Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალგორითმი: ბომბდამშენი - ჰაერის გამაგრილებელი


B-17 ბომბდამშენები დიდი ბრიტანეთის თავზე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში
B-17 ბომბდამშენები დიდი ბრიტანეთის თავზე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ქალაქები - დრეზდენი, ჰამბურგი, ბერლინი და დიურენი - მოკავშირეთა ავიაციამ გაანადგურა. ამ იერიშების შედეგად ნახევარ მილიონზე მეტი გერმანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული საკითხებით ძირითადად ისტორიკოსები არიან დაკავებული. მაგრამ არა მხოლოდ. საჰაერო იერიშების შესწავლის შედეგად მნიშვნელოვანი მასალები მოიპოვეს კლიმატის მკვლევრებმა. ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კონდენსირებულმა კვალმა, რომელსაც ათასზე მეტი თვითმფრინავისგან შემდგარი ესკადრა ტოვებდა ინგლისის თავზე, ტემპერატურის ერთი გრადუსით დაცემა გამოიწვია. გამოკვლევამ, რომლის შედეგები "International Journal of Climatology"-შია გამოქვეყნებული, შესაძლოა დახმარება გასწიოს დედამიწის კლიმატზე საჰაერო მიმოსვლის გავლენის შესწავლაში.

„ჩვენთვის ნათელი ოყო, რომ მოკავშირეთა საჰაერო ოპერაციები თავისდაუნებურად წარმოადგენდა ეკოლოგიურ ექსპერიმენტს,“ ამბობს ლანკასტერის უნივერსიტეტის თანამშრომელი რობ მაკკენზი. საქმე ისაა, რომ საჰაერო მიმოსვლის ისტორიაში არ ყოფილა სხვა შემთხვევა, როცა ამდენი საჰაერო რეისი მოჰყოლოდა პრაქტიკულად ფრენისგან თავისუფალ დღეებს, რაც შედარების კარგ საშუალებას იძლევა. სტაბილური ამინდის პირობებში მეცნიერებს საშუალება ჰქონდათ, დაესკვნათ, რა პირდაპირ გავლენას ახდენს ამინდზე თვითმფრინავის ძრავიდან გამოტყორცნილი გახურებული ნაწილაკებისა და ცივი ჰაერის შერევის შედეგად წარმოქმნილი კონდენსირებული ზოლები, რომლებსაც ე.წ. „მფრინავი ციხე-სიმაგრეები“ ტოვებდნენ ჰაერში. ანალიზისთვის მაკკენზიმ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს ამინდის შესახებ ომის დროინდელი ზუსტი ჩანაწერები და მოკავშირეთა საჰაერო იერიშების გეგმები 1943 – 1945 წლებში.

ყველა იერიშიდან მათ შეარჩიეს ის დღეები, რომლებშიც შეერთებული შტატების 1000-ზე მეტი B-17 ტიპის ბომბდამშენი და თანმხლები თვითმფრინავები მონაწილეობდნენ. ყველაზე დამაჯერებელი მონაცემებისთვის შეირჩა 1944 წლის 11 მაისი, როცა თითქმის უღრუბლო ცაში 1444 თვითმფრინავი ავიდა. ფრენის მარშრუტზე რამდენიმე საათის განმავლობაში გაიშალა კონდენსირებული ზოლები. მეცნიერებმა შეადარეს ამინდის მონაცემები ამ და მეზობელ, უღრუბლო რაიონებში და აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ღრუბლის ფენამ იმ დილას ტემპერატურის 0,8 გრადუსით დაცემა გამოიწვია.

ეს გამოკვლევა კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რომ პროპელერიანი ან რეაქტიული თვითმფრინავის მიერ წარმოშობილი კონდენსირებული ზოლი დაფარულ რეგიონებში აცივებას იწვევდა. „ამ გამოკვლევის შედეგად იოლი ხდება საჰაერო მიმოსვლის ფაქტორის გამოცალკევება კლიმატისთვის რელევანტური პროცესებიდან“, ამბობს მაკკენზი. ბრიტანელების მსგავს დასკვნებამდე მივიდნენ 2001 წელს ამერიკელი მეცნიერები. 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, ფრენის აკრძალვის პერიოდში, ტემპერატურის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მომატება - 1,8 გრადუსის სხვაობა - დააფიქსირეს. მიზეზი თვიფმფრინავების მიერ წარმოქმნილი კონდენსირებული ზოლების არარსებობა იყო.

ტემპერატურა ტემპერატურად, მაგრამ ბრიუსელის, ლიუტიხის, ლუქსემბურგისა და საარბრიუკენის მოსახლეობას 1944 წლის 11 მაისი მძიმე მოსაგონრად შემორჩა. „ოპერაცია No 351“ სწორედ ამ ქალაქებისა და მიმდებარე ტერიტორიების წინააღმდეგ იყო მიმართული. იმ დღეს მარტო საარბრიუკენის იერიშისას 200 ადამიანზე მეტი დაიღუპა.
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG