Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იურისტების ნაწილი სასამართლო გამჭვირვალობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს


ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა და კოალიციამ ”დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” პირველი ფორუმი გამართა, რომელიც სასამართლო გამჭვირვალობას მიეძღვნა. ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ USAID- ის შუამავლობით დაფინანსდა და მასში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე ექსპერტებმა. მათ სასამართლო სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე ისაუბრეს. მიუხედავად საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმისა, ფორუმის მსვლელობისას გამოიკვეთა არაერთი საკითხი, რომელიც სასამართლო სისტემის გამჭვირვალობას ხელს უშლის.

სასამართლო პროცესის გამჭვირვალობა, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სასამართლო სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც ფორუმის მონაწილეებმა ბევრი ისაუბრეს. ბევრი ითქვა იმაზეც, რომ სასამართლო რეფორმა საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს და ამას უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული არაერთი კვლევაც ადასტურებს. თუმცა ფორუმში მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და იურისტები კვლავაც მიუთითებენ იმაზე, რომ სასამართლო გამჭვირვალობის კუთხით მათ არაერთ სირთულესთან უწევთ ბრძოლა. ერთ-ერთ ასეთ საკითხად კი ადვოკატი მანანა კობახიძე სრულყოფილად შესრულებული სასამართლო ოქმების არარსებობას ასახელებს და ამბობს, რომ ამ ტიპის პრობლემას განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატები აწყდებიან. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მექანიზმად ის სასამართლო პროცესის აუდიოჩანაწერის გაკეთებას მიიჩნევს, თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ამის საშუალება მათ სასამართლოს მხრიდან არასდროს ეძლევათ:

იმდენად ბევრი მონაცემის დაშტრიხვა ხდება, რომ შინაარსსაც ვერ გამოიტან და აზრი ეკარგება ასეთი განაჩენის წაკითხვას ...
”თუკი დიდი საზოგადოებრივი ინტერესია, სასამართლოს უფლება აქვს სასამართლო თავადვე განახორციელოს. მაგალითად, მე მახსენდება საქმე, რომელიც ეხებოდა ტელეკომპანია ”კავკასიის” ინციდენტს. დარბაზი იყო სავსე, თუმცა სასამართლომ ჩაწერა არ განახორციელა. ჩვენ ვერასოდეს ვერ ვამტკიცებთ, რომ ოქმში ფაქტი არ იქნა სწორად შეტანილი. ეს არის ჯერჯერობით გადაუჭრელი პრობლემა, თუმცა შეგვპირდნენ, რომ იქნება იმის საშუალება, რომ მოხდეს სასამართლო პროცესების ტექნიკური საშუალებებით ჩაწერა.”

აღნიშნული პრობლემის შესახებ საუბრობს კიდევ ერთი იურისტი, სამოქალაქო ინიციატივებისა და დასაქმებულთა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე, მაია ლიპარტელიანი. ის ისეთ სასამართლო პროცესებსაც იხსენებს, რომლის დროსაც მოსამართლე დარბაზში მსხდომ საზოგადოებას ჩანაწერის ხელით გაკეთებასაც კი უკრძალავდა:

”ამ საკითხის მიმართ არ არსებობს ერთიანი მიდგომა. ყველა მოსამართლე თავისებურად განმარტავს. მარტივად რომ გითხრათ, კანონში წერია, რომ შესაძლებელია სტენოგრაფირება, ეს შეიძლება ტექნიკური საშუალებებითაც და ხელითაც. თუმცა ზოგიერთი მოსამართლე, მაგალითად, ხელით ჩაწერას მიიჩნევს სტენოგრაფირებად და კრძალავს, თუმცა კანონის ჩანაწერის ხელით გაკეთება აკრძალული არ არის”, - ამბობს მაია ლიპარტელიანი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც ყურადღებას ამახვილებენ იურისტები, სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობაა. როგორც ადვოკატი მანანა კობახიძე ირწმუნება, ხშირია შემთხვევა, როდესაც იურისტები ვერ ღებულობენ სასამართლო განაჩენის სრულ ვარიანტს. და ეს მაშინ, როდესაც კონკრეტული საქმეები არ ლახავს არავის პირად ინტერესს და, მით უმეტეს, არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებასო, ამბობს მანანა კობახიძე:

სასამართლოს გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა არის სასამართლო სისტემის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ხდება ყველა გადაწყვეტილების ელექტრონული დამუშავება. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მოიძიოს კონკრეტული გადაწყვეტილება...
”იმდენად ბევრი მონაცემის დაშტრიხვა ხდება, რომ შინაარსსაც ვერ გამოიტან და აზრი ეკარგება ასეთი განაჩენის წაკითხვას. მაქვს საქმე, სადაც, მაგალითად, პირი, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განაჩენი, რადგან მის მიმართ მოხდა დანაშაული, დაახლოებით ხუთი თვეა ვითხოვთ თბილისის საქალაქო სასამართლოსგან საქმის მასალებსა და დაუშტრიხავ საქმის მასალებს, მაგრამ დღემდე შედეგი არ არის.”

ასე ვთქვათ, სასამართლოს მიმართ აღნიშნული ბრალდების საპასუხოდ, გიორგი შავლიაშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს არის ერთეული შემთხვევები და მისი განზოგადება არ არის მართებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე საუბრობს იმ პოზიტიურ ძვრებზეც, რომელიც დღეს სასამართლო გამჭვირვალობის კუთხით ხორციელდება. მაგალითად, ეს არის ყველა სასამართლო გადაწყვეტილების ელექტრონულად დამუშავება და დაარქივება და მათი საძიებო სისტემაში ჩართვა. გიორგი შავლიაშვილი, ასე ვთქვათ, ერთი მარტივი ჭეშმარიტებით იწყებს საუბარს რადიო თავისუფლებასთან:

”სასამართლოს გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა არის სასამართლო სისტემის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ხდება ყველა გადაწყვეტილების ელექტრონული დამუშავება. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მოიძიოს კონკრეტული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ის მიიღებს დაშტრიხული ფორმით, ანუ იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდა მიეწოდოს კანონის თანახმად ინფორმაცია დაინტერესებულ პიროვნებას. შექმნილია მოცულობითი საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამა, რომლის შესაბამისად ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ონ-ლაინ რეჟიმში ექნება აღნიშნულ სისტემაში შესვლისა და ინფორმაციის მიღების უფლება. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომლის გაცემაც ნებადართულია”, - ამბობს გიორგი შავლიაშვილი.

სასამართლო რეფორმისათვის აუცილებელია მეტი გამჭვირვალობა და ნაყოფიერება, - ამ სიტყვებით მიმართა ფორუმის მონაწილეებს საქართველოში ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა და აღნიშნა,რომ წარმატებული რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ფაქტორი სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებაა. თუკი ელჩის სიტყვებს დავეყრდნობით, აუციებელია, რომ სასამართლო სისტემა, პირველ რიგში, საზოგადოებასთან იყოს ანგარიშვალდებული.
XS
SM
MD
LG