევე 14 ოქტომბერს ჟურნალმა “ეკონომისტმა” გამოაქვეყნა წერილი, სახელწოდებით “თბილისის გრაფი მონტე-კრისტო”. სტატია ასე იწყება: “გაიმეორებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პუტინის ქცევას 2013 წელს, საპრეზდიენტო ვადის გასვლის შემდეგ, საკუთარი თავის პრემიერ-მინისტრად დანიშვნით? ბიძინა ივანიშვილს - ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს - მიაჩნია, რომ ეს ასე იქნება.” სტატიაში მოკლედ მოთხრობილია საქართველოში ბოლო პერიოდის მოვლენებზე და ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებზე. შემდეგ ვკითხულობთ: “ბატონი სააკაშვილი ბატონ ივანიშვილს ადარებს დიუმას პერსონაჟს, გრაფ მონტე-კრისტოს. მაგრამ ეს პარალელი უკვე თითქოს აღარ მუშაობს. როგორც ჩანს, ბატონ ივანიშვილს იმედგაცრუება ამოქმედებს და არა შურისძიება.” ამასთან, სტატიის ავტორის აზრით, დიუმას პერსონაჟის მოქმედების სტილს არც იმ ორი ღია წერილის სულისკვეთება შეესაბამება, რომლებიც ივანიშვილმა გაავრცელა.

ასევე ბიძინა ივანიშვილის თემას შეეხება “მოსკოუ ტაიმსში” გამოქვეყნებული ორი წერილი. 17 ოქტომბერს ჟურნალისტმა პოლ რიმპლმა დაბეჭდა სტატია, რომელიც ივანიშვილის განცხადების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს აღწერს. ჟურნალისტი ძირითადად მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე საუბრობს, თუმცა ასევე წერს ინციდენტზე, რომელიც ივანიშვილის ვაჟის, ბერას კლიპის - “ქართული ოცნების” - გადაღებაზე მოხდა. პოლ რიმპლის თქმით, პროდიუსერს უცნობმა პირმა დაურეკა და გადაღების შეწყვეტა უბრძანა. “კლიპის მონაწილეებს და გადამღებ ჯგუფს რამდენიმე საათის განმავლობაში მოუხდათ ლოდინი, სანამ სახლებში წასვლის უფლებას მიიღებდნენ”, - წერს ჟურნალისტი. “ივანიშვილთან არავის ჰქონია პრობლემები, როცა ის აფინანსებდა საქართველოში ეკლესიების, საავადმყოფოების და გზების მშენებლობას, ეხმარებოდა გაჭირვებაში მყოფებს. მაგრამ როცა თავისი იზოლირებული სამყაროდან გამოსვლა და სააკაშვილთან დაპირისპირება გადაწყვიტა, მთავრობა პანიკაში ჩავარდა”, - წერს პოლ რიმპლი “მოსკოუ ტაიმსის” 17 ოქტომბრის ნომერში.
ამავე გაზეთში - “მოსკოუ ტაიმსში” - ჟურნალისტმა ალექსეი პანკინმა 18 ოქტომბერს გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით “ნომერ პირველ მტერთან ბრძოლის საერთო გზა”. სტატია ასე იწყება: “გაზეთმა ‘მოსკოვსკი კომსომოლეცმა’ უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იულია ტიმოშენკოს, რომელსაც გასულ კვირაში 7 წლით მიუსაჯეს პატიმრობა, “იულია ხოდორკოვსკაია” უწოდა. პარალელურად, შესაძლებელია კიდევ ერთ “ხოდორკოვსკისთან” გვქონდეს საქმე საქართველოში, სადაც ცნობილმა მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, პრეზიდენტს, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა და შემდეგ მას მოქალაქეობა ჩამოართვეს”. სტატიის ბოლოს ჟურნალისტი დაასკვნის: საოცარია, რომ რუსეთმა, უკრაინამ და საქართველომ, ფერადი რევოლუციების მოხდენის მიუხედავად, ფაქტობრივად, ერთნაირი სტრატეგია აირჩიეს ნომერ პირველი მტრის წინააღმდეგ ზომების გატარებისასო.

მიმოხილვის ბოლოს მოკლედ კიდევ რამდენიმე წერილზე, რომლებიც სხვა თემებს ეხებოდა. 19 ოქტომბერს “სტრატფორ კომენტარიში” გამოქვეყნდა ანალიტიკური სტატია, სახელწოდებით “რუსეთი, საქართველო: არჩევნები და ოლიმპიური თამაშები ცვლილებებს უწყობს ხელს?” სტატიის შემაჯამებელ აბზაცში ვკითხულობთ: “საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ დიდწილად უცვლელი რჩება. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში მოახლოებული ხელისუფლების ცვლა შესაძლოა რუსულ-ქართულ კავშირებში ცვლილებების კატალიზატორი აღმოჩნდეს - ერთი ფაქტორი კი, როგორც ჩანს, ნებისმიერი პოტენციური სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს აღკეთს. საუბარია 2014 წელს რუსეთში - სოჭში - დანიშნულ ოლიმპიურ თამაშებზე. რუსეთს სურს ეს ოლიმპიური თამაშები საკუთარი სიძლიერის დემონსტრირებისთვის გამოიყენოს და მან სოჭში უსაფრთხოების საკითხი თავის მთავარ პრიორიტეტად აქცია. ის, რომ ეს ქალაქი ჩრდილოეთ კავკასიასთან მდებარეობს, ნიშნავს, რომ რუსეთი თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომელთაც უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება პრობლემები მოჰყვეს - მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯებისგანაც.”

19 ოქტომბერს ბრიტანულ “გარდიანში” რეჟისორმა რობერტ სტურუამ გამოაქვეყნა მოკლე მიმართვა. “მე საქართველოში ვცხოვრობ, სადაც პრეზიდენტის ხელში ახლა კონცენტრირებულია სრული კონტროლი ხელოვნების, განათლების და მედიის სფეროებზე” - ასე იწყებს წერილს სტურუა და დასძენს, რომ თანდათან სულ უფრო მეტად იკვეთება ასოციაციები საქართველოს კიდევ ერთი შვილის, იოსებ სტალინის, მეთოდებთან. “საკმაოდ ირონიული ამბავია, რომ მთავრობამ, რომელიც თავის პოლიტიკას აფუძნებს სიძულვილზე, შიშსა და რუსოფობიაზე დაუმთავრებელ ეთნიკურ ომებში (განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოში), მე დამსაჯა იმის გამო, რომ გავბედე ჩვენი პრეზიდენტის ეროვნული იდენტობა მეხსენებინა. მე თუ მართლაც გადავაბიჯე ეთიკას ან კანონს, მზად ვარ პასუხი ვაგო ნებისმიერი დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე, მაგრამ არა ეთნიკური ნაციონალისტების ავტორიტარულ რეჟიმთან”, - წერს რობერტ სტურუა “გარდიანის” 19 ოქტომბრის ნომერში და იქვე იმედს გამოთქვამს, რომ ხელოვანები, ინტელექტუალები და ჭეშმარიტი ინტერნაციონალისტები ხმას აიმაღლებენ საქართველოში თავისუფლებაზე ზეწოლის წინააღმდეგ.

20 ოქტომბერს ინტერნეტგამოცემა “ეურეიჟია ვიუში” გამოქვეყნდა ჟურნალისტ მოლი კორსოს წერილი “გამოიწვევს თუ არა ფეისბუქი საქართველოში პოლიტიკურ ცვლილებებს?” სტატიაში საუბარია საქართველოში ამ სოციალური ქსლის მზარდ პოპულარობაზე - რომ ინტერნეტის მომხმარებელთა 15 პროცენტია რეგისტრირებული ფეისბუქზე - და აღნიშნულია, რომ მეგობრებთან სალაღობო კონტაქტის გარდა, ქართველები ამ ქსელს ახალი ამბებისა და ინფორმაციის მოსაპოვებლადაც იყენებენ. მოლი კორსო წერს, რომ ამ მზარდი პოპულარობის მიუხედავად, მედიის ექსპერტები ჯერჯერობით მაინც არ ვარაუდობენ, რომ ფეისბუქი საქართველოში სოციალური ან პოლიტიკური ცვლილებების გენერატორად იქცევა. თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, ფაქტია, რომ ამ სოციალურ ქსელს სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი თუ პარტია - მათ შორის, ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები” - იყენებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთ ფორმად.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG