Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელედისკურსი, როგორც მართვის პულტი


როგორ ვრცელდება ინფორმაცია საქართველოში - ამ თემაზე ჩატარებული უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ნაცნობ-მეგობრების წრე ჯერჯერობით ისევ ლიდერობს. თუმცა გამოიკვეთა მკვეთრი განსხვავება ”ტელეინფორმაციის” მიმართ დამოკიდებულებაში თბილისსა და რეგიონებს შორის. საინტერესო გამოკვლევას გვთავაზობს კავკასიის რესურსების კვლევის ცენტრი, რომლის მიხედვითაც განსხვავების ერთ- ერთი მთავარი ფაქტორი ინტერნეტია.

ის, რომ ტელევიზორი მართვის ინსტრუმენტს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის დროს, ბევრი მკვლევარის ინტერესის წყარო იყო და არის დასავლეთში. ინფორმაცია იმართებოდა ცენტრალიზებულად არა მარტო სისტემის შიგნით, არამედ გარე სამყაროსთანაც. მაგალითად, ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ ფუკო ამბობდა, საბჭოეთში რეალურად რა ხდებოდა, მხოლოდ მოგვიანებით, სოლჟენიცინისა და მსგავსი ავტორების გაჟონვის შემდეგ გავიგეთო. როცა ფუკოს ეს ინტერვიუ წავიკითხე, გამიკვირდა… როგორც ჩანს, ფაქტია, რომ პლანეტაზე, რომელიც ინფორმაციის დამალვით იყო დაკავებული, უზარმაზარი წერტილები, თითქმის კონტინენტები ადვილად წარმოადგენდა შავ ლაქებს, რომელთაც სისტემა ინფორმაციით თვითონ, ცენტრალიზებულად ავსებდა.

ინფორმაციის წყაროების დეცენტრალიზაცია

ინტერნეტის წვდომა ქვეყანაში საკმაოდ სწრაფად იზრდება - სხვადასხვა მონაცემებით, 30 პროცენტამდე ადის დღეისათვის, თუმცა ზრდა არაპროპორციულია. ინტერნეტის წვდომის ძირითადი ნაწილი თბილისზე მოდის, სადაც, ბოლო კვლევების მიხედვით, რომელიც კავკასიის რესურსების კვლევის ცენტრმა ჩაატარა, ადამიანების სულ უფრო ნაკლები რაოდენობა უყურებს ტელევიზორს, როგორც ინფრომაციის წყაროს და, სამაგიეროდ, სულ უფრო მეტი ხმარობს ინტერნეტს ინფორმაციის მისაღებად. ინტერნეტის წვდომა იზრდება რეგიონებშიც, თუმცა დაახლოებით 80 პროცენტით დაბალი სიჩქარით, ვიდრე თბილისში. გარდა ამისა, რეგიონებში ინტერნეტის მოხმარების დიდი ნაწილი მოდის გართობაზე, ინფორმაციის დიდ ნაწილს კი რეგიონების მოსახლეობის უმეტესობა ნაციონალური ტელემაუწყებლებით იღებს. თინათინ ზურაბიშვილი, კავკასიის რესურსების კვლევის ცენტრის თანამშრომელი, რომელიც კვლევას რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებდა, ამბობს:

„სანდო ცოდნა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ხალხი მედიაზე, თითქმის არ იყო, ამიტომ ჩვენ გვინდოდა ეს გაგვეკეთებინა. ამიტომ გამოვკითხეთ თითქმის ორი ათასი რესპონდენტი, სტატისტიკურ კანონზომიერებათა დაცვით. მათი აზრი, სტატისტიკურად მცირე ცდომილებით, წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის აზრს. ანუ ტერიტორიულად ჩვენ მოვიცავით მთელი საქართველო.

დამოკიდებულება ინფრომაციის წყაროების მიმართ

იმის გამო, რომ ინტერნეტის მოხმარების ძირითადი ნაწილი რეგიონებში გართობაზე მოდის, არ შევჩერდები ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციის სანდოობის მიმართ დამოკიდებულებაზე. გადავალ ნაციონალურ მაუწყებლებზე. თბილისთან შედარებით, მოქალაქეთა 80 პროცენტი რეგიონებში ინფორმაციას ნაციონალური მაუწყებლებიდან ღებულობს. საინტერესოა, რომ რეგიონების მოქალაქეთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჟურნალისტები ზოგადად მთავრობის სამსახურში დგანან. დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გაცილებით დიდი პროცენტი რეგიონებში ნაციონალურ მაუწყებლებს უყურებს როგორც მთავარ წყაროს ინფორმაციისა და ასევე ფიქრობს, რომ ჟურნალისტები მთავრობის სამსახურში დგანან, მოსახლეობის ასევე დიდი პროცენტი ნაციონალური მაუწყებლების მიერ გავრცელებულ ტელეინფორმაციას ენდობა. ნდობის ხარისხი გაცილებით ნაკლებია თბილისში, სადაც ინფორმაციას ნაციონალური არხებიდან, პროპორციულად, სულ უფრო ნაკლები ადამიანი იღებს.

„სხვათა შორის, ყველა კვლევაში ცალსახად ფიქსირდება, რომ რეგიონებში ადამიანები უფრო დიდ ნდობას ამჟღავნებენ, როდესაც ასეთ გამოკითხვებში იღებენ მონაწილეობას. ანუ უფრო მაღალ ნდობას აფიქსირებენ. აქ შეიძლება ბევრი რამ იყოს გავლენის მომხდენი. შეიძლება აქ იყოს შიშის მომენტი, რომელიც რეგიონებში უფრო მაღალია. შეიძლება იყოს შედარებით ნაკლები განათლების მომენტიც, რადგან რაც უფრო მაღალია განათლება, მით უფრო კრიტიკულია აზროვნება“, ამბობს თინათინ ზურაბიშვილი.

ასეც უნდა იყოს

საბჭოთა კავშირში ცენტრალიზებული საინფორმაციო ტელეგადაცემა „ვრემია“ ინფორმაციის მთავარი წყარო იყო. თუმცა ეს ახალი ამბავი ნაკლებადაა. არც ისაა ახალი ამბავი, რომ საბჭოთა სისტემა ინფორმაციას პროპაგანდის მიზნით იყენებდა. შედარებით ახალია დასავლელ მკვლევარებში მოგვიანებით გაჩენილი მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ინფორმაცია საბჭოეთში იყო არა ინფორმაცია თავის თავში, თუნდაც დამახინჯებული, არამედ მართვის ინსტრუმენტი. ანუ ცენტრალიზებული ინფორმაცია მოქალაქეთათვის იყო ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც ეუბნებოდა მოქალაქეს, სად იყო სისტემა, რას ფიქრობდა ის ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე და, შესაბამისად, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა ამა თუ იმ საკითხისადმი თავად მოქალაქეს. ამას შეგვიძლია, ალბათ, დავარქვათ ’ინფორმირებული მორჩილების ძერწვის მექანიზმი’. მარტივად რომ ითქვას, ცენტრალიზებული არხებით ხდებოდა სისტემის შიგნით მოქმედებისთვის აუცილებელი ”ინფორმაციით” მომარაგება. ამას, დასავლელი მკვლევარების მიხედვით, ემატებოდა სხვადასხვა მექანიკური და ფიზიკური ჩარევები და რეპრესიები, რაც, საბოლოოდ, აჩენდა დამოკიდებულებას - „ასეც უნდა იყოს“: მმართველებმა იციან რა არის უკეთესი, ისინი არიან ინფორმირებულნი, ამიტომაც გადაწყვეტილება იმაზე, თუ რა უნდა ვიფიქროთ, სწორედ მათ უნდა მიიღონ. ანუ ნორმალურია, რომ სიმართლე ერთი წყაროდან გვესმოდეს.

ამიტომ მოსახლეობის უმეტესობისთვის - მწკრივებში ჩასაყენებლად და სისტემის შიგნით მოქმედებისათვის - ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე ნარატივი ჟღერდა.

’სიმართლის’ წყაროების დივერსიფიკაცია

ის, რომ რეგიონების მოსახლეობის დიდი ნაწილი ჟურნალისტებს ხელისუფლების სამსახურში მდგომებად მიიჩნევს და, ამავე დროს, ასევე დიდი ნაწილი ენდობა მათ მიერ შეფუთულ ინფორმაციას, სავარაუდოდ, სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რასაც საბჭოეთის დროს ერქვა „ასეც უნდა იყოს“ . აქ, ალბათ, ნაკლებად მნიშვნელოვანია ვინ დგას ინფორმაციის მიმწოდებლის ადგილას. მთავარი ფაქტორი, სავარაუდოდ, არის ინფორმაციის მიმართ დამოკიდებულება თავად მიმღების, ანუ მოქალაქის. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ სხვაგვარადაც ხდება ხოლმე. ხდება ისე, რომ ხელისუფლებები თანამედროვე სამყაროში - მსოფლიოს განვითარებულ ნაწილში - ერთ-ერთი და სულ უფრო ხშირად საკმაოდ მცირე ნდობის მქონე ინფორმაციის გენერატორები ხდებიან. რაც უფრო იზრდება ინფორმაციის ნაკადი, ხელისუფლებებს სულ უფრო მეტად უჭირთ პუბლიკის დარწმუნება და ეს ციფრებშიც აისახება: არა მარტო სამთავრობო ინფორმაციის მიმართ მცირდება ნდობა, არამედ, შედეგად, მოქალაქეთა უფრო მცირე ნაწილი - ევროპულ ქვეყნებში მოსახლეობის არა უმეტეს ათი პროცენტისა - მონაწილეობს საარჩევნო თუ პარტიულ პროცესებში.

P.S დამატებითი მონაცემები: ინტერნეტი და ტელევიზია

●უკანასკნელი კვლევის მიხედვით, რომელიც კავკასიის რესურსების ცენტრმა ჩაატარა, რეგიონებში დაახლოებით სამჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე თბილისში, ამბობს, რომ თავისუფალ დროს ტელევიზორს უყურებს. და, პირიქით, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავისუფალ დროს ინტერნეტთან ატარებს, თბილისში უფრო მაღალია.

●ასევე საინტერესოა, რომ შეკითხვაზე, თამაშობ თუ არა კომპიუტერულ თამაშებს თავისუფალ დროს, ორჯერ მეტმა ადამიანმა უპასუხა დადებითად რეგიონებში, ვიდრე თბილისში.

●საიდან იღებენ ადამიანები ინფორმაციას? თბილისში სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს ინფორმაციას ინტერნეტიდან და სულ უფრო ნაკლები ტელევიზიებიდან. რეგიონებში - პირიქით. თუ რეგიონებში ინტერნეტი 34 პროცენტისთვისაა ინფორმაციის წყარო, თბილისთან შედარებით, ინფორმაციას ყოველდღიურად ტელევიზიებიდან მოქალაქეთა 71 პროცენტი იღებს, ისევ თბილისთან შედარებით. თბილისში ეს ციფრი თითქმის სამჯერ მცირეა - 30 პროცენტი.

●საინტერესოა, რომ ადამიანების სამჯერ მეტი პროცენტი ფიქრობს რეგიონებში, რომ ჟურნალისტები ხელისუფლების სამსახურში დგანან. ეს ციფრი დაბალია თბილისში (67%-33%)

●ნდობა ნაციონალური მაუწყებლების ინფორმაციის მიმართ რეგიონებსა და თბილისსა შორის ასე ნაწილდება: 80%- 20%.
XS
SM
MD
LG