Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტროს ეფთიმიუ: ”ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეუთოს მისია უნდა დაბრუნდეს”


პეტროს ეფთიმიუ და დავით ბაქრაძე
პეტროს ეფთიმიუ და დავით ბაქრაძე
საქართველოს სამდღიანი ვიზიტით სტუმრობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტროს ეფთიმიუ. მან შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საქართველოს უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ქმედებები, საქართველოში მიმდინარე რეფორმები - ეს იყო შეხვედრების ძირითადი თემები. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უეთოს მისიის დაბრუნების შესახებ ისაუბრა.
საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში რეზოლუცია თავისი არსით არის პირველი მერცხალი, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს და დევნილთა ღირსეული დაბრუნების თემას...

როგორ უნდა დავარწმუნოთ რუსეთის ფედერაცია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისია უნდა აღდგეს? - აი, ამ რიტორიკული კითხვითა თუ წინადადებით გამოვიდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან - პეტროს ეფთიმიუსთან - შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა კი საქართველოს პარლამენტში გაიმართა. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჟურნალისტებთან საუბრისას არავის დაუკონკრეტებია, თუ როგორ უნდა მოხერხდეს რუსეთის ფედერაციის დაყოლიება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის აღდგენაზე. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან 50 წუთიან შეხვედრაზე, აკაკი მინაშვილის თქმით, ასეთი დეტალები არ განხილულა.

”ჯერჯერობით ამაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს, თუმცა მხარდაჭერა ჩვენ მიმართ ძალიან აქტიურია”, - ამბობს აკაკი მინაშვილი.

რაც შეეხება ეუთოს მისიის ბედს საქართველოში, პრობლემა ორი წლის წინ - უფრო ზუსტად კი, აგვისტოს ომის შემდეგ - გამწვავდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა 2-ჯერ დაადო ვეტო ორგანიზაციის მისიის საქართველოში საქმიანობის პერსპექტივას და ის საბოლოოდ დაბლოკა კიდეც 2009 წლის ზაფხულში.

საპარლამენტო უმრავლესობამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტროს ეფთიმიუ საკანონმდებლო ორგანოს უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა. დიმიტრი ლორთქიფანიძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში უფრო კონკრეტული იყო. 2010 წლის ზაფხულში ოსლოში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, საკომიტეტო მოსმენაზე მიღებული რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგებზე - ეს იყო ის უმთავრესი თემა, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთო, ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე:
დიმიტრი ლორთქიფანიძე

”საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში რეზოლუცია თავისი არსით არის პირველი მერცხალი, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს და დევნილთა ღირსეული დაბრუნების თემას. მე მინდა გითხრათ, რომ ამ რეზოლუციის მიღებას რუსეთის მხრიდან დიდი გაღიზიანება მოჰყვა ეუთოს საპარლამენტო სხდომაზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი, როგორც საქართველოს დელეგაციის წევრი. დღევანდელი შეხვედრა, პირველ რიგში, წარიმართა ამ შედეგების მიღწევისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ამავე დროს, გახლავთ გაჭიანურებული კონფლიქტები, არჩევნების თემა, მთლიანად მოვლენები კავკასიის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ დაპირება პეტროს ეფთიმიუსგან, რომ ამ საკითხებს ის აუცილებლად მიუბრუნდება და აღძრავს შუამდგომლობას ეუთოს წინაშე, რათა გააქტიურდეს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურო.”

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოში ეუთოს მისია უნდა აღდგეს, განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პეტროს ეფთიმიუსმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. ეს აუცილებელია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისათვის, ამბობს ის:
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის იდეას...

”ეს იქნება, ერთი მხრივ, დამხმარე ზომა ნდობის შექმნისა და, მეორე მხრივ, კონფლიქტებისა თუ დაძაბულობის პრევენციის მექანიზმი. ასე რომ, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის იდეას.”

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებს, რათა არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა მოხერხდეს, განაცხადა პეტროს ეფთიმიუსმა 15 ივნისს საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე. მანვე ეუთოს სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში მედიის თავისუფლების ხელშეწყობას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და საარჩევნო სისტემის სრულყოფისათვის მუშაობას.

ტრადიციული იყო დავით ბაქრაძის სიტყვა გულახდილ საუბრებთან დაკავშირებით პეტროს ეფთიმიუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, უსაფრთხოების საკითხებიო, ამბობს ის. რაღა თქმა უნდა, დავით ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლის მიწურულს იმედი გამოთქვა მომავალში ეუთოსთან უფრო აქტიური თანამშრომლობის შესახებაც.
XS
SM
MD
LG