Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სისტემის მიმართ დამოკიდებულების ფუნდამენტური ცვლა


სიმონ ჯანაშია
სიმონ ჯანაშია
სიმონ ჯანაშია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკული გამოცდილება აქვს მიღებული საქართველოს განათლების სისტემაში, საუბრობს მსოფლიოში განათლების სისტემაში მიმდინარე ფუნდამენტურ ცვლილებებსა და იმ შესაძლო გავლენაზე, რომელსაც ეს ცვლილებები საქართველოს განათლების სისტემაზე მოახდენს. სიმონ ჯანაშიას თბილისის სტუდიაში დათო ჩაგანავა ესაუბრა.

სიმონ ჯანაშია: საერთოდ საკითხავია, მომავალში რამდენად შეინარჩუნებენ უმაღლესი სასწავლებლები იმ ფუნქციას, რაც ჰქონდათ აქამდე. შეიძლება სულაც აღარ იყოს საჭირო რაღაცა მიმართულებით ხარისხის ქონა, რასაც ვხედავთ, ვთქვათ, ტექნოლოგიების მიმართულებით. იმავე google-ის თანამშრომლებს თუ შევხედავთ, იქ არის სასკოლო განათლების მქონე ადამიანებით დაწყებული, სადოქტორო ხარისხის მქონე ადამიანებით დამთავრებული და შეიძლება ხშირად თანაბრად წარმატებული იყოს ეს ორი ადამიანი, ანუ შეიძლება ჩვიდმეტი წლის ადამიანმა იგივე გააკეთოს, რასაც აკეთებს ორმოცი წლის ადამიანი.

რადიო თავისუფლება: ამ ზოგადმა მსოფლიო ტენდენციამ, იმან, რასაც აკადემიურ ’ინფლაციას’ ეძახიან მსოფლიოში[როცა აკადემიური ხარისხების და დიპლომების გაუფასურება ხდება], რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს განათლების სისტემაზე?

სიმონ ჯანაშია: საქართველოში რეალურად საზოგადოებაში არსებობს (რაღაც ნაწილში) უმაღლესი განათლების მიმართ მოთხოვნილება და ეს არ მოდის მაინცდამაინც დამსაქმებლებისგან. დასავლეთში, პირიქით, დამსაქმებლები ითხოვენ უფრო და უფრო მაღალ ხარისხს და ეს გარკვეული ტიპის სფეროებია, ვთქვათ, ისეთი ტექნოლოგიები, როგორიც არის Google. ზოგადად, ტენდენციურად რაც უფრო იზრდება მოთხოვნა გარკვეულ სფეროზე, მით უფრო იზრდება ხარისხი და, პირიქით, რაც უფრო მეტია სამუშაო ადგილი, მით უფრო ვარდება მოთხოვნა კონკრეტულ განათლებაზე. თუ, ვთქვათ, მე ვეძებ პროექტების მენეჯერს და ერთ ადგილზე მოდის სამასი კაცი, მე ვეძებ მათ შორის რომელია უფრო განათლებული[ანუ რომელს აქვს აკადემიური განათლების მაღალი ხარისხი, რომელია დოქტორი, მაგისტრი, ბაკალავრი…] მაგრამ თუ მაქვს სამასი ადგილი და მხოლოდ ორასი ადამიანია, ამ შემთხვევაში უკვე სულ ერთია ვის რა აქვს დამთავრებული და მაშინ უკვე ვიწყებ იმაზე ზრუნვას, რომ შევქმნა ჩემი გადამზადების სატრენინგო პროგრამები ჩემი ორგანიზაციის შიგნით და ასე ვცვლი, საბოლოო ჯამში, განათლების სისტემას [ანუ ბაზარი უსწრებს აკადემიას და აჩენს მოთხოვნას მანამ, სანამ აკადემია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებდეს]. ანუ სკოლადამთავრებულს შეუძლია მოვიდეს ჩემთან, მე ვხარჯავ ფულს საკუთარი კადრის გაზრდაზე და შემდეგ ეს ადამიანი მუშაობს ჩემთან. ამას ემატება კიდევ ერთი მსოფლიო ტენდენცია, რომ ადამიანები ძალიან სწრაფად იცვლიან სამუშაო ადგილებს და მიმართულებებს. შესაბამისად, ძალიან სწრაფად სჭირდებათ ახალი უნარების შეძენა და უფრო მნიშვნელოვანი ხდება პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ლოკალური პროგრამები, ვიდრე უმაღლესი განათლება. უმაღლეს განათლებაში, თავის მხრივ, უფრო მნიშვნელოვანი ხდება ზოგადი განათლება და არა ვიწრო სპეციალიზაცია. ამიტომ, პრინციპში, ეკონომიკის განვითარებაზე უფრო მეტია დამოკიდებული, ვიდრე საზოგადოების სურვილებზე ან სახელმწიფოს რაღაცა მოქმედებებზე. ანუ ეკონომიკა თუ იქნება ისეთი, სადაც ადამიანები სწრაფად იცვლიან სამუშაო ადგილებს, მაშინ განათლებაშიც გაჩნდება შესაბამისი ტენდენციები. სისტემა შეიცვლება. უფრო ზოგადი გახდება ბაკალავრიატი, უფრო ტექნიკური გახდება მაგისტრატურა, სადოქტორო პროგრამებზე მომავალში ნაკლები მოთხოვნა იქნება.

რადიო თავისუფლება: ანუ ხუთ წელიწადში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს…

სიმონ ჯანაშია: ხუთ წელიწადში, ერთი, რომ ყველაფერი შეიცვლება, მეორე, სადოქტორო ხარისხი ძალიან დიდი ინვესტიციაა. ანუ რეალურად, თუ გინდა რომ სადოქტორო პროგრამაზე ისწავლო, მთლიანად უნდა იყო დაკავებული კვლევით. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი ფული უნდა გქონდეს.

რადიო თავისუფლება: ეს პრაქტიკულ დონეზე რას ნიშნავს? ანუ ეს ტენდენციები, შეიძლება ნიშნავდეს ერთ უნივერსიტეტს (ანუ ნაკლებ უნივერსიტეტს რაოდენობრივად) და ბევრ გადამზადების მექანიზმს, რომელიც ადამიანებს დაეხმარება ცვალებად ბაზართან ადაპტირებაში?

სიმონ ჯანაშია: აუცილებლად გაჩნდება მოთხოვნა სწრაფ კურსებზე, ანუ ერთთვიან, ორთვიან, სამთვიან კურსებზე, რომლებიც ძალიან კონკრეტულ უნარს განგივითარებს და ძალიან სპეციფიკური ინსტრუმენტების გამოყენებას გასწავლის, ანუ ეს იქნება მოთხოვნილი. მეორე, იქნება მოთხოვნა ტრანსფერულ უნარებზე, როგორიცაა უცხო ენის ცოდნა, კომპიუტერის ცოდნა, რაც საბაზისოა ბევრი სპეციალობისთვის, და აქ უკვე ბაკალავრიატი იმუშავებს ძირითადად ასეთი უნარების განვითარებაზე. ანუ არა იმაზე, რომ მაინცდამაინც გასწავლოს ერთი კონკრეტული აპარატის გამოყენება, არამედ გასწავლოს ზოგადად აპარატებთან მუშაობა. ვთქვათ, არა გასწავლოს ერთი ტიპის დაწესებულებაში მუშაობა, მაგალითად, მართვა ერთი ტიპის დაწესებულების, არამედ გასწავლოს მართვის ზოგადი პრინციპები, ინსტრუმენტები, კვლევის უნარები და მონაცემებთან ურთიერთობის უნარები.

რადიო თავისუფლება: ანუ, საბოლოო ჯამში, ყველაფერს ბაზარი გადაწყვეტს?

სიმონ ჯანაშია: რა თქმა უნდა. ბაზარი არის ძირითადი განმაპირობებელი იმისა, თუ რა შინაარსს დებენ უმაღლესებში. მაგრამ არსებობს პრობლემა, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში ჩართული ადამიანები ვერ ახერხებენ ხშირად იმის გაგებას, თუ, მაგალითად, ბაზარზე რა მოთხოვნილებაა. ამიტომ ჩნდება ალტერნატივები. ანუ ძალიან ცოტა პროფესორს აქვს რეალური შეხება ბაზართან. მაგალითად, როცა ასწავლი საინჟინრო სპეციალობაზე, მნიშვნელოვანია იცოდე როგორ შენდება დღეს გზა და არა როგორ შენდებოდა გზა მაშინ, როცა შენ მუშაობდი ინჟინრად - მანამ, სანამ წახვიდოდი აკადემიურ სფეროში.

რადიო თავისუფლება: ბაზარზეც, გარკვეულწილად, გავლენას სახელმწიფო (ლოკალური) პოლიტიკა ახდენს, არა? სხვაგვარად, მაგ მიდგომით გამოდის, რომ ჰომოგენური მასა იქმნება საზღვრებს მიღმა…

სიმონ ჯანაშია: სახელმწიფო ვერ განსაზღვრავს, რადგან სახელმწიფო ვერ მოასწრებს ამ მსოფლიო ტენდენციების აღქმას. მაგალითად, ძალიან ბევრი მიმართულებით, კომუნიკაციის ტექნოლოგიების განვითარების გამო, შესაძლებელი ხდება, ვთქვათ, შენ იმუშაო კორპორაციაში, რომელიც სხვა ქვეყანაშია განლაგებული. ანუ შენ შეიძლება საქართველოში მუშაობდე რომელიმე ბრიტანული კომპანიისთვის…

რადიო თავისუფლება: ანუ თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფომ, იმის მაგივრად, რომ რეგულირებას ცდილობდეს, ბაზარი უნდა გახსნას ბოლომდე და განათლების სტრუქტურები თავისით ამოიძერწება, იქიდან გამომდინარე, რა საბაზრო მოთხოვნები არსებობს ამა თუ იმ ეტაპზე?

სიმონ ჯანაშია: სახელმწიფო ხდება ერთ-ერთი მოთამაშე ბაზარზე. ანუ ეს არ არის თავისუფალი ბაზარი, ასე ვთქვათ. ანუ სახელმწიფოებიც თამაშობენ ამ ბაზარზე, მათაც აქვთ თავიანთი შეკვეთები და მოთხოვნები, ისინიც მოიხმარენ რაღაც პროდუქტებს, ამ ბაზარზე არსებულს. ამასთან, ბაზარზე არიან ასევე მულტინაციონალური კომპანიები და ყოველთვის იარსებებს მცირე ბიზნესი, რომელიც არის ლოკალური.

რადიო თავისუფლება: საქართველოს სახელმწიფოს ბაზარზე რა მოთხოვნა აქვს? შეგვიძლია ვიხმაროთ ასეთი გამოთქმა: საერთაშორისო ბაზარზე საქართველო, როგორც მოთამაშე?

სიმონ ჯანაშია: რას ყიდულობს საქართველოს მთავრობა? მაგალითად, ეს არის ცოდნა, იარაღი. აი, მაგალითად, ხშირად ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰყავს პიარის სფეროში უცხოელები დაქირავებული. რატომ ჰყავს უცხოელები და არა ქართველები? იმიტომ, რომ ცოდნა აქვთ მათ უფრო მეტი და გამოცდილება. ანუ საქართველოს მთავრობა ყიდულობს რაღაც ცოდნას საზღვარგარეთ.

რადიო თავისუფლება: რამდენად ყიდულობს გრძელვადიანი პოტენციალის მქონე ცოდნას?

სიმონ ჯანაშია: ყიდულობს, მაგალითად, უცხოელი კონსულტანტების ცოდნას, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად სჭირდება. მაგალითად, სამხედრო სფეროში არსებობენ უცხოელი კონსულტანტები. ვთქვათ, სოფლის მეურნეობაშიც ჩანს, რომ უცხოელი კონსულტანტები ეხმარებიან რაღაც პროდუქტების შემოტანაში. განათლებაშიც იგივე ხდება - რეფორმის დაწყების წინ იყვნენ იმავე ჰარვარდის პროფესორები, რომლებიც მუშაობდნენ დაფინანსების სისტემაზე, თვითმმართველობის სისტემაზე და სხვა. ეს - გრძელვადიანი და მოკლე ვადიანიც. იმავე ხიდის ასაშენებლადაც ჰყავთ უცხოელები ჩამოყვანილი, მაგრამ რეალურად გრძელვადიანი, რა თქმა უნდა, იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხიდს ააშენებ ისე, რომ აქ შეიქმნას ადამიანური, ინტელექტუალური ბაზა, რომ ცოდნა დარჩეს და ასეთივე ხიდის აშენება შემდგომშიც იყოს შესაძლებელი დამოუკიდებლად. რამდენად კეთდება ეს? არ ვიცი, რთული საკითხია.
XS
SM
MD
LG