Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

საკულტო ნაგებობების რეკონსტრუქცია გრძელდება


ქუთაისში განთავსებულ საკულტო ნაგებობათა შორის სიძველითა და ღირებულებით გამორჩეულია ღვთისმშობლის მიძინების (სიონის ) ტაძარი, რომელიც ძირითადად ბაგრატის ტაძრის სახელითაა ცნობილი. მე-11 საუკუნეში აგებული ხუროთმოძღვრული ძეგლი 1994 წლიდან იუნესკოს ეგიდით მსოფლიოს კულტურული საგანძურის ნუსხაშია.

უკვე მესამე წელია მიმდინარეობს საკულტო ხუროთმოძღვრების ნიმუშის აღდგენა-რეკონსტრუქცია, რომელიც რამდენჯერმე სხვადასხვა მიზეზით შეჩერდა. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბაგრატის ტაძრის საქველმოქმედო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ქაჯაია განმარტავს, საპატრიარქოს ინიციატივით შექმნილმა კომისიამ წარმოებული სამუშაოები მიზანშეწონილად მიიჩნია, პროექტის მომხრეები, მოწინააღმდეგეები, იუნესკოსა და კულტურის სამინისტროს ექსპერტები შეჯერდნენ და რეკონსტრუქციის გაგრძელება გადაწყდა.

ზურაბ ქაჯაიას ინფორმაციით, ამ კვირაში დასრულდება ფინანსური დოკუმენტების მომზადება და ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მომავალი კვირიდან განახლდება. წლის ბოლომდე კედლების, სვეტებისა და თაღების ამოყვანა დასრულდება, ტაძრის გადახურვა და მისთვის გუმბათის დადგმა კი 2012 წლისთვისა დაგეგმილი.

ზურაბ ქაჯაიას ინფორმაციით, ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო.

ქუთაისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის ხელმძღვანელის მერაბ მეშველიანის განმარტებით, ყოველწლიურად ქალაქის ბიუჯეტში ქუთაის-გაენათის ეპარქიისათვის გათვალისწინებულია თანხა, რომელსაც ეპარქია საჭიროებისამებრ განკარგავს. თანხის მოცულობა მიმდინარე წელს 25 ათასი ლარია.
ყოველწლიურად საკულტო ნაგებობების მოვლა-პატრონობისთვის ქალაქის მერის სარეზერვო ფონდის გარკვეული ნაწილი იხარჯება. თანხის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის დახმარება სჭირდება საკულტო ნაგებობას.

ქუთაისის ერთ-ერთ ძველ უბანში, შაუმიანზე, ქართველ-ებრაელთა სამი სალოცავია განთავსებული. აქედან ყველაზე ძველი 1825 წელსაა აგებული. იმავე ეზოშია მოქმედი დიდი სალოცავი, რომელიც 1886 წლით თარიღდება. როგორც რადიო თავისუფლებას ქუთაისში მოქმედი სინაგოგის მრევლმა უთხრა, სალოცავი ძირითადად შემოწირულობებითა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ებრაელთა დახმარებით ფუნქციონირებს. დანიელ დავითიაშვილის თქმით, სათვისტომომ გასულ წელს დახმარება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღო.

„სამივე სინაგოგა სათვისტომოს საკუთრებაშია. ხშირად მოდიან უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტები, რომელთა დიდი ნაწილი ქუთაისიდან წასული ქართველი ებრაელებია და შესაწირს ტოვებენ. სალოცავს აქვს ხარჯები, - შუქის, გათბობის, წყლის გადასახადები, - რომლებსაც ძირითადად მეცენატების დახმარებით ვიხდით. გვეხმარება სათვისტომოს საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც წარმომადგენლობა ქუთაისშიც აქვს. შარშან პირველი შემთხვევა იყო, როცა მერია დაგვეხმარა 28 ათასი ლარით და სალოცავის შეკეთებასა და საფლავების გაწმენდას მოვახმარეთ“, -უთხრა რადიო თავისუფლებას დანიელ დავითიაშვილმა.

ადგილობრივთა თქმით, სალოცავები კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებს, თუმცა თანხების მოძიებას ისევ საზვარგარეთ მცხოვრები სათვისტომოს წევრებისგან ელიან.
XS
SM
MD
LG