Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟან მიშელ ჟარი - ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი


ჟან მიშელ ჟარის კონცერტი ჰიუსტონში. 1986 წელი, 5 აპრილი
ჟან მიშელ ჟარის კონცერტი ჰიუსტონში. 1986 წელი, 5 აპრილი
დღევანდელი ”მუსიკა, მუსიკა” შეეხება ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ პიონერს, ადამიანს, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ამ ჟანრის პოპულარიზაციაში - ჟან მიშელ ჟარს. დღეს, სხვათა შორის, მისი დაბადების დღეა - 63-ის შესრულდა. მას არასოდეს სწყალობდნენ მუსიკალური კრიტიკოსები - ითვლებოდა, რომ მისი მუსიკა არასერიოზული, მეტისმეტად მსუბუქი და ზედაპირულია. თუმცა ის უყვარდა პუბლიკას - 80 მილიონი გაყიდული ალბომითა და სინგლით, ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრანგი მუსიკოსია.

ითვლება, რომ ელექტრონული მუსიკა პირველად გერმანიაში ჩაისახა. ამ ჟანრის გზისმკვლევებად ასახელებენ ხოლმე ტენჯერინ დრიმს, ქენს, ნოის, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც კრაფტვერკს.

მართლაც, უდავოა, რომ ამ გერმანულ ჯგუფებს უდიდესი გავლენა ჰქონდათ ელექტრონული მუსიკის განვითარებაზე. თანამედროვეობის თითქმის ყველა დიდი ჯგუფი თუ შემსრულებელი, ვისაც შეხება მაინც აქვს ელექტრონულ მუსიკასთან, სწორედ კრაფტვერკს ასახელებს ხოლმე შთაგონების წყაროდ და თითქმის არავინ არასოდეს ახსენებს ჟან მიშელ ჟარს. ეს, იმის მიუხედავად, რომ მას მეტი ალბომი აქვს გაყიდული, ვიდრე ყველა ამ გერმანულ ჯგუფს, ერთად აღებულს. ჟან მიშელ ჟარი არასოდეს ყოფილა დაფასებული კრიტიკოსების მიერ. ალბათ, სამართლიანადაც - ხარისხითაც და მნიშვნელობითაც მისი შემოქმედება ახლოსაც ვერ მივა ელექტრონული მუსიკის სხვა პიონერებთან. სამაგიეროდ, დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ მსმენელი მიეჩვია ამ ტიპის მუსიკას. ანუ მუსიკოსებზე გავლენა მას, როგორც ჩანს, მაინცდამაინც არ მოუხდენია, მაგრამ პუბლიკა კი მიაჩვია იმ დროისათვის უცხო საუნდს.

ჟან მიშელ ჟარი 1948 წლის 24 აგვისტოს დაიბადა. ის ბავშვობიდან უკრავდა და ამბობს, რომ ყველაზე დიდი გავლენა მასზე მოახდინა სიარულმა ერთ-ერთ პარიზულ ჯაზკლუბში, სადაც ხშირად გამოდიოდნენ მსოფლიოს საუკეთესო ჯაზმენები, მათ შორის, ჩეტ ბეიკერი და ჯონ კოლტრეინი. მაშინ მივხვდი, რომ გრძნობების გადმოსაცემად მუსიკალურ კომპოზიციას სიტყვები არ სჭირდებაო, იხსენებს ის. თუმცა მისი ინტერესები მალე გასცდა ჯაზს - მან დაიწყო ექსპერიმენტირება რადიომიმღებების ხმის დასამუშავებლად, ჭრიდა და აწებებდა მუსიკალურ ფირებს, რათა უჩვეულო ხმა მიეღო. ბოლოს კი მუგის სინთეზატორი აღმოაჩინა - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ელექტრონული მუსიკის ისტორიაში.

წარმატებას ჟარმა 1976 წელს მიაღწია, როდესაც მისი ალბომი - „ოქსიჯენი“ („ჟანგბადი“) - გამოვიდა. მასში შესული იყო 6 ტრეკი, რომელსაც სათაურების ნაცვლად ნომრები ჰქონდა მინიჭებული, ანუ ექსიჯენ 1, 2 და ასე შემდეგ. ძირითადი აქცენტი მელოდიაზე იყო გაკეთებული და არა რიტმზე ან დისონანსზე. აქ არის შესული ჟარის, ალბათ, ყველაზე ცნობილი კომპოზიცია, ოქსიჯენ 4.

შემდეგი ალბომი, რომელსაც „ეკვინოქსი“ ერქვა, მთლად ისე კარგად არ გაყიდულა, როგორც „ოქსიჯენი“, მაგრამ მაინც წარმატებული აღმოჩნდა. ამას დაემატა ისიც, რომ ჟან მიშელ ჟარმა დაიწყო თავისი მუსიკის კონცერტებზე შესრულება. კონცერტები კი მას მართლაც შთამბეჭდავი ჰქონდა - მონაწილეობას იღებდა რამდენიმე ათეული მუსიკოსი, თან ახლდა თვალისმომჭრელი შოუ, ჯერ არნახული განათებებით, ლაზერებით, ფოიერვერკებით და ასე შემდეგ. მის პირველ ამგვარ კონცერტს, რომელიც პარიზში ბასტილიის დღეს ჩატარდა, მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო. ჟარის შემდგომი პოპულარობა სწორედ მისმა ცოცხალმა შესრულებებმა განაპირობა - ის იყო, მაგალითად, პირველი მუსიკოსი დასავლეთიდან, ვისაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ დართო ნება, რომ ტურნე მოეწყო. იქ მან რამდენიმე ქალაქში დაუკრა - ყველაზე დიდი კონცერტი კი შანხაიში ჩაატარა.

საერთოდ, მილიონი დამსწრე ჟან მიშელ ჟარის კონცერტზე ჩვეულებრივი ამბავია - ის, როგორც წესი, მთელ ქალაქს იყენებს ხოლმე ფონად, სადაც როგორც უკვე ვთქვი, ფოიერვერკები ეწყობა, ლაზერით ნათდება მთელი უბნები და დროებით სახეს იცვლის მონუმენტები. ყველაზე დიდი კონცერტი ჰქონდა 1997 წელს მოსკოვში, სადაც მის კონცერტს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, სამ-ნახევარი მილიონი ადამიანი დაესწრო - ითვლება, რომ ეს ყველა დროის ყველაზე დიდი კონცერტია, კონკურენციას მხოლოდ როდ სტიუარტის კონცერტი უწევს კოპაკაბანას პლაჟზე, რომელსაც ასევე სამ-ნახევარი მილიონი დაესწრო. ამ კონცერტებზე, როგორც წესი, შოუსთვის უფრო მიდიან, ვიდრე მუსიკის მოსასმენად და მუსიკაც შოუს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უფროა, ვიდრე, ასე ვთქვათ, მთავარი ატრაქციონი.

დღეს ჟან მიშელ ჟარის ფუტურისტული მუსიკა, ფუტურისტული - 70-იანი 80-იანი წლების სტანდარტებით, მოძველდა, მაგრამ თავისი საქმე გააკეთა. ჟან მიშელ ჟარის შემდეგ უფრო ადვილი მოსასმენი გახდა, მაგალითად, ბრიტანული ორბის და ორბიტალის მუსიკა, რომლებიც 90-იანი წლების ელექტრონული მუსიკის ავანგარდს ედგნენ სათავეში და რომელთა ცოცხალი კონცერტებიც ბევრს სესხულობდნენ ჟან მიშელ ჟარისგან. ელექტრონულ გიტარასა და დრამს მიჩვეული 70-იანი წლების პუბლიკა კი დიდწილად სწორედ ჟარმა მიაჩვია მელოდიურ სინთეზატორს. უკვე დამუშავებულ მსმენელს კი შემდეგ ბევრმა სხვა მუსიკოსმა შეაყვარა თავი. შემდეგ, სხვათა შორის, იგივე მუსიკოსები ჟარს ცხვირს უბზუებდნენ, უნდა ითქვას, სამართლიანადაც: ჟან მიშელ ჟარი უფრო შოუმენია, ვიდრე მუსიკოსი, მაგრამ მაინც...

დაბოლოს, ჟარის პოპულარობას ისიც უწყობდა ხელს, რომ სიმპათიური იყო. ქალებს მოსწონდათ. სამი ცოლა ჰყავდა, მათ შორის, ბრიტანელი მსახიობი შარლოტა რემპლინგი, რაღაც ხანი იზაბელ აჯანისთან ერთადაც დადიოდა. ბოლოს დაქორწინებული იყო კიდევ ერთ ფრანგ მსახიობზე, ენ პარილიოზე, რომელიც ნიკიტას როლითაა ცნობილი. შარშანწინ გაშორდნენ ერთმანეთს. ახლა ჟან მიშელ ჟარი 63 წლისაა - შესახედავად, ალბათ, ასე, 40-ის. ალბომებს დღემდე უშვებს. მათ ბევრი არავინ ყიდულობს, მაგრამ, აი, კონცერტები სხვა საქმეა. კონცერტებზე დღემდე ათიათასობით მიდიან.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG