Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტურუა გაუშვეს, ბიწაძეს დაუსწრებლად 5 წელი მიუსაჯეს


კვირა დაიწყო იმით, რომ დევნილებს კიდევ ერთი კომპაქტურად ჩასახლების ადგილი დააცლევინეს. ამჯერად ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობა დაცარიელდა. 300-მდე დევნილი ოჯახიდან ნაწილმა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი წინა კვირას დატოვა, დარჩენილ 40 ოჯახს კი შენობა პოლიციის ზეწოლით ორშაბათს დაატოვებინეს. განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს შეთავაზებას, ანუ 10 ათასი დოლარის ეკვივალენტს ლარში, 142 ოჯახი დასთანხმდა, ნაწილმა კი ამ შეთავაზებაზეც უარი თქვა. დევნილების განცხადებით, თითქმის არც ერთი ოჯახი არ დასთანხმდა სამინისტროს მეორე შეთავაზებას - გადავიდნენ ქალაქ რუსთავში, კომპაქტური ჩასახლების ახალ ობიექტზე, ნოემბერში, მანამდე კი ქირით იცხოვრონ. თავად სამინისტრომ ეს პროცესი საარჩევნო დაპირების ასრულებად მოიხსენია. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

”დასრულდა 20-წლიანი ტანჯვა იმ ადამიანებისა, ვინც ამ ჯოჯოხეთურ და ანტისანიტარიულ პირობებში ცხოვრობდა სასტუმრო "აფხაზეთში". სამინისტრომ აუსრულა მათ წინასაარჩევნო დაპირება და სამინისტროს შუამდგომლობითა და ფასილიტაციით შენობის მეპატრონემ ამ ადამიანების ნაწილს გადაუხადა 10 000 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარებში), მეორე ნაწილს კი, ვისაც სურვილი ჰქონდა, შესთავაზა ბინა რუსთავში.”

ორშაბათსვე საქართველოს კულტურის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა, თუმცა ცნობა ამის შესახებ ორი დღის შემდეგ გავრცელდა. პირველად ეს ინფორმაცია ხალხს თავად რობერტ სტურუამ აცნობა, სოციალური ქსლის მეშვეობით. კულტურის სამინისტროს პირველ დღეს კომენტარი არ გაუკეთებია და ქართული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ გაუქმდა ზოგადად სამხატვრო ხელმძღვანელის შტატი, რომ ეს ცვლილება მხოლოდ სტურუას კი არა, ყველა ქართული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს შეეხო და ა. შ.. თუმცა კულტურის მინისტრმა მომდევნო დღეს განცხადება გააკეთა და გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა.

მითქმა-მოთქმა ამ თემასთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე გრძელდებოდა. ხუთშაბათს კულტურის სამინისტროსთან აქციაც ჩატარდა, რომელშიც რუსთაველის თეატრის მსახიობები და პოლიტიკოსებიც იღებდნენ მონაწილეობას მოთხოვნით, აღედგინათ სამსახურში რობერტ სტურუა. პარალელურად ვრცელდებოდა ხმები, რომ სტურუა რუსეთში წავიდოდა და იქ ტაგანკის თეატრს ჩაუდგებოდა სათავეში. თავად რჟისორმა ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელთან, იური ლიუბიმოვთან. სტურუას თქმით, მან მოსკოვის რამდენიმე თეატრისგან მიიღო წინადადება, მაგრამ მას დრო ესაჭიროება გადაწყვეტილების მისაღებად.

რადგან რუსეთი ვახსენეთ, აქვე, სულ სხვა საკითხთან დაკავშირებით, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გასულ კვირას კვლავ წამოიჭრა ”ბორჯომის” რუსულ ბაზარზე დაბრუნების თემა. რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური „როსპოტრებნადზორი“ განიხილავს საქართველოში წარმოებული მინერალური წყლის, „ბორჯომის“, რუსეთში შეტანის შესაძლებლობას. ონიშჩენკოს მტკიცებით, ფედერალურ სამსახურს ამგვარი თხოვნით ერთ-ერთმა კომპანიამ მიმართა, თუმცა თავად „ბორჯომის“ მწარმოებელ კომპანია „IDS - ბორჯომში“ ირწმუნებიან, რომ რუსეთისათვის მსგავსი თხოვნით არ მიუმართავთ.

გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სასამართლო გამოძიება სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მეუღლეს, ბადრი ბიწაძეს, ბრალად ედებოდა პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზება. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიწაძეს ბრალი 30 მაისს წაუყენა. პროცესი მის დაუსწრებლად მიმდინარეობდა, რადგან ბიწაძე მიმალვაშია. განაჩენის გამოცხადებამდე ნინო ბურჯანაძემ სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა, პროცესს კი ფარსი უწოდა:

საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს ბადრი ბიწაძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ბიწაძის ადვოკატებს შეუძლიათ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ ერთი თვის ვადაში.“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მისი მეუღლის, ბადრი ბიწაძის, საქმე, 26 მაისის საპროტესტო აქციების გამო დაკავებული სხვა პირების საქმეების მსგავსად, სტრასბურგის სასამართლომდე მივა და სრული გამარჯვებით დასრულდება.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG