Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე დეტალი ფოტოგრაფების საქმეზე


ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
დაკავებული ფოტოგრაფების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროში 13 ივლისს მისულ მედიის წარმომადგენლებს მაგიდაზე ნახაზი დაახვედრეს. ერთგვერდიან ფურცელზე ჩანდა სამი ფოტო - ზურაბ ქურციკიძისა და საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჯაშუშად გამოცხადებული ორი პიროვნების ფოტოები:

„ზურაბ ქურციკიძე და ორი გრუს აგენტი რომ დავხატო და ერთმანეთისკენ ისრებით მივაბრუნო“, ამბობს ნინო ზურიაშვილი.

ფოტოებს შორის იყო ისრები და ისრებზე ეწერა ციფრები. ერთ ისარზე ეწერა 22, მეორეზე კი 13, რაც, მედიის წარმომადგენელთა თქმით, მინისტრს დასჭირვებია განხორციელებული ზარების რაოდენობის საჩვენებლად. ზვიად ქორიძეს უკითხავს:

„გაქვთ თუ არა იმ საუბრების აუდიოჩანაწერი, რომელიც განხორციელდა 2004 წელს - აი, იმ 22 პლუს 13, ანუ 35 ზარის? მიპასუხა, არა, აუდიოჩანაწერები არ არისო.“

ამ შემთხვევაში ეს კადრები გავუშვით იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ ქურციკიძე და აბდალაძე, ან ქურციკიძე ან გედენიძე როგორ პირად ახლობლურ ურთიერთობაში არიანო და ასე შემდგომ...
მედიის წარმომადგენლების თქმით, მათ ასევე აჩვენეს მობილური ოპერატორიდან სატელეფონო ამონაბეჭდი, რომელზეც მოცემული იყო ტელეფონის ნომრები, დრო და განხორციელებული ზარების რაოდენობა. დრო - 2004 წელი, რაოდენობა იგივე, რაც ნახაზზე, და ტელეფონის ნომრები, რომელთა გადამოწმება ჩვენ მიერ ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც მედიის წარმომადგენლებს აუხსნეს, სატელეფონო ნომრები ერთ მხარეს ეკუთვნოდა ზურაბ ქურციკიძეს, მეორე მხარეს კი - გრუს თანამშრომლებს. წარმოდგენილ სქემაზე არ ჩანდა დანარჩენი ორი ფოტოგრაფი - ირაკლი გედენიძე და გიორგი აბდალაძე. მათზე მინისტრს მხოლოდ ზეპირად უსაუბრია.

ახლა მეორე დეტალი, რასაც გვსურს ყურადღება მიაქციოთ. როგორც გახსოვთ, შაბათს, ცხრა ივლისს, როცა „რუსთავი 2“-ის პირდაპირი ეთერით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა, „რუსთავი 2“-ის დიქტორის და შინაგან საქმეთა სამინისტროში მყოფი კორესპონდენტის თქმით:

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მტკიცებულებებიც ვრცელდება“…

მტკიცებულებებად მოხმობილი იყო ფოტოგრაფების აუდიოჩანაწერიც, სადაც ფოტოგრაფები ფრანკფურტიდან თანხის გადარიცხვაზე საუბრობენ. თუ გახსოვთ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გაკეთებულ რეპორტაჟში ითქვა, რომ სწორედ ფრანკფურტში მდებარეობს ევროპული პრესის ფოტოსააგენტოს მთავარი ოფისი, რომლისთვისაც ფოტოებს სამივე ფოტოგრაფი იღებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიის წარმომადგენლებს ვანო მერაბიშვილისთვის ეს დეტალი შეუხსენებიათ:

ნინო ზურიაშვილი: „მე ვუთხარი, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც თქვენ გამოაქვეყნეთ, სწორედ რომ ეპას სურათებს ეხება-მეთქი და მიპასუხა, მეცო. უბრალოდ, დაამატა, ეს იმიტომ გამოვაქვეყნეთ, ერთმანეთს შორის რომ კავშირი აქვთ, ეს გვეჩვენებინაო.“

ზვიად ქორიძე: „ამ შემთხვევაში ეს კადრები გავუშვით იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ ქურციკიძე და აბდალაძე, ან ქურციკიძე ან გედენიძე როგორ პირად ახლობლურ ურთიერთობაში არიანო და ასე შემდგომ.“

ამის მიუხედავად, ეს მტკიცებულება „რუსთავი 2“-ის ეთერში გავრცელდა სხვა ფაქტებთან ერთად, იმის აუხსნელად, რომ თანხა, რომლის გადარიცხვაზეც ჩანაწერებში საუბრობდნენ ფოტოგრაფები, შესაძლოა ყოფილიყო ანაზღაურება, რომელსაც ისინი ევროპული პრესის ფოტოსააგენტოსგან იღებდნენ.

დავუბრუნდეთ ფურცლებს, რომლებიც ვანო მერაბიშვილმა მედიაწარმომადგენლებს დაახვედრა. მედიის წარმომადგენელთა თქმით, იქ არ ყოფილა არაფერი, იმის დამამტკიცებელი, რომ ზურაბ ქურციკიძე რაიმე ფორმით გადასცემდა დოკუმენტებს გრუს თანამშრომლებს. ვანო მერაბიშვილის თქმით, დღესდღეობით ამობეჭდილი ნომერი ზურაბ ქურციკიძეს ეკუთვნის, თუმცა მას არ წარმოუდგენია მტკიცებულება, ეკუთვნოდა თუ არა ამობეჭდილი ტელეფონის ნომერი ზურაბ ქურციკიძეს 2004 წელს. როგორც აღვნიშნეთ, საუბარია 2004 წელზე, როცა დანარჩენი ორი ფოტოგრაფი - ირაკლი გედენიძე და გიორგი აბდალაძე - საჯარო სამსახურებში არ მუშაობდნენ…

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე, მოგეხსენებათ, ქართული მედიის წარმომადგენლების გარდა იმყოფებოდნენ უცხოური პრესის წარმომადგენლებიც. „როიტერი“,მაგალითად, შეხვედრის შემდეგ წერს, რომ ”მას (შინაგან საქმეთა მინისტრს) არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ქურციკიძე საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა”.
XS
SM
MD
LG