Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ვაუჩერების დარიგებამ ზოგიერთ სოფელში ხმაური გამოიწვია


ენერგოვაუჩერების დარიგებამ გორის რაიონის ზოგიერთ სოფელში ხმაური გამოიწვია. ზოგს ოჯახში ორი ვაუჩერი მიუვიდა, ზოგი კი დახმარების გარეშე დარჩა. როგორც ცნობილია, სოფლებში ინდივიდუალური გამრიცხველიანობა არ არსებობს, საუბნო კომუნალურ მრიცხველებზე კი ათობით ოჯახია მიერთებული. როგორც ზოგიერთი აბონენტი ამბობს, არეულია რეგისტრაცია, რამაც პრობლემები წარმოქმნა. ის ადამიანები, ვინც თავის დროზე ინდივიდუალურ აბონენტად არ დარეგისტრირდა, ახლა არკვევენ მიიღებენ თუ არა ენერგოვაუჩერს.

სოფელ ტინისხიდში მცხოვრები სოსო იორამაშვილი „ენერგოპროჯორჯიას“ ემსახურება - მრიცხველების ჩვენებებს იწერს და ქვითრებს არიგებს. მისი თქმით, ერთ–ერთ უბანში რეალურად 72 აბონენტია, მაგრამ „ენერგოპროჯორჯიას“ რეესტრში მხოლოდ 48 კაცი აღმოჩნდა.

„ენერგოპროჯორჯიას“ გორის ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბალახაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ თუ ერთ სახლში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და მათი დახარჯული ელექტროენერგია ერთ მრიცხველზე აისახება , მაშინ ამ სახლში ერთი ვაუჩერი შევა. მისი თქმით, კომუნალურ მრიცხველებზე მიერთებული აბონენტებიც რეესტრში არიან ასახულნი და მათ მიერ დახარჯული ელექტროენერგიის საფასური ყველაზე თანაბრად ნაწილდება. მისი აზრით, გაურკვევლობა იმ ფაქტმა წარმოშვა, რომ ზოგმა ქაღალდზე დაბეჭდილი ვაუჩერი მიიღო, ზოგის ვაუჩერი კი უკვე ქვითარშია ასახული. ბალახაშვილის განცხადებით, მარტისთვის ვითარება გამოსწორებული იქნება.

კიდევ ერთი პირობა უნდა არსებობდეს იმისთვის , რომ აბონენტმა ვაუჩერი მიიღოს: 6 თვის განმავლობაში მას 200 კოლოვატსაათზე მეტი ენერგია უნდა ჰქონდეს დახარჯული.
XS
SM
MD
LG