Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 11 ოქტომბერი, 2011


ფინანსთა უკვე ყოფილი მინისტრი ალექსეი კუდრინი ტოვებს ყველა პოსტს, რომელზეც ის რუსეთის ფედერაციას წარადგენდა, მათ შორის - საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობას. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფინანსთა მინისტრი კუდრინი დაითხოვეს მას შემდეგ, რაც მან რუსეთის მაკროეკონომიკური პოლიტიკა დასავლურ პრესაში გააკრიტიკა. მას დმიტრი მედვედევმა პირდაპირ უთხრა, თუ არ მეთანხმები, წადიო. ხელი კუდრინის წასვლას ვლადიმირ პუტინმა მოაწერა. დღეს კუდრინი თავისი გაშვების მიზეზებს აკონკრეტებს:

” მე უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია, რომ სამხედრო ხარჯების გაზრდა რუსეთის ფედერაციაში საფრთხეს უქმნის ჯანდაცვისა და განათლების სისტემების განვითარებას… სწორედ ეს არის მთავარი ფაქტორი დღევანდელ პრეზიდენტთან ჩემი კონფლიქტისა”, - ეს განცხადება კუდრინმა გააკეთა საერთაშორისო ფორუმზე - ”ათასწლეულის განვითარების გეგმები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში”.

ბორის ბერეზოვსკი ლონდონის სასამართლოში რომან აბრამოვიჩს უჩივის. „ნოვაია გაზეტა“ დეტალურად შეისწავლის ბერეზოვსკის სარჩელს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არა თავად ფაქტი ორი ოლიგარქის დაპირისპირებისა, არამედ მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც ფული კეთდებოდა 90-იანი წლების რუსეთში. სარჩელში, რომელიც საჯარო დოკუმენტია, დეტალურად არის აღწერილი ბერეზოვსკის, აბრამოვიჩისა და პატარკაციშვილის ურთიერთობა და, მეორე მხრივ, კრემლის პოლიტიკა.

დეტალებზე არ შევჩერდები. აღვნიშნავ, რომ „ნოვაია გაზეტა“ მოგვითხრობს, თუ როგორ ხდებოდა აქციათა განაწილება კომპანიების შექმნამდე და როგორ მონაწილეობდა კრემლის პოლიტიკა კერძო კაპიტალის ფორმირებაში. მარტივად რომ ითქვას, როგორ თანხმდებოდა კრემლის მმართველობასთან სახელმწიფო საკუთრების გადანაწილება კერძო ხელში, როგორ გაიცემოდა ნებართვები და, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, როგორ ხდებოდა ოლიგარქების დაპატიმრება. კიდევ უფრო მარტივად თუ ვიტყვით, როგორ იქმნებოდა ხელოვნურად საბაზრო ეკონომიკა და რა მეთოდებით მართავდა კრემლი ამ პროცესს. მორჩილთა მოზრდილი წილი, ურჩთა პატიმრობა. ეს ორი უკიდურესობაა. „ნოვაია გაზეტას“ მიხედვით, იყო რუხი ფერებიც - მაგალითად, დაპატიმრების შიშით, აქციებს გადასცემდნენ ხოლმე კრემლთან ყველაზე ახლოს მდგომ პირებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბერეზოვსკი, როგორც დამოუკიდებელი ბიზნესმენი, აბრამოვიჩს ვლადიმირ პუტინის ინტერესების სასარგებლოდ მისი ბიზნესინტერესების დევნაში ადანაშაულებს. ამავე თემაზე რუსი ბიზნესმენის ევგენი ჩიჩვაკინის ციტატას გაგაცნობთ. ინტერვიუ ლონდონში მიმდინარე სასამართლო გარჩევასთან დაკავშირებით ჩიჩვაკინისგან რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა აიღო. მის ნათქვამს „ნოვაია გაზეტა“ აქვეყნებს:

” ორი კონკრეტული ადამიანი აქ არაფერ შუაშია. საზოგადოება პუტინისთვის მზად რომ არ ყოფილიყო, ის პუტინს არ აირჩევდა, რაც არ უნდა ეცადა აბრამოვიჩს. პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა საზოგადოების თავისუფლებისთვის არამზაობამ და შინაგანმა საბჭოელობამ. არ იქნებოდა აბრამოვიჩი და პუტინი, იქნებოდა რაბინოვიჩი და მუტინი.”

როკ ჯგუფი დდტ, პინკ ფლოიდის კედლის თემატიკითა და ვიდეოგაფორმებით, უზარმაზარ ეკრანზე პეტერბურგში ახალ, მათი თქმით, ფილოსოფიურ ალბომს სთავაზობს მსმენელს. ერთ-ერთი სიმღერის ტექსტის უხეში თარგმანი ასე ჟღერს: ”კომუნიზმში ადამიანი იდენტობას კარგავდა, ბატალიონებს ეს არ სჭირდებოდათ… კაპიტალიზში ადამიანი ნივთია…ყოველ ნივთს კი ქურდიც უჩნდება…”
XS
SM
MD
LG