Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2 აგვისტო, 2011


ტყუილის რეიტინგი „ნოვაია გაზეტაში“. „ვინ თქვა ყველაზე დიდი ტყუილი ივლისის თვეში?“ - ასეთია შეკითხვა „ნოვაია გაზეტას“ ვებგვერდზე. - პასუხებში დასახელებულები არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი. დასახელებულია კიდევ ოთხი მაღალჩინოსანი. ამ ეტაპისთვის „ნოვაია გაზეტას“ მკითხველთა 65 პროცენტი ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი ტყუილი ივლისის თვეში ვლადიმირ პუტინმა თქვა, როცა მან საკუთარი პერსონის დადებით როლზე ისაუბრა რუსეთის ისტორიაში.

ვიაჩესლავ კოსტიკოვის საინტერესო წერილში, რომელიც ’არგუმენტი ი ფაქტიში’ გამოქვეყნდა სახელწოდებით ”სალამი კავკასიიდან”, საუბარია იმ პოლიტიკურ სტრატეგიაზე, რომლითაც რუსეთი, მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემის მოგვარებას ცდილობს და იყენებს ხან მუშტის, ხანაც დაყვავების პოლიტიკას. ავტორის თქმით, მუშტის პოლიტიკამ ვერ იმუშავა, თუმცა დაყვავების პოლიტიკაც ვერ მუშაობს და, აი, რატომო: ავტორი ერთ შეუსაბამობას უსვამს ხაზს. მაგალითად, ჩეჩნეთის ომის დროს, როცა ჩეჩნეთი ითხოვდა დამოუკიდებლობას და რუსეთი, ავტორის თქმით, ეუბნებოდა, ”არ გაგიშვებო”, საზოგადოებრივი განწყობა რუსეთში იყო: ”ჩეჩნეთი რუსეთია”… დღეს, როცა ჩეჩნეთში წინააღმდეგობა ჩაკლულია და მისი პრეზიდენტი ღიად ეფიცება რუსეთს ერთგულებას და ამბობს, რომ ჩეჩნეთი რუსეთია, რუსეთის მოსახლეობის სულ უფრო მზარდი ნაწილი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კავკასია უნდა იყოს დამოუკიდებელი, უფრო სწორად, უნდა გამოეყოს რუსეთის ფედერაციას. დიახ, ავტორის მიერ მოყვანილი კვლევის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის სამოცი პროცენტი მომხრეა კავკასიელ ხალხთა დამოუკიდებლობისა. ამ შეუსაბამობის ანალიზისას ავტორი ხაზს ერთ ფაქტორს უსვამს. ჩრდილოეთ კავკასია რუსულ დოტაციაზეა და დოტაციური ფულის 90 პროცენტი კი მიდის მცირე ჯგუფების კეთილდღეობაზე, მცირე ჯგუფებისა, რომლებიც აკონტროლებენ დიდ ჯგუფებს, თუმცა არა მარტო აკონტროლებენ დიდ ჯგუფებს ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ რუსეთში აკონტროლებენ საკუთრებისა და ბაზრის საკმაოდ მოზრდილ ნაწილს. შეკითხვა, რომელიც, ავტორის აზრით, რუსეთის მოქალაქეს უჩნდება, განსაკუთრებით ღარიბ რეგიონებში, არის: რატომ ცხოვრობს ჩემზე უკეთ ხალხი, რომელიც ჩემი ბიუჯეტიდან გადახდილი დოტაციით არსებობს? დიახ, სწორედ ამ შეუსაბამობით ხსნის ავტორი იმ ფაქტს,რომ რუსეთის მოქალაქეთა მზარდი ნაწილი კავკასიის დამოუკიდებლობას ემხრობა, რაც ნიშნავს დამოუკიდებლობას ფინანსური დამოკიდებულებებისგანაც.
დღევანდელი ინტერფაქსი წერს პლატონ ლებედევის ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობაზე. შეგახსენებთ, რომ ივნისის თვეში პლატონ ლებედევი და მიხეილ ხოდორკოვსკი კოლონიებში ცალ-ცალკე გადაიყვანეს. ხოდორკოვსკის მიერ ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნას უკვე ივლისის თვეში პრობლემები შეექმნა, რადგან, როგორც გაირკვა, დოკუმენტაცია არასწორი მისამართით იყო გაგზავნილი. თუმცა მოგვიანებით ხოდორკოვსკის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხოდორკოვსკის დიდად არც სურდა დროზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნა. ლებედევის გათავისუფლებაზე სასამართლომ უარი განაცხადა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლებედევის დისციპლინა იყო, უფრო სწორად, უდისციპლინობა. კოლონიის წარმომადგენლებმა სასამართლოს ლებედევის შემდეგნაირი საინტერესო დახასიათება წარუდგინეს:

”აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებზე რეაგირებს პოზიტიურად, თუმცა ყოველთვის სწორად არ ესმის ისინი. ყოველთვის არ მისდევს შინაგანაწესს. სხვა პატიმრებისგან თავი შორს უჭირავს. დანაშაულს არ აღიარებს და მიაჩნია, რომ სასჯელი მკაცრი და უსამართლოა. ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ პატიმარი გამოსწორების გზაზე არ დგას.”

შეგახსენებთ, ეს არის სიტყვები ნომერ მეთოთხმეტე კოლონიის ადმინისტრაციისა, იმ კოლონიისა, სადაც პლატონ ლებედევი იხდის სასჯელს. ლებედევმა უარი ვადამდე გათავისუფლებაზე კიდევ ერთხელ გაასაჩივრა და არ დაეთანხმა დახასიათების განსაკუთრებით იმ ნაწილს, სადაც ნათქვამია, თითქოს მას სასჯელი მკაცრად და უსამართლოდ მიაჩნდეს:

”ვინ რა მკითხა მე ამ თემაზე? პირადად მე ეს ღიად არავისთვის მითქვამს”, - ამბობს ლებედევი ინტერფაქსის სტატიაში.
XS
SM
MD
LG