Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამაში სიმინდის ყანაში


აგრარული კომპანიის „კარტლის“ პრესკონფერენცია
აგრარული კომპანიის „კარტლის“ პრესკონფერენცია
საქართველოს მთავრობა კმაყოფილებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოტანილი ჰიბრიდული სიმინდის დათესვის გამო. ოფიციალური მონაცემებით, „პიონერის“ სიმინდმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა როგორც მოსავლის რაოდენობა, ასევე მიღებული მარცვლის ხარისხობრივი მაჩვენებელი, თუმცა, როგორც 27 სექტემბერს პარლამენტში გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, ასეთი ვითარება ყველა რაიონში როდია. დეპუტატთა მტკიცებით, მწირი მოსავლის გამო ბევრი ფერმერი ვერ ანაზღაურებს გაწეულ ხარჯს და ვერ ფარავს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებულ შეღავათიან კრედიტს.
ფარცხანაყანებში ყვითელი სიმინდის თესლში იმდენი ფული გადაიხადა ხალხმა და მოსავალი არ მოვიდა, არ ივარგა სიმინდმა...

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 2011 წელს 30 ათასი ჰექტარის შესაბამისი სათესლე მასალა შეიძინა, ექსპერიმენტულ ნაკვეთზე მოწეულმა მოსავალმა კი, როგორც აგრარული კომპანიის „კარტლის“ დირექტორი რობერტ რევია ამტკიცებს, ყოველ ერთ ჰექტარზე 15-16 ტონა შეადგინა:

„საშუალო სტატისტიკური მოსავალი საქართველოში შეადგენს 2,5 ტონას ჰექტარზე. ამასთან შედარებით, 10-15 ტონა ძალიან მაღალი მოსავალია. გარდა ამისა, ასეთი შედეგები ქართველ ფერმერს კონკურენტუნარიანს გახდის საერთაშორისო ბაზარზე.“
ჰიბრიდული სიმინდი

თუმცა, რობერტ რევიას სურვილის საწინააღმდეგოდ, ქართველ ფერმერებს ჯერჯერობით კონკურენციისა და დამკვიდრების პრობლემები აქვთ ადგილობრივ ბაზარზეც. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანების მკვიდრის ლამარა ნიქაბაძის თქმით, ჰიბრიდულმა სიმინდმა სოფლის მნიშვნელოვანი ნაწილი მოსავლის გარეშე დატოვა:

„ფარცხანაყანებში ყვითელი სიმინდის თესლში იმდენი ფული გადაიხადა ხალხმა და მოსავალი არ მოვიდა, არ ივარგა სიმინდმა, ზოგმა ტარო არ გაიკეთა, რომელმაც გაიკეთა, ნაქუჩალაა მსხვილი და კაკლებია ცოტა.“
უმძიმეს მდგომარეობაშია ასეულობით ფერმერი, რომელიც პრაქტიკულად გაკოტრებულია. სადღაც შეიძლება მართლაც მოვიდა 15 ტონა, მაგრამ იმ ხალხს რა, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, გაკოტრებულია...

უნდა ითქვას, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაში მხოლოდ ერთი სოფელი არ აღმოჩენილა. დეპუტატ გიორგი ახვლედიანის თქმით, მძიმე ვითარებაში არიან ფერმერები კახეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებშიც.

„ვიყავი კახეთში ჩასული... ერთ ფერმერს დაახლოებით 5 ჰექტარზე აქვს დათესილი „ტრადიციული სიმინდი“, რომელსაც 40 წელია ქართველი გლეხი თესავს და საიდანაც 6-7 ტონა მოსავალს ელოდება. იქვე გვერდზე 5 ჰექტარზე დათესილი აქვს ამერიკული „პიონერის“ სიმინდი, რომელიც არ მისცემს ფერმერს ხარჯის დაფარვის საშუალებას. არადა, დეკემბერში განვადებით აღებული თესლის საფასური უნდა გადაიხადოს. ასეთი ვითარებაა იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში... ასეთი შემთხვევები სანთლით საძებარი არაა!“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა პარლამენტის სხდომაზე.
წლის მოსავლის გარეშე დარჩენილი ფერმერის მოსაძებნად რომ სანთელი არაა საჭირო, ამას „თავისუფალი დემოკრატებიც“ ადასტურებენ. დავით ონოფრიშვილი, პარტიის ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს:

„უმძიმეს მდგომარეობაშია ასეულობით ფერმერი, რომელიც პრაქტიკულად გაკოტრებულია. სადღაც შეიძლება მართლაც მოვიდა 15 ტონა, მაგრამ იმ ხალხს რა, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, გაკოტრებულია. ერთია, რომ თესლის საფასური უნდა დაუბრუნოს სახელმწიფოს, მეორე კი ის ფუჭი ხარჯი, რომელიც მიწის დამუშავებასა და შხამქიმიკატების შეძენაში გასწია. ეს თანხა ერთ ჰექტარზე 500-დან 1000 ლარს შეადგენს. ვინ აანაზაღაურებს ამ თანხას?“

ვინ აანაზღაურებს ზარალს? ამ კითხვის პასუხად სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში აცხადებენ, რომ სპეციალისტები გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა შემთხვევას დაწვრილებით შეისწავლიან. მინისტრის მოადგილის კონსტანტინე კობახიძის მტკიცებით, მთლიანობაში, სიმინდის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა წარმატებით ხორციელდება.
„ჩვენ აღნუსხული გვაქვს ყველა ფერმერი, რომელსაც პრობლემა შეექმნა. ამბობენ, ასეულობით არიანო... მაჩვენონ სია და იმ ხალხის სახელები და გვარები, ვისაც მოსავალი გაუფუჭდა. ჩვენ მონიტორინგი გაკეთებული გვაქვს. რაც შეეხება გადახდას, თუ იქნება მოსავლის დაკარგვის ობიქტური მიზეზი, ანუ თუ მათგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო გაფუჭდა მოსავალი, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ როგორც თესლის ღირებულების, ასევე, საერთოდ, ზარალის ანაზღაურების საკითხი“, უთხრა კონსტანტინე კობახიძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტრომდე მოსავლის გარეშე დარჩენილი ფერმერების საკითხს პარლამენტში განიხილავენ. 30 სექტემბერს აგრარულ საკითხთა კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს ბაკურ კვეზერელს ელიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG