Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები განსხვავებულ გზებს ადგანან


ხელისუფლებასა და ოპოზიციური ”რვიანის” ორ წევრს, ”ახალ მემარჯვენეებსა” და ”ქრისტიან-დემოკრატებს” შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე გაფორმებული შეთანხმებისა და ”რვიანის” დაშლის შემდეგ ერთ თვეში ამ საკითხს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება: 26 ივლისს ბათუმში, პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, მან განაცხადა,
პირადად მე არ მომწონს დეპუტატების რაოდენობის გაზრდა, მაგრამ ეს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რასაც ხელისუფლება დასთანხმდაო.

”ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური შემობრუნება იყო ის, რომ რამდენიმე კვირის წინ ძირითად ოპოზიციურ პარტიებში მოხდა შეთანხმება საარჩევნო კოდექსის რეფორმირებაზე და ჩვენ დავთანხმდით ოპოზიციის მოთხოვნას, რაც პირადად მე მაინცდამაინც გულზე არ მხვდება. საუბარია დეპუტატების რაოდენობის გაზრდაზე. მე არ მომწონს ეს ფაქტი, მაგრამ ეს იყო ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომ შეგვეცვალა საარჩევნო სისტემა. მე ვიცი, რომ ჩვენი მეგობრის პარტია ითხოვს დეპუტატების რაოდენობის შემცირებას პოლონეთში და თუ ამას მიაღწევთ, ჩვენ ეს მხოლოდ შეგვშურდება. თუმცა ეს იყო ჩვენი კომპრომისი ოპოზიციასთან, რადგან გვსურს საარჩევნო სისტემა იყოს ისეთი, რომ რეზულტატი იყოს ლეგიტიმური და საქართველოს მთელი საზოგადოების ინტერესებს ითვალისწინებდეს.”

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და, ზოგადად, მიღწევებზე ლაპარაკს მოაყოლა.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან გაფორმებული შეთანხმების მთავარი მონაწილე პარტიის, ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, აზუსტებს, რომ ის, რასაც სააკაშვილი ხელისუფლების დათმობას უწოდებს, სინამდვილეში სწორედ ხელისუფლების შეთავაზება იყო და არა ოპოზიციის მოთხოვნა:

ის თავს იმართლებს და ამ არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში ბრალს სდებს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც მას ხელი მოუწერა...
”ის ფორმულა, რაც შეთანხმებაში აისახა, ანუ 107 პროპორციული წესით არჩეული და 83 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი, ეს იყო ხელისუფლების პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე. სწორედ იმის გამო, რომ სააკაშვილი ჯიუტად გადაეფარა არათანაბარ მაჟორიტარულ ოლქებს და არ დათმო ის, რომ ეს თანაბრობა აღმდგარიყო მაჟორიტარულ ოლქებს შორის და ყველ ოლქი დატოვა, მათ შორის 6000-იანი ყაზბეგიც და 163 000-იანი ქუთაისიც, სწორედ ამან გამოიწვია რიცხოვნობის გაზრდა, რაც სწორედ ხელისუფლებამ შემოგვთავაზა და რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა.”

პრეზიდენტის გამოსვლის ამ ნაწილს ტყუილს უწოდებს ყოფილი ”რვიანის” წევრი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილიც, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ დეპუტატების რაოდენობის გაზრდა ხელისუფლების წინადადება იყო, რაზეც ორი პოლიტიკური პარტია მაინც დათანხმდა:

”სააკაშვილმა, ცხადია, იცის, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, ამიტომ ის თავს იმართლებს და ამ არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში ბრალს სდებს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც მას ხელი მოუწერა იმ ცნობილ არასრულყოფილ შეთანხმებაზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ.”

შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ახალ მემარჯვენეებს პარლამენტის თავმჯდომარესა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელთან კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონდათ, რომელზეც სარედაქციო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ. ჯგუფმა შეთანხმებაში აღნიშნული კონკრეტული მუხლების კანონში უდანაკარგოდ გადატანაზე უნდა იმუშაოს. დაიგეგმა კიდევ ერთი შეხვედრა, ამჯერად მომავალი კვირის ორშაბათს, რომელზეც მიწვეულები არიან პროცესში ჩართული როგორც ადგილობრივი არასამთავრობო, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. მამუკა კაციტაძე იმედს გამოთქვამს, რომ ამ შეხვედრაზე უფრო კონკრეტულად გამოჩნდება, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს შეთანხმების ძირითადი პრინციპების კანონმდებლობაში გადასატანად და იქვე გაეცემა პასუხი ყველა კითხვას, რაც კი დარჩა შეთანხმების ცალკეულ პუნქტებთან დაკავშირებით:

”მაგალითად, რა იგულისხმება მონიტორინგის ან უწყებათაშორისო კომისიის მიღმა და რა სტატუსითა და რეგლამენტით უნდა იმუშაოს მან, ან როგორ უნდა გადამოწმდეს საარჩევნო სიები მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა ბიომეტრიული პარამეტრებით სიების დადგენაზე - ამ ყველა საკითხზე კითხვის დასმის თუ პასუხის გაცემის საშუალება ექნება ყველას - როგორც კომისიის წევრებს, ისე იქ მყოფ დანარჩენ საზოგადოებას. ვფიქრობ, კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება აგვისტოში, თუმცა განსაკუთრებით აქტიური ამ თვალსაზრისით იქნება სექტემბერი, რადგან ოქტომბრის ბოლოს ეს ყველაფერი კანონში უნდა აისახოს.”

მამუკა კაციტაძე განმარტავს, რომ შეთანხმების 14 ძირითადი პუნქტიდან დაახლოებით 10-11 პუნქტი მარტივად გასაგებია - მაგალითად, ის, რომ ადმინისტრაციულ შენობებში არ შეიძლება განთავსდეს საოლქო კომისია ან ის, რომ ნაკვეთური გაკეთდეს ბეჭედზე. მსგავსი პუნქტები გასაგებად უნდა ჩაიწეროს კანონში, მაგრამ რჩება პუნქტები, რომელთა გარშემოც კვლავაც რჩება კითხვები.

ტაქტიკა შეცვალა ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებმაც ”რვიანის” დაშლის შემდეგ კოალიცია გამოაცხადეს და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ:

”გარემოებებმა გვაიძულა საარჩევნო გარემოს თემატიკით არ ვიყოთ შემოფარგლული და ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობაში შემოგვაქვს საარსებო გარემოს გაუმჯობესების თემაც. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, არამედ საქართველოს მოქალაქეების განწყობა და მათი მოტივაცია - გააკეთონ თავისუფალი არჩევანი. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ არჩევნებს იგებს მილიონი ხმა და ამ მილიონი ქართველის მობილიზებისთვის ვმუშაობთ დღეს და გავაგრძელებთ ამ პროცესს უფრო აქტიურად სექტემბერშიც”, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ შეთანხმების დოკუმენტში ჩაწერილი პუნქტების საკანონმდებლო ვერსია 2011 წლის ოქტომბერში მზად უნდა იყოს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG