Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ოკუპაცია” ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც ჩაიწერა


ევროპარლამენტის სხდომა
ევროპარლამენტის სხდომა
2011 წლის 20 იანვრის ევროპარლამენტის რეზოლუციაში ”შავი ზღვის კუთხით ევროკავშირის სტრატეგიის შესახებ” აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი კიდევ ერთხელ არის მოხსენიებული ოკუპირებულ ტერიტორიებად. ამასთანავე, რეზოლუცია მოუწოდებს უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ბარონესა კეტრინ ეშტონს გააძლიეროს თავისი ზეწოლა რუსეთზე, რათა ამ უკანასკნელმა ბოლომდე შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის მიზანიც საქართველოსთან კონფლიქტის მოგვარება და სტაბილურობის დამყარებაა.

ევროპარლამენტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს მადამ ეშტონს პირდაპირ მოუწოდებს, რომ მან რუსეთს მოუწოდოს შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ...
„შავი ზღვის კუთხით ევროკავშირის სტრატეგიის შესახებ” რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს შეიმუშაოს სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის, არსებული პრობლემების გადაჭრისა და რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის განმტკიცების მიზნით. რეზოლუციის ტექსტში აქცენტები შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ როლსა და მნიშვნელობაზე კეთდება და ის ხაზს უსვამს გაძლიერებული ძალისხმევის აუცილებლობას რეგიონში ისეთი გამოწვევების აღმოსაფხვრელად, როგორიც არის მოუგვარებელი კონფლიქტები, იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა, რეგიონის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოებები, ტრანსსასაზღვრო დანაშაული, ტრეფიკინგი და ა.შ. მაგრამ 20 იანვრის რეზოლუციამ საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ორი ძირითადი მიზეზის გამო შეიძინა, რომლებიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ სპეციალურ ბრიფინგზეც გამოკვეთა:

“ევროპარლამენტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს მადამ ეშტონს პირდაპირ მოუწოდებს, რომ მან რუსეთს მოუწოდოს შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და უზრუნველყოს ასევე კონფლიქტების მოგვარება საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე, ევროპარლამენტი თავის რეზოლუციაში პირველად ადგენს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ და იურიდიულ სტატუსს, მოიხსენიებს მათ ოკუპირებულ ტერიტორიებად და, იმავდროულად, წერს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ირღვევა ადამიანის უფლებები და მოუწოდებს ევროკავშირის სპეციალურ სტრუქტურებს დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება ყველა ასეთ ფაქტზე.”

რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტის რუმინელი დეპუტატის ტრაიან უნგურეანუს მოხსენებაზე დაყრდნობით მომზადდა, ასევე მოუწოდებს ევროკავშირს გააძლიეროს მონიტორინგის სისტემები და განავითაროს ადრეული შეტყობინების სისტემა, როგორც კონფლიქტის პრევენციის და ნდობის აღდგენის საშუალება შავი ზღვის რეგიონში.
ტრაიან უნგურეანუმ, რომელიც, სხვათა შორის, რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის კორესპონდენტი გახლდათ და დღეს კი მოლდავური სამსახურის ბლოგერია, თავისი გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას. მან თქვა:

ყველანაირი საფუძველი უქრება იმ სპეკულაციებს, რომ თითქოს ევროპა სხვადასხვაგვარად განიხილავს და აფასებს აგვისტოს ომს, ამ შემთხვევაში უკვე ლაპარაკია ევროკავშირისა და ევროპარლამენტის ერთიან პოზიციაზე ...
”რატომ ახალი ანგარიში შავი ზღვის აუზის ქვეყნების კუთხით და რატომ ევროკავშირის სტრატეგია? - შესაძლოა, თქვათ, შავი ზღვა პატარა ზღვააო. და მართლაც ასეა, მაგრამ თუ რუკას სტრატეგიული თვალსაზრისით შევხედავთ, მაშინ შავი ზღვა უზარმაზარი გახდება. დიახ, შავი ზღვა, თუ ბულგარეთისა და რუმინეთის წევრობას გავითვალისწინებთ, ევროკავშირის ნაწილიცაა, მაგრამ ამ რეგიონის სხვა ნაწილში მოვლენების განვითარება არაპროგნოზირებადია... საქართველო-რუსეთის ომის სახით ამ ტერიტორიაზე უარყოფითი გამოწვევები არსებობს, ე.წ. გაყინული კონფლიქტები რეგიონში დემოკრატიის განვითარებას უშლის ხელს. ევროკავშირის პოლიტიკას შავი ზღვის რეგიონის მიმართ აკლია მონიტორინგი, შეფასება და შემდგომი კონტროლი. შავი ზღვის რეგიონი საკმარისად ხილული არ არის ბრიუსელის დებატების დროს, ხოლო ევროკავშირის მხრიდან დაფინანსება ძალიან ფრაგმენტული და გართულებულია.”

კიდევ ერთხელ განვმარტავთ როგორ ხსნის ტერმინს ოკუპაცია საერთაშორისო სამართალი, კერძოდ კი, ჰააგის 1907 წლის კონვენცია, რომლის მიხედვითაც, ტერმინში ოკუპაცია იგულისხმება ერთი ქვეყნის სამხედრო კონტროლი მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე და, რაც მთავარია, ოკუპაციის აღიარება აუცილებლად გულისხმობს დეოკუპაციის პერსპექტივასაც. გარდა ამისა, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ასეთი ტერმინების დამკვიდრება საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში რიტორიკიდან პრაქტიკულ საქმეზე გადასვლას ნიშნავს. მისივე შეფასებით, საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში ამ ტერმინის დაფიქსირებისათვის ევროპას დაახლოებით ორი წელი დასჭირდა. მაგრამ მოსალოდნელი შედეგი ამ მოლოდინად ღირს:

”ყველანაირი საფუძველი უქრება იმ სპეკულაციებს, რომ თითქოს ევროპა სხვადასხვაგვარად განიხილავს და აფასებს აგვისტოს ომს, ამ შემთხვევაში უკვე ლაპარაკია ევროკავშირისა და ევროპარლამენტის ერთიან პოზიციაზე. სიტყვის ოკუპაცია და, საერთოდ, ამ შინაარსის შეფასებების დაფიქსირებამ დოკუმენტებში უნდა გამოიწვიოს ის საერთაშორისო სამართლებრივი შედეგები, რაც უნდა დადგეს ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და საერთაშორისო დანაშაულის პირობებში, ანუ დამნაშავეს ერქმევა თავისი სახელი - დამნაშავე, ოკუპანტს - ოკუპანტი, ესა თუ ის მხარე ასრულებს საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა კი მიმართულია იმისკენ, რომ ოკუპანტმა მოახდინოს ტერიტორიის დეოკუპაცია.”

თენგიზ ფხალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მსგავს რეზოლუციებს მყისიერი შედეგი, როგორც წესი, არ მოჰყვება, თუმცა დიპლომატიური ფრაზეოლოგიის უკან ხშირად სხვა დიპლომატიური ბერკეტების მთელი არსენალი იგულისხმება.

ევროპარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტ სააკაშვილის 23 ნოემბრის გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან მსოფლიო თანამეგობრობას ამ ტერმინის ოფიციალურად დამკვიდრებისკენ მოუწოდა, 20 იანვრის რეზულუცია კიდევ ერთი საერთაშორისო დოკუმენტია, სადაც ზემოხსენებული ტერმინი ჩაიწერა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქმედებებთან მიმართებით ოკუპაცია 16 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც დაფიქსირდა. სიტყვა ოკუპაცია, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ 17 ნოემბერს ახსენა, ასევე არაერთხელ გამეორებულა შეერთებული შტატების ლიდერების გამოსვლებსა თუ აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოთა რეზოლუციებშიც. არ უნდა დავივიწყოთ არც ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩების გამოხმაურება საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის ანგარიშზე, რომელიც მან ორგანიზაციის 47 ქვეყნის ელჩებს ნოემბრის დასაწყისში გააცნო, განხილვა კი სტრასბურგში 23 ნოემბერს შედგა. ამ მოხსენებაშიც იჩინა თავი რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებულმა ფრაზამ. ოკუპაცია საგანგებო რეზოლუციებში დაადასტურეს ლიტვისა და ჩეხეთის პარლამენტებმაც.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG