Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როუზ-როსის პირველი დღე


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარი
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარი
თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის 76-ე სემინარი მიმდინარეობს, რომელიც 25 მარტამდე გასტანს. სემინარის თემაა „კავკასია გლობალურ ჭრილში: საქართველოს პერსპექტივები და საერთაშორისო გამოწვევები“. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში სემინარს მესამედ მართავს. პირველი 2002 წელს, მეორე კი 2007 წელს ჩატარდა. რა განსხვავება დაინახეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ საქართველოში? რა ტენდენციებზე გამახვილდა ყურადღება და რამდენად პერსპექტიულად მიაჩნიათ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს?
საქართველო მოწინავე ქვეყანაა თავისი 917 ჯარისკაცით ავღანეთში, რაც ჩვენ უნდა დავაფასოთ, ვაღიაროთ ნატოს პარლამენტარებმა...

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარები ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში წელიწადში ორჯერ ტარდება. ამჯერად სემინარს თბილისი მასპინძლოს. მას 20 ქვეყნის 45 წარმომადგენელი ესწრება. სემინარზე დასწრებაზე უარი განმარტების გარეშე განაცხადეს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა. ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა კარლ ლამერსმა თავის გამოსვლაში განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ, ვარდების რევოლუციიდან თითქმის 7 წლის შემდეგ, ბევრი სიახლე დაინახა წინა წლების საქართველოსთან შედარებით:

„ქვეყანა აქტიურად ებრძვის კორუფციას. თქვენ აშენებთ თანამედროვე ინოვაციურ ეკონომიკას, დამყარებულს კონკურენციის სულისკვეთებაზე; ინდივიდუალიზმის, გამჭვირვალობის, სამართლიანობის და სხვა ევროპული იდეალებით ხელმძღვანელობთ. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ქვეყანა მტკიცედ გაჰყვეს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზას. თქვენს ქვეყანას შეაქვს უდიდესი წვლილი სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებაში. საქართველო მოწინავე ქვეყანაა თავისი 917 ჯარისკაცით ავღანეთში, რაც ჩვენ უნდა დავაფასოთ, ვაღიაროთ ნატოს პარლამენტარებმა.“
იმისათვის, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდეს, ჩვენ ამას ხელი უნდა შევუწყოთ. მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას საქართველოს მხარდაჭერასა და რუსეთთან დიალოგის ხელშეწყობას შორის...

კარლ ლამერსმა აღნიშნა, რომ ნატოს პოზიცია საქართველოს მიმართ უცვლელი რჩება და ნატო აძლიერებს საქართველოსთან ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას.კარლ ლამერსმა თავის გამოსვლაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და აღნიშნა, რომ ვითარება აუცილებლად მოლაპარაკების გზით უნდა შეიცვალოს:

„ჩვენ ვაცნობიერებთ იმის საჭიროებას, რომ ეს კონფლიქტი გადაწყდეს მშვიდობიანად, დიალოგის გზით. ეს არის ის, რის მიღწევასაც ვცდილობთ. იმისათვის, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდეს, ჩვენ ამას ხელი უნდა შევუწყოთ. მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას საქართველოს მხარდაჭერასა და რუსეთთან დიალოგის ხელშეწყობას შორის. ბატონებო და ქალბატონებო, მე მტკიცედ მჯერა მსოფლიოსი, რომელიც დამყარებულია ჩართულობასა და დიალოგზე.“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, როცა თავის გამოსვლაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობას შეეხო, აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის დიალოგისთვის:
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე

„ჩვენ მზად ვართ რუსეთთან რეალური დიალოგი დავიწყოთ იმისათვის, რომ გავიგოთ, საბოლოოდ რა სურს რუსეთს საქართველოსგან.“

სემინარზე, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებისთვის თავისუფალი საუბრის ტრიბუნად ითვლება, საქართველოს მიმართ ძირითადად პოზიტიური შეფასებები ისმოდა, თუმცა იყო სკეპტიკური მოსაზრებებიც, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების ახლო პერსპექტივებს გამორიცხავდა. მაგალითად, გენერალური შტაბის წევრმა, ჰოლანდიის წარმომადგენელმა საიმონ ვან დრიელმა, მას შემდეგ, რაც ჯეიმსტაუნის ფონდის გამოცემა „ეურაზია დეილი მონიტორის“ წამყვანი მკვლევარის, ვლადიმირ სოკორის გამოსვლა მოისმინა, სიტყვა ითხოვა და განაცხადა:

„თქვენი პრეზენტაციიდან ჩანს, რომ თქვენ მხარს უჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. მაგრამ ჩემი შეკითხვაა, არის კი ეს რეალისტური? ჩემი აზრით, პასუხი არის: არა. მე, უბრალოდ, პარლამენტარი ვარ. თქვენ სპეციალისტი ხართ, მე კი - არა. მაგრამ თუ გავიხედავთ მომავალში, მე ვერ ვხედავ საქართველოს ნატოს წევრად უახლოესი 15-20 წლის განმავლობაში. რასაც თქვენ ამბობთ, არის ის, რომ საქართველოში ხალხი ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩემს ქვეყანაში და სხვა ქვეყნებში - ევროპის ჩრდილო-დასავლეთში - მდგომარეობა საპირისპიროა.“
მოდით, ავაგოთ ჩვენი ურთიერთობები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმებთან ისე, თითქოს იქ რუსეთი არ არსებობდეს...

სემინარის მეორე ნაწილში, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს მიეძღვნა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთთან დიალოგის პარალელურად საკუთარ პოზიციებს უნდა გადახედოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების მიმართ, უნდა გამოაცალკევოს პოლიტიკური მიდგომები, რადგან სხვა შემთხვევაში ვითარება ჩიხშია შესული:

”ვფიქრობთ, ცუდი არ იქნებოდა ქართული პოლიტიკის ეს ორი ფრთა უფრო გაგვეცალკევებინა. მოდით, ავაგოთ ჩვენი ურთიერთობები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმებთან ისე, თითქოს იქ რუსეთი არ არსებობდეს. და მოდით, ავაგოთ ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ისე, თითქოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ფაქტორი არ არსებობდეს. სხვაგვარად თქვენ რუსეთს აძლევთ ბერკეტებს ამ რეგიონებში, რის თავის არიდებასაც თქვენ ცდილობთ.“
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ექსპერტმა არჩილ გეგეშიძემ რადიო თავისუფლებასთან კომენტარში აღნიშნა, რომ, ძირითადად პოზიტიური მოსაზრებების გარდა, მან მოისმინა კრიტიკაც, რაც სავსებით შეეესაბამება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა მოსაზრებები, კრიტიკული იქნება თუ პოზიტიური, ნაკლებად ახდენს გავლენას ნატოს გადაწყვეტილებებზე:

”როგორც წესი, საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც პარლამენტარები არიან ხოლმე წარმოდგენილი, ბევრად უფრო თამამი, ბევრად უფრო ღია, ბევრად უფრო შორს მიმავალი პროგნოზები გამოითქმის ხოლმე, რაც, თუკი არ გავითვალისწინებთ საპარლამენტო ასამბლეის წონას, გარკვეულ ცრუ მოლოდინს და ცრუ იმედებს აჩენს ხოლმე.”

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი თბილისში 25 მარტს დასრულდება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG