Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საქართველოსთან სავაჭრო მოლაპარაკებებს აჭიანურებს


ბრიუსელში დაფუძნებულმა ”ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრმა” (CEPS) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის ავტორებიც ევროკავშირს აკრიტიკებენ საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებათა დასაწყებად წამოყენებული მოთხოვნების გამო. ექსპერტები ბრიუსელიდან, პარიზიდან და თბილისიდან ფიქრობენ, რომ ევროკომისია საქართველოს ”ძალიან მომთხოვნ პირობებს” უყენებს.
ჩვენთვის ცოტა რთულია, რომ ვსდიოთ ამ ცვლილებებს. ასე შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს...

”აღმოსავლელ მეზობლებთან ევროპის კავშირის სავაჭრო პოლიტიკის შეფასება საქართველოს მაგალითზე” - ასე ჰქვია კვლევას, რომელიც სამმა კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა. ესენია: ”ევროპის პოლიტიკის კვლევის ცენტრი” ბრიუსელში, ”მსოფლიო ეკონომიკის ჯგუფი” პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტიდან და ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო”.

ამ ინსტიტუტების ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ევროპის კავშირის მიერ წამოყენებული პირობები ძალიან მომთხოვნი და შესასრულებლად რთულია ევროკავშირის ზოგიერთი წევრისთვისაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ გაცილებით მცირე ეკონომიკის მქონე საქართველოზე.
"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი

ევროკომისიის მიერ მოლაპარაკებების დასაწყებად წამოყენებულია 4 პირობა. ესენია: სურსათის უვნებლობის სისტემის შექმნა, ტექნიკისა და ტექნოლოგიების შესაბამისობა ევროსტანდარტებთან, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის განცხადებით, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება დიდ ზიანს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას. სანიმუშოდ გია ჯანდიერი საკვების უვნებლობის შესახებ საუბრობს:

”როდესაც თბილისში იყიდება, ვთქვათ, მაწონი ან ხორცი, ამას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ისტორია, რომ ეს ძროხა სად ცხოვრობდა, სად დაიკლა და ვინ ჩამოიტანა და რამდენი დღის არის; ისიც, თუ სად დაიბადა, რას ჭამდა, სხვა ძროხებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა... ეს შეიძლება ერთი შეხედვით სასაცილოა, მაგრამ სწორედ ამაზე არის საუბარი. ამისთვის უნდა გაკონტროლდეს დაახლოებით 600 ათასი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სოფლად. თითოეულს ჰყავს ხან ორი ძროხა, ხან ხუთი ღორი, სამი ქათამი და ასე შემდეგ. ლაპარაკია, რომ ყველა ეს ცხოველი უნდა გაკონტროლდეს, მაგრამ როგორ, ამაზე წარმოდგენა არავის აქვს.”
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ ეს დაემუქრება ეკონომიკის ზრდას, ჩვენ გვექნება უსასტიკესი პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში ...

გია ჯანდიერის განცხადებით, ასეთი კონტროლი საქართველოს დაახლოებით 700 მილიონი ლარი დაუჯდება. ამდენივე თანხა გახდება საჭირო სოციალურად დაუცველი ფენების დასახმარებლად, რადგან მათთვის ხელმისაწვდომი იაფფასიანი სურსათი, რომელიც ბაზარში, გარე სავაჭრო ობიექტებში თუ მცირე ზომის მაღაზიებში იყიდება, უბრალოდ, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო აიკრძალება.

ექსპერტთა დასკვნით, ამ ეტაპზე სურსათის უვნებლობის მოთხოვნის დაკმაყოფილება მინიმუმამდე შეამცირებს სურსათის სფეროში მომუშავე საწარმოების რიცხვსაც, რაც უმუშევრობის ზრდას და ეკონომიკის შემცირებას განაპირობებს. კონტროლის მექანიზმების გამკაცრება-გაფართოებასთან ერთად აქტუალური ხდება კორუფციის ზრდის პრობლემატიკაც.

კვლევაში, რომლის ერთ-ერთი ავტორია გია ჯანდიერი, ნათქვამია, რომ სურსათის უვნებლობისა თუ ევროკავშირის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა შემცირდება:

”ვაღიარებ, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ ეს დაემუქრება ეკონომიკის ზრდას და მისი ზრდა არ აღემატება საშუალო ევროპულ 3-4 პროცენტს, ჩვენ გვექნება უსასტიკესი პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში. ამიტომ ჩვენ გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა არა მარტო იმიტომ, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და ჩვენს მოსახლეობას რამე ეშველოს, არამედ იმისთვისაც, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზეზი არ გახდეს ეს დაბალი ზრდა....”

გია ჯანდიერი იმასაც აღნიშნავს, რომ მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებათა დასაწყებად წამოუყენეს, გადავადებული აქვს ევროკავშირის ზოგიერთ ახალ წევრ ქვეყანას. ასევე რამდენიმე წლის წინ ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება ლიბიასთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაიწყო.
ახლა მიდის მოლაპარაკებები, რომ დავარწმუნოთ ის მხარე, რომელიც რეალურად უნდა ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში, ჩვენი ხედვის სისწორეში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ წელს მოლაპარაკებები დაიწყება...

მაშ, რა გახდა საქართველოსთვის მკაცრი წინაპირობების წამოყენების მიზეზი? ამაზე კვლევის ავტორები - მათ შორის, პროფესორი პატრიკ მესერლენი - მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ:

”ჩვენ განვიხილავთ მიზეზებს როგორც [ევროპის] კომისიაში, ასევე საგარეო მიზეზებს. და ერთ-ერთი ასეთი საგარეო მიზეზი შეიძლება იყოს რუსეთის გაწევრიანების პროცესი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. მაგრამ ჩვენ არ ვიძლევით პასუხს ამ კითხვაზე, რადგან არ გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია. ჩვენ მხოლოდ საკითხი წამოვწიეთ.”

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, ერთი მხრივ, ევროკომისია სრულყოფილად ვერ ერკვევა საქართველოს შიგნით შექმნილ ვითარებაში და, მეორე მხრივ, ფიქრობენ, რომ ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შემდეგ დაიწყებს.

მოლაპარაკებათა დაწყების ამ უკანასკნელ საკითხთან კავშირის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ. მისი განცხადებით, საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებისთვის საჭირო ყველა წინაპირობა შეასრულა, მაგრამ 2010 წლის ბოლოს ახალი პირობები წამოაყენეს.

თორნიკე გორდაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ”იუ ობზერვერს” განუცხადა, რომ ეს ცვლილება შესაძლოა იყოს ევროკავშირის მხრიდან გარკვეული ირიბი ზეწოლის შედეგი, რათა აღარ წავიდეთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების წინააღმდეგ. „ვიმედოვნებ, რომ საქმე ამაში არ არის“, –თქვა თორნიკე გორდაძემ.

”ჩვენთვის ცოტა რთულია, რომ ვსდიოთ ამ ცვლილებებს. ასე შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ახლა მიდის მოლაპარაკებები, რომ დავარწმუნოთ ის მხარე, რომელიც რეალურად უნდა ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში, ჩვენი ხედვის სისწორეში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ წელს მოლაპარაკებები დაიწყება.”

ევროკავშირს საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებენ ”ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის” მიერ გამოქვეყნებული მოხსენების ავტორებიც. მათი აზრით, საქართველომ „არა მხოლოდ დააკმაყოფილა“ შესაბამისი პირობები, არამედ უფრო მეტიც გააკეთა.
XS
SM
MD
LG