Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა ეკონომიკის მოცულობით იაპონიას გაასწრო


ჩინური იუანი
ჩინური იუანი
დღეს გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ჩინეთმა ეკონომიკის მოცულობით იაპონიას გაასწრო და, აშშ-ის მერე, სიდიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკა გახდა. ჩინეთმა არა მხოლოდ გაასწრო იაპონიას, არამედ, იზრდება რა ძალიან სწრაფად, უნდა, რომ 15 წელიწადში აშშ-საც აჯობოს. 2010 წელს ჩინეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 5,879 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რის შემდეგაც ასი მილიარდით გადააჭარბა იაპონიის მთლიან შიდა პროდუქტს. აქვე უნდა ითქვას: ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩინეთი კეთილდღეობით იაპონიას სჯობნის. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით, იაპონიას ჯერ კიდევ ათჯერ უკეთესი მაჩვენებელი აქვს. ეს განმარტა იაპონიის კაბინეტის ხელმძღვანელმა იუკო ედანომ:

„მთლიანი შიდა პროდუქტით ჩინეთმა, მართალია, გვაჯობა, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე იაპონიას ათჯერ უკეთესი მაჩვენებელი აქვს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მეზობელი ქვეყნების სიმდიდრე და განვითარება, რათა ჩვენი კეთილდღეობა მომავალ თაობებს გადავცეთ“.

იაპონია 40 წლის მანძილზე, აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოს მეორე ეკონომიკა იყო. 1990-იანი წლებიდან ჩინეთმა, ეკონომიკურად, ძალიან დიდი სიჩქარე აკრიფა და შედეგსაც მიაღწია.

იაპონიის მთავრობა ცდილობს ასევე სწრაფ ზრდას, მიმართავს სხვადასხვა ზომას, მაგრამ ამას დადებითი შედეგი ჯერ არ მოჰყოლია. გასულ კვირაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააფრთხილა იაპონია, ყურადღება მიაქციოს სახელმწიფო ვალებს და საბიუჯეტო დეფიციტს. მაგრამ დემოგრაფიული პრობლემები იაპონიის ამოცანას ართულებს. აქვე გეტყვით, რომ ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი დიდხანს ცხრაპროცენტიანი იყო, ბოლო წელს კი ათ პროცენტს მიაღწია.

ჩინეთში ძალიან დიდია სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის, იზრდება სოციალური უკმაყოფილება. ამასთან, დასაძლევია ექსპორტის უპირატესობა იმპორტთან. თუ ჩინეთმა ზრდის ასეთი ტემპი შეინარჩუნა, ის 2025 წელს გაასწრებს აშშ-ს, მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 14 ტრილიონ-ნახევარს უდრის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG