Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პედაგოგთა გამოცდებიც დაიწყო


დღეს დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლებიც საქართველოში წელს მეორედ ტარდება. გამოცდებში 24 000 პედაგოგი იღებს მონაწილეობას. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სერტიფიცირებულ პედაგოგებს სტატუსი და ხელფასი ეზრდებათ.

პედაგოგთა სერტიფიცირება განათლების რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელია. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო სკოლაში პედაგოგიური საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სერტიფიცირების პროცესის გავლა აუცილებელია. 2014 წლამდე გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, 2014 წლიდან კი სავალდებულო იქნება.
სურვილი და მოტივაცია აქვთ მათ იმისათვის, რომ გაიარონ ეს გამოცდები. იცით, რომ 2014 წლიდან ეს პროცესი იქნება სავალდებულო...

2010 წელს მასწავლებელთა პირველ სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო. მათგან კომპეტენციის მინიმალური ზღვარი მონაწილეთა მხოლოდ 11%-მა გადალახა. წელს მონაწილეთა რაოდენობა 24 000-მდე გაიზარდა. განათლების სამინისტროში იმედოვნებენ, რომ გამოცდების წარმატებით ჩამბარებელთა რაოდენობაც გაიზრდება. მინისტრის მოადგილე აკაკი სეფერთელაძე მიიჩნევს, რომ კონკურსში მონაწილე პედაგოგთა რიცხვის ზრდა თავისთავად იმის მანიშნებელია, რომ მასწავლებლები გამოცდებისთვის კარგად მოემზადნენ:

”სურვილი და მოტივაცია აქვთ მათ იმისათვის, რომ გაიარონ ეს გამოცდები. იცით, რომ 2014 წლიდან ეს პროცესი იქნება სავალდებულო, მაგრამ ნებაყოფლობითის დროს, როდესაც 24 000 მასწავლებელი ერთდროულად გამოდის გამოცდაზე, ვფიქრობ, ეს უკვე დადებითი ტენდენციაა.“
ტესტი 70-ქულიანია. იმისთვის, რომ ბარიერი გადალახოს, პედაგოგმა უნდა დააგროვოს 43 ქულა...

შარშანდელისგან განსხვავებით, წელს გაიზარდა საგამოცდო დისციპლინების რაოდენობაც, რაც, თავის მხრივ, ასევე აისახა გამოცდებში მონაწილეთა რაოდენობის ზრდაზე. წელს გამოცდებში მონაწილეობა, ქართული ენის, მათემატიკისა და უცხო ენების პედაგოგების გარდა, შეუძლიათ ასევე ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლებისა და დაწყებითი კლასების - სულ 13 საგნის - მასწავლებლებს. საგნობრივი გამოცდების გარდა, მასწავლებლები პროფესიულ უნარებსაც აბარებენ. პირველი გამოცდა სწორედ პროფესიული უნარები იყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია კუტალაძე განმარტავს:

”ტესტი 70-ქულიანია. იმისთვის, რომ ბარიერი გადალახოს, პედაგოგმა უნდა დააგროვოს 43 ქულა. ტესტი შედგება განსხვავებული ფორმატის ტესტური დავალებებისაგან. მათ შორის ჭარბობს არჩევითპასუხიანი დავალებები და ღია დავალებები. ასევე ტესტში შესულია ეგრეთ წოდებული სიმულაციური დავალება, რომელიც რეალური სამუშაო სიტუაციის მოდელირებას ეფუძნება.”
სკოლებისთვის რეიტინგის მინიჭებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენი სერტიფიცირებული მასწავლებელი ჰყავს ამა თუ იმ სკოლას...

რთული იყო ტესტი? ამ შეკითხვით თბილისის 24-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს თამარ ხომასურიძეს მივმართეთ.

”არა, რთული არ იყო. ვისაც გარკვეული პერიოდით ნამუშევარი ჰქონდა, მისთვის ადვილი იყო. ცოტა დრო გვქონდა. ჯერ სასწავლო პროცესი არ დამთავრებულა და რაღაც პერიოდი რომ გვქონოდა, ბევრად მეტი წარმატებები იქნებოდა. ფაქტობრივად, ჯერ კიდევ დავდივართ სკოლაში და ერთი კვირა, ერთი თვე მაინც გინდა, სერიოზულად რომ მოემზადო. ამას ყოველდღიურად აკეთებ, მაგრამ გარკვეული ტერმინოლოგია და მიდგომებია, რომლებსაც გათავისება უნდა. ამდენად, რთული არ იყო”, - გვითხრა პედაგოგმა თამარ ხომასურიძემ. მისი სკოლის დირექტორი გია მურღულია კი ფიქრობს, რომ ჩვენ ყველანი განწყობის თეორიის ქვეყანაში ვცხოვრობთ და განწყობას ამ შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი აღნიშნავს, რომ შარშან პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება იყო, წელს კი მოტივაცია სხვადასხვა გარემოებების გამო გაიზარდა:
გია მურღულია

”ჯერ ერთი, ეს მეტ-ნაკლებ მატერიალურ დაინტერესებასთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით გამორჩეულები, თქვენ იცით, რომ 1000-ლარიან ხელფასსაც მიიღებენ და ცალკეული დანამატები სხვადასხვა შემთხვევაში არსებობს პედაგოგისათვის, - ეს ერთი, და მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: სასკოლო პატრიოტიზმი თამაშობს აქ ძალიან დიდ როლს, იმიტომ რომ ბრენდირების დროს, სკოლებისთვის რეიტინგის მინიჭებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენი სერტიფიცირებული მასწავლებელი ჰყავს ამა თუ იმ სკოლას. მოტივაცია ამანაც გაზარდა და ეს აისახა გადაწყვეტილებაზე.”

გია მურღულია შენიშნავს, რომ 24-ე სკოლის პედაგოგთა უმრავლესობა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობს. წარმატების შემთხვევაში, ისინი ხელფასზე 75 ლარის, ინგლისურისა და კომპიუტერის ჩაბარების შემთხვევაში კი 200 ლარის ოდენობის დანამატს მიიღებენ. საუკეთესო მაჩვენებლების მქონე პედაგოგებს, რომლებიც კომპიუტერსა და ინგლისურს ფლობენ, 1000 ლარის ოდენობის ფიქსირებული ხელფასი დაენიშნებათ. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ მენტორ-მასწავლებლებად და ჩაერთონ სამინისტროს მიერ ინიციირებულ სხვადასხვა პროგრამაში, რაც ასევე გულისხმობს დამატებით ანაზღაურებას.
XS
SM
MD
LG