Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა ”აფხაზეთიდან” დევნილთა გამოსახლება


ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა გამოსახლება დასრულდა თბილისში მდებარე სასტუმრო ”აფხაზეთიდან,” რომელსაც კომპაქტური ჩასახლების ობიექტის სტატუსი ჰქონდა და ივლისის ბოლოს შეიძინა კერძო ინვესტორმა.

პოლიციის მონაწილეობით დღეს შენობა დაატოვებინეს 40-მდე ოჯახს, კიდევ 140-ზე მეტმა კი, სასტუმრო მანამდე დატოვა და დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს - 10 000 დოლარის კომპენსაციას, ან რუსთავში, ჯერჯერობით დაუსრულებელ შენობაში 3 თვის შემდეგ გადასვლას.

სასტუმრო ”აფხაზეთიდან” დღეს გასახლებულმა დევნილებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ იძულებულნი იყვნენ ახალი საცხოვრებლის შესაძენად არასაკმარის საკომპენსაციო თანხას დათანხმებოდნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევში, მისი დაკარგვითაც დაემუქრნენ.

ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა თქმით, მათი უმრავლესობა თბილისშია დასაქმებული, ამიტომ რუსთავში საცხოვრებლად გადასვლა დამატებით ხარჯთან იქნება დაკავშირებული.

სასტუმრო ”აფხაზეთთან” დღეს შეიკრიბნენ რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ხელისუფლების მოქმედება არა დევნილთა განსახლება, არამედ დეპორტაცია და მათი უფლებების დარღვევაა, რადგან პროცესი ნებაყოფლობითი არ ყოფილა და ვერც გამოსახლებულთა უმრავლესობის პირობებს გააუმჯობესებს.
XS
SM
MD
LG