Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწების დაკანონების პროცესი სოფელ დიღომში


თინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი
სახელმწიფო საკუთრებად არ უფორმებს სოფელ დიღომში ასეულობით მოსახლეს რეალურად კუთვნილ მიწებს, ამბობს რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი და ამ კვირაში მეორედ მართავს საჯარო შეხვედრას პრესასთან. მის კვალდაკვალ შეხვედრა იმართება პრესასთან საკრებულოში, სადაც ამბობენ, რომ თინა ხიდაშელს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.

მსგავსი შეხვედრა პრესასთან თინა ხიდაშელმა უკვე მოაწყო ორი თვის წინ. საქმე ეხება სოფელ დიღომში მიწებს, რომლის მესაკუთრეობის დოკუმენტებს იქაური მოსახლეები ვერ იღებენ, თუმცა,მათი თქმით, ეს მიწები 98 წლიდან რეალურად მათ საკუთრებაშია. ორი თვის წინვე საკრებულოში თინა ხიდაშელის განცხადებები უარყვეს. დღეს ის მოსახლეობის მცირე ნაწილთან ერთად ისევ ხვდება პრესას. საკრებულოში სოფელ დიღმის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო თევდორაძე ამბობს:

„პროცესი დაწყებულია, პროცესი მიმდინარეობს და გრძელდება.“

პროცესი დაწყებულია, პროცესი მიმდინარეობს და გრძელდება...

პროცესი კი 1998 წლიდან დაიწყო, როცა სახელმწიფო მიწები მოსახლეობას გადაეცა. თინა ხიდაშელის თქმით, ადამიანებს მაშინ გადასცეს მიღება- ჩაბარების აქტები, თუმცა, მაშინდელი იურიდიული ფორმულირებიდან გამომდინარე, არ გადაუციათ საკუთრების მოწმობები:

„მიწა, რომელიც მიწის რეფორმის დროს მოსახლეობაზე განაწილდა და მიიღეს მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც იმ დროისათვის, 90-იანი წლების ბოლოსთვის, იყო გათვალისწინებული, შემდეგ უკვე მათ საკუთრებაში ვეღარ აღმოჩნდა, ანუ მათ აქვთ მიღება-ჩაბარების აქტები, მაგრამ ბოლო საკუთრების მოწმობების გადაცემა მათთვის არ მოხდა.“

ასეთი რამდენიმე ასეული მოსახლეა, რომელთაც, მათი თქმით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები ამ პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან… პროცესი კი, როგორც ითქვა, მიმდინარეობს და გრძელდება, ოღონდ არა იურიდიულ-სამართლებრივად, არამედ ისევ პოლიტიკურ სიბრტყეში, პოლიტიკური განცხადებების ფონზე:

„ჩვენ ამ ფორმით იმიტომ ვიბრძვით, საჯარო შეხვედრებით, რომ პოლიტიკურად მოვახდინოთ გავლენა“, ამბობს თინა ხიდაშელი.


ნინო თევდორაძე, საკრებულოში მოსახლეობის წარმომადგენელი უმრავლესობის პარტიიდან, აცხადებს:

„სამწუხაროა, რომ თინა ხიდაშელმა კიდევ ერთხელ გააკეთა არაკომპეტენტური განცხადება და საზოგადოება შეიყვანა შეცომაში.“

ნინო თევდორაძე ამატებს, პროცესი მიმდინარეობს და გრძელდებაო. თუმცა პროცესი, როგორც მიხვდით, ათზე მეტი წელია მიმდინარეობს, მოსახლეობა კი ჯერჯერობით საკუთრების დამადასტურებელ ბოლო დოკუმენტებს ისევ ელის. ჯემალ თეთრაშვილი, ერთ-ერთი მოსახლე, რომელსაც 5 ათასამდე კვადრატული მეტრი მიწა აქვს დასარეგისტრირებელი, ამბობს:

უბედურება მაგაშია, რომ დღემდე არ გვეუბნებიან, ამ მიწებს ჩამოგართმევთ ან არ დაგირეგისტრირებთო...

„უბედურება მაგაშია, რომ დღემდე არ გვეუბნებიან, ამ მიწებს ჩამოგართმევთ ან არ დაგირეგისტრირებთო. ეს რომ გვითხრან, ხალხი წავა სასამართლოში, მაგრამ კონკრეტულად არ გვეუბნებიან, გვეუბნებიან კი არა…“

თინა ხიდაშელმა პრესას გადასცა ტერიტორიების ნაკრები სოფელ დიღმიდან, ამონაწერი, რომელიც საჯარო რეესტრისაა და რომელიც 270 კვადრატულ კილომეტრ მიწას მოიცავს სოფელ დიღმის ტერიტორიაზე, რომლის ძირითადი ნაწილი, დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფოს საკუთრებაშია.
XS
SM
MD
LG