Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე ბობოქრობს, მუბარაქი - უარზეა


კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე, ათიათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა
კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე, ათიათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა
კომენდანტის საათის მიუხედავად, კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე, ხალხმა შუაღამიდან იწყო თავშეყრა და შუადღისთვის უკვე მოსახლეობამ გაავსო დიდი სივრცე ტელევიზიისა და პარლამენტის შენობების მიმდებარე ტერიტორიებამდე. მიტინგის დაწყებამდე ეგვიპტის თავდაცვის მინისტრი მოჰამედ ტანტავი ტაჰრირის მოედანზე მასის წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მათი მოთხოვნა უკვე გაითვალისწინა მუბარაქმა, რომელმაც პირობა დადო, რომ სექტემბრის შემდეგ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. მანამდე კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აჰმედ შაფიყი დემონსტრანტებს დაჰპირდა, რომ პოლიცია ხელს არ შეუშლიდა მათ მშვიდობიან მსვლელობას და კვლავ გამოთქვა მზადყოფნა დიალოგისათვის:

„პროტესტში მონაწილე ახალგაზრდებმა მედიატორების მეშვეობით გამოგვიგზავნეს საკუთარი მოთხოვნები. და მე მივიღებ ამ ახალგაზრდებს, რათა ერთად ვისაუბროთ. უკვე წარმოებს გარკვეული დიალოგი ჩვენ შორის. იმედი მაქვს, რომ ის წარმატებით დასრულდება და მიღწეული იქნება დაინტერესებულ მხარეთა შორის კომპრომისი.“

თუმცა ოპოზიცია - ერთი მხრივ, მუჰამედ ელ ბარადეი და, მეორე მხრივ, „მუსლიმთა საძმო“ - უარს ამბობს დაიწყონ მთავრობასთან მოლაპარაკება, ვიდრე არ გადადგება ჰოსნი მუბარაქი. ისინი დაჟინებით იმეორებენ, რომ ქვეყანაში სურთ დემოკრატია და არა ის, რომ მუბარაქი შეცვალოს რომელიმე სხვა ლიდერმა, რომელსაც არმია დაუჭერს მხარს. მაგრამ მუბარაქი წინააღმდეგია, პოსტი დაუყოვნებლივ დატოვოს. „ყელამდე ვარ 62 წლიანი საჯარო სამსახურით, მაგრამ თუ გადავდგები, ქვეყანაში ქაოსი იქნება და ძალაუფლებას „მუსლიმთა საძმო“ ჩაიგდებსო, - უთხრა ჰოსნი მუბარაქმა ტელეკომპანია „ეიბისის“ კორესპონდენტ ქრისტიან ამანპურს.

ჰოსნი მუბარაქმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „ეიბისის“ კორესპონდენტ ქრისტიან ამანპურს.
მუბარაქის ეს კომენტარი მოჰყვა ზოგიერთ დასავლურ გამოცემაში გამოთქმულ ვარაუდს, თითქოს ვაშინგტონს მხედველობაში ჰქონდეს ეგვიპტის კრიზისის გადაჭრის რამდენიმე სცენარი. ერთ-ერთი ვერსიით, ვაშინგტონი განიხილავს გეგმას - მუბარაქმა ძალაუფლება გადასცეს გარდამავალ მთავრობას, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი ომარ სულეიმანი უხელმძღვანელებს. ომარ სულეიმანს მთავარი მომლაპარაკებელი უწოდა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორმა კეტრინ ეშტონმა:

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტი ომარ სულეიმანი ცდილობს განავითაროს გარკვეული ეროვნული დიალოგი. შესაბამისად, როგორც იცით, ჩვენ მოვუწოდებთ გაგრძელდეს ქუჩაში მყოფი ხალხის მხარდაჭერა, უნდა იყოს უზრუნევლყოფილი ხალხის უსაფრთხოება, რათა ხელახლა აღარ მოხდეს ძალადობა.“

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირმა მიიღოს ერთობლივი განცხადება ეგვიპტის კრიზისის თაობაზე. 4 თებერვალს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ეგვიპტის ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვას ძალადობა, უზრუნველყოს მედიის მუშაობა, მოუსმინოს ხალხის სამართლიან მოთხოვნებს და პროცესი დემოკრატიულ არჩევნებამდე მიიყვანოს:

„ პროცესმა უნდა მისცეს შესაძლებლობა ეგვიპტელ ხალხს საკუთარი იმედი უახლოეს ხანში დანიშნული თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების გზით გამოხატოს. ეს გზას გაუხსნის პასუხისმგებელ, ეფექტურ და ანგარიშვალდებულ ხელმძღვანელობას. ეს პროცესი დაუყოვნებლივ, ახლავე უნდა დაიწყოს.“

თუმცა რამდენად შეძლებს დიალოგის წარმართვას ვიცე-პრეზიდენტი სულეიმანი, ძნელი სათქმელია. ტელეკომპანია „ეიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ კაიროს ცენტრში 2 თებერვალს მომხდარი არეულობების უკან იდგნენ როგორც „გარეშე ძალები, ასევე ‘მუსლიმთა საძმო’, ძირითადი პარტიები ანდა ბიზნესმენები.“

გაეროს ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 11 დღიანი არეულობის დროს ეგვიპტეში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა შესაძლოა სამასს აღწევდეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG