Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია-ს კვლევა ”სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე საქმეების” შესახებ


10 ივნისს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ”თბილისი მარიოტში” მოაწყო სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სამართლებრივი ანალიზის პრეზენტაცია. საიას ეს კვლევა 24 გახმაურებულ საქმეს მოიცავს და ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებისას მთელ რიგ სერიოზულ ხარვეზებზე სწორედ იმ პირთა მიმართ, რომლებიც ან პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, ან აქტივისტები, ან, სულაც, რომელიმე პოლიტიკოსის ნათესავები.

გადაღებულია ვიდეომასალა, 2009 წლის 15 ივნისს როგორ ვდგავართ პოლიციის სამმართველოს შენობასთან და ვკითხულობთ სიას, რომ აქ ვდგავართ და თუ ჩვენი დაკავება გინდათ, მოვედითო. გამოვიდნენ და სასტიკად გაგვისწორდნენ...
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევაში არსად გვხვდება შეფასება „პოლიტიკური პატიმარი“, თუმცა ყველა ადამიანი, ვის მიმართაც მართლმსაჯულება კანონდარღვევით განხორციელდა, პოლიტიკურად აქტიური იყო. მერაბ ქათამაძე, ნელი ნავერიანი, ლევან გოგიჩაიშვილი, მელორ ვაჩნაძე, ვლადიმერ ვახანია, დაჩი ცაგურია და ა.შ., სულ 24 საქმე - აქედან 6 ადმინისტრაციული, 18 სისხლის სამართლის. ეს ის საქმეებია, რომლებზეც საია ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. საქმეთა უმრავლესობას მსგავსი დარღვევები ახასიათებს, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, „ახალგაზრდა იურისტთა“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე. ის შენიშნავს, რომ შესწავლილი საქმეებიდან 11 ნარკოტიკისა და იარაღის უკანონოდ შენახვის ფაქტზეა აღძრული და ამ ბრალდებით 2009 წლის აქციების მონაწილეებიც არიან დაკავებულნი. რაც შეეხება აღმოჩენილ დარღვევებს:

”ჩხრეკა განხორციელებულია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მაშინ როდესაც კანონით (იგულისხმება არა 2010 წელს მიღებული, არამედ ძველი კოდექსი) ჩხრეკა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მტკიცებულების საფუძველზე. ოპერატიული ინფორმაცია კი, რაც საქმეში იყო, პოლიციის თანამშრომლის პატაკი იყო და ეწერა: ჩემთვის გახდა ცნობილი ინფორმაცია, რომ ესა და ეს ადამიანი ფლობს ნარკოტიკულ ნივთიერებას, ამიტომ უნდა წავიდე და შევამოწმო - და მეტი არაფერი. ამის შემდეგ ჩხრეკა მიმდინარეობდა გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმში, სასამართლოს ნებართვის გარეშე.”

საყურადღებო დეტალია ისიც, განმარტავს ეკა ფოფხაძე, რომ ყველა საქმეში დაკავებული პირები ნარკოტიკისა და იარაღის კუთვნილებაზე უარს ამბობენ:

”ისინი ამბობენ, რომ ეს მათ არ ეკუთვნით. სწორედ ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ საჭირო იყო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება. კანონში, მართალია, არ წერია პირდაპირ, რომ ეს ექსპერტიზა აუცილებელია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიებას ევალება ობიექტურად გამოიძიოს საქმე და ამ საქმეებში არც ერთი პირი იარაღის ან ნარკოტიკის მისდამი კუთვნილების ფაქტს არ აღიარებს, ეს ექსპერტიზა კითხვებს გამორიცხავდა.“

ეკა ფოფხაძე გამოყოფს პოლიტიკური პარტია ”მთლიანი საქართველოს” დამფუძნებლის, ვლადიმერ ვახანიას საქმეს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისათვის გაასამართლეს. იურისტი აცხადებს, რომ სასამართლოს გაუთვალისწინებელი დარჩა ექსპერტიზის არაერთი დასკვნა.

დასკვნა არის ძალიან საინტერესო და მასში ის საქმეებიც მოხვდა, რომლებიც შესწავლილი აქვს სახალხო დამცველის აპარატს ბოლო ორი წლის განმავლობაში...
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ მომზადებულ ანალიზში ვკითხულობთ, რომ გამოიკვეთა დაცვის მხარის შეამდგომლობების უსაფუძვლო და სერიული დაუკმაყოფილებლობა, სასჯელის არაპროპორციულობა და დაუსაბუთებლობა, წინასწარი გამოძიების გაჭიანურება და ა.შ. კვლევაში მოხვდა, მაგალითად, მოძრაობა ”7 ნოემბრის” ყოფილი წევრის, დაჩი ცაგურიას საქმეც. ცაგურია აცხადებს, რომ ის თავად არაერთხელ დაუკავებია ხელისუფლებას სწორედ პოლიტიკური ნიშნით:

”გადაღებულია ვიდეომასალა, 2009 წლის 15 ივნისს როგორ ვდგავართ პოლიციის სამმართველოს შენობასთან და ვკითხულობთ სიას, რომ აქ ვდგავართ და თუ ჩვენი დაკავება გინდათ, მოვედითო. გამოვიდნენ და სასტიკად გაგვისწორდნენ, შეგვიყვანეს შენობაში და გვაწამეს. რომელი ერთი გავიხსენო. მე მგონი, სადავო აღარ არის, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო ხვდებიან ციხეებში ადამიანები. განსაკუთრებით ეს ემთხვევა იმ პერიოდებს, როცა აქციები იწყება. ამ დროს უჩნდებათ ადამიანებს ჯიბეში ნარკოტიკები და სახლებში - იარაღი.”

საიას სამართლის იურისტი ეკა ხუციშვილი ამბობს, რომ მათი რეკომენდაციები ეხება როგორც საკანონმდებლო სისტემის დახვეწას, ისე უკვე არსებული კანონის პრაქტიკაში სწორად გატარებას:

”კანონშიც არის ცვლილებები შესატანი და პრაქტიკაშიც ბევრი ხარვეზი გვხვდება. მაგალითად, ავიღოთ ინტერნეტურთიერთობა - ორ ადამიანს შორის სკაიპით საუბარს შესაძლოა ნებისმიერმა ოპერატიულმა მუშაკმა მიაყურადოს და ამისათვის მას სასამართლოს ნებართვაც არ სჭირდება. რაც შეეხება პრაქტიკას, ერთი მაგალითი: თითქმის არასდროს არ ხდება დასაბუთება, სასჯელის ფორმა რატომ არის მაინცდამაინც პატიმრობა და არა, ვთქვათ, გირაო.”

საქმეების ნაწილი მოხვდა სახალხო დამცველის ბოლო ორი წლის ანგარიშებშიც.

”დასკვნა არის ძალიან საინტერესო და მასში ის საქმეებიც მოხვდა, რომლებიც შესწავლილი აქვს სახალხო დამცველის აპარატს ბოლო ორი წლის განმავლობაში. არაერთ საქმეში მართლაც იკვეთება სერიოზული დარღვევები, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. როდესაც ადამიანი ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას და შემდეგ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაერღვა, შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული მიდგომა მის მიმართ”, - ამბობს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.

ხელისუფლების პოზიცია საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობასთან დაკავშირებით ცნობილია და ასე ჟღერს: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. რადიო თავისუფლება შეეცადა ამჯერადაც მოგვესმინა მათი კომენტარი - განსაკუთრებით საიას კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, თუმცა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, ამ საკითხზე მმართველ პარტიაში დღის განმავლობაში კომენტარისაგან თავს შეიკავებენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG