Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტოგრაფები სასამართლოდან პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს


იორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე
იორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე
7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი ფოტორეპორტიორის საქმე დასრულდა. ისინი სასამართლომ დამნაშავეებად ცნო, თუმცა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 22 ივლისს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა სთხოვა. პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების თავისუფლების პირობითად აღკვეთას იმ მოტივით მოითხოვდა, რომ დაკავებულებმა დაკარგეს საზოგადოებრივი საფრთხე, საქართველოსათვის საზიანო ჯაშუშური საქმიანობის გაგრძელების თვალსაზრისით, რის გამოც პროკურატურამ მიიჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, სამართლიანობის აღდგენისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განხორციელება შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის მოხდის გარეშე, ანუ პირობითი მსჯავრის გამოყენებით.

საქალაქო სასამართლოს მეორე დარბაზში 7 წუთის დაგვიანებით, ხუთის 7 წუთზე, დაიწყო სასამართლო სხდომა. ბადრაგებს შემოყოლილ ოთხ ფოტორეპორტიორს დარბაზში 60-მდე ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ელოდა. მოსამართლე ზვიად ესებუას ზუსტად 55 წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ დაკავებული ფოტორეპორტიორები ჯერ სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის თანახმად დამნაშავეებად, ანუ ჯაშუშებად, ეცნო და შემდეგ სასამართლო დარბაზიდანვე გაეთავისუფლებინა. მოსამართლემ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას გულისხმობდა, დააკმაყოფილა. პროკურატურამ აღნიშნული განცხადება სასამართლო სხდომის დანიშვნამდე ზუსტად 4 საათით ადრე გაავრცელა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ქურციკიძეს 3 წლით, გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს 4-4 წლით თავისუფლების პირობითად აღკვეთა შეეფარდა. რაც შეეხება ნათია გედენიძეს, მას სასამართლომ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების პირობითად აღკვეთა მიუსაჯა.

”დღევანდელი შედეგი არის გამარჯვება”, - ამბობს სასამართლო სხდომიდან გამოსული ”ალია ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი თიკარაძე და ის აღნიშნულ გამარჯვებას ორ ნაწილად ყოფს: ”ეს ადამიანები არიან გარეთ, მაგრამ ჩვენ არ ვთვლით გამარჯვებად იმას, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ როგორც დამნაშავეები. მე დღესაც მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები. უბრალოდ, ხელისუფლების მხრიდან ამ დათმობაზე წამოსვლა ეს იყო ჩვენი, ჟურნალისტების ერთობლივი თანადგომის, სოლიდარობის აქციების, ყველას ერთობლივი მხარდაჭერის შედეგი”, - მიაჩნია დიმიტრი თიკარაძეს.

ჯაშუშობაში ბრალდებული - ახლა კი უკვე სასამართლოს მიერ ჯაშუშებად აღიარებული -ფოტორეპორტიორები მოსამართლის კითხვებს მშვიდად და ხმადაბლა პასუხობდნენ. მათი პასუხები იყო მოკლე: ”კი, დიახ, რა თქმა უნდა”. ეს პასუხები კი მოსდევდა მოსამართლის მიერ დასმულ, მაგალითად, ისეთ კითხვებს, როგორიცაა, ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? აცნობიერებთ თუ არა დანაშაულის სიმძიმეს? იყო ასევე მოკლე და კონკრეტული უარყოფითი პასუხებიც, მაგალითად, კითხვებზე: ხომ არ განხორციელებულა თქვენზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა? ხომ არ ჰქონდა თქვენს მიმართ სამართალდამცავების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას?

პროკურორ რობერტ გრიგალაშვილს დაახლოებით 10 წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ მოსამართლისათვის პროკურატურის შუამდგომლობა გაეცნო. როგორც შუამდგომლობაში იყო მითითებული, დაკავებული ფოტორეპორტიორების თავისუფლების პირობითად აღკვეთის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ბრალდებულების მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობის განსაკუთრებული გარემოებები, კერძოდ, პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა ადვოკატების თანდასწრებით არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ დროულად მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მნიშვნელოვანი დეტალური ინფორმაცია, როგორიცაა რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების საქართველოში არსებული საიდუმლო თანამშრომლებისა და მათთან კავშირზე მყოფი პირების ვინაობა, ამ სამსახურების საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული გეგმები და ამოცანები. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციების შესახებ.

პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის გარდა, მთავარმა პროკურატურამ 22 ივლისს, დაახლოებით 12 საათისათვის, ასევე გამოაქვეყნა ის მტკიცებულებები, რომლებიც ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორების დანაშაულს ამტკიცებს. გამოქვეყნებულ დოკუმენტებს შორისაა ინფორმაცია 2011 წლის 4-6 ივლისს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამლაგებელთა და შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფის" მუშების სრული სია; აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების ოფიციალური სტენოგრამული ჩანაწერები; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ ღონისძიებათა მუდმივმოქმედი გეგმები.

საქართველოს მოქალაქეთა სიები, რომლებიც მუშაობენ გაეროში, ეუთოსა და ევროსაბჭოში. ასევე ზურაბ ქურციკიძის კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან განხორციელებული ზარების სია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დადგენილი თანამშრომლების სერგეი ოკროკოვის და ანატოლი სინიცინის ტელეფონის ნომერზე.
აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომელთა უმეტესი ნაწილი შავად არის გადახაზული და არ იკითხება, რადიო თავისუფლებამ კომენტარი სთხოვა უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტს ბესიკ ალადაშვილს: რამდენად შეესაბამება გამოქვეყნებული მტკიცებულებები ჯაშუშობის ბრალდებას? ასეთი იყო რადიო თავისუფლების კითხვა. ბესიკ ალადაშვილის თქმით, მასალები, რომლებიც პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ნაკლებდამაჯერებელია: ”ჩვენ არ ვიცით ამ დოკუმენტების მოპოვების ხერხები, ასეთი დოკუმენტები შეიძლება ქუჩაში იპოვოს ადამიანმა. ყოფილა ასეთი შემთხვევები - სტადიონზე მზესუმზირას საიდუმლო რუკებში და საიდუმლო დოკუმენტებში ყრიდნენ. ვერ ვხედავ სქემას, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის მოპოვებას, შემდეგ მის გადაცემას და აქედან მოტივაციას, თუ რატომ გააკეთეს მათ ეს”, - ამბობს ბესიკ ალადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ქურციკიძემ, ირაკლი გედენიძემ და გიორგი აბდალაძემ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით განცხადება 21 ივლისს დაწერეს. ერთ-ერთი ფოტოგრაფის, ზურაბ ქურციკიძის, ადვოკატი და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი ფოტოგრაფების საქმეს 22 ივლისს დილით პროტესტის ნიშნად გამოეთიშა. მისი პროტესტის მიზეზი ზურაბ ქურციკიძის აღიარებითი ჩვენება გახდა. მისი თქმით, აღიარება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად განხორციელდა: ”ძალიან უჭირდა ადამიანის უფლებათა ცენტრს ასეთ პირობებში მუშაობა. ზურა ქურციკიძე, რომელიც თავიდან არ აღიარებდა მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალს, რამდენიმე ხნის შემდეგ აღიარა დანაშაული, რის შემდეგაც ჩვენ უარი ვთქვით პროცესში შემდგომ მონაწილეობაზე. ცენტრი აპროტესტებს ზეწოლის და ძალადობის ფაქტებს და მოუწოდებს დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისაკენ.”

სასამართლო სხდომის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრევე გახდა ცნობილი, რომ კიდევ ერთმა დაკავებულმა ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძემ, აცილება მისცა მისი ინტერესების დამცველებს ადვოკატ ეკა ბესელიასა და ლადო მაჭარაშვილს. ეკა ბესელიამ აღნიშნული გარემოება გამოძიების მხრიდან ზეწოლად შეაფასა. ის ხელისუფლების მარცხზე საუბრობს: ”ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პროკურატურამ, რომ საპროცესო შეთანხმება ფორმდება პირობითი მსჯავრის გამოყენებით, ეს არის ხელისუფლების მარცხის აღიარება ჯაშუშობის საქმეში. რადგან მათ ვერ წარმოუდგინეს ვერც საზოგადოებას და ვერც დაცვის მხარეს მტკიცებულებები, მათ შეეშინდათ საზოგადოებას არ ენახა ღია სასამართლო სხდომაზე ის, თუ რითი ცდილობდა ხელისუფლება ჯაშუშობის დამტკიცებას და რის თქმას აპირებდა თუნდაც გიორგი აბდალაძე სასამართლო სხდომაზე, როდესაც ამბობდა, რომ ყველაფერს მოყვებოდა მაშინ, როდესაც საქმის არსებითი განხილვა შედგებოდა”, - ამბობს ეკა ბესელია.

საქმის არსებითი განხილვა აღარ შედგება. სასამართლო პროცესი დასრულდა. სასამართლოს მიერ ჯაშუშებად ცნობილმა, თუმცა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა ფოტორეპორტიორებმა თბილისის საქალაქო სასამართლო კომენტარების გარეშე მეგობრებთან ერთად დატოვეს.
XS
SM
MD
LG