Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰუ ძინტაოს ვიზიტი პროტესტის ფონზე


პრეზიდენტები ჰუ ძინტაო და ბარაკ ობამა
პრეზიდენტები ჰუ ძინტაო და ბარაკ ობამა
ვაშინგტონში, სადაც ამ დღეებში პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს ვიზიტის გამო ჩინეთისა და შეერთებული შტატების დროშებია აღმართული, უიღურების, ტაივანისა და ტიბეტის დროშებიც ფრიალებენ. ისინი ხელთ უპყრიათ ადამიანის უფლებათა დამცველებსა და აქტივისტებს, რომლებიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეახსენებენ დანაპირებს, რითაც პეკინთან ურთიერთობის მთავარ პრიორიტეტად ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იქცეს.

შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სამიტზე დასასწრებად ჩასულ ჰუ ძინტაოს ვაშინგტონში არა მხოლოდ საზეიმო სალუტი, წითელი ხალიჩა და ბანკეტი თეთრ სახლში, არამედ არასტუმართმოყვრული დახვედრაც ელოდა.

„სირცხვილი ჩინეთს! სირცხვილი ჩინეთს! სირცხვილი ჰუ ძინტაოს!“ - გაიძახოდა 19 იანვარს თეთრი სახლის წინ შეკრებილი ასობით დემონსტრანტი იმ დროს, როდესაც ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავდნენ ფართო სპექტრის დღის წესრიგს, ეკონომიკური საკითხებით დაწყებული და კლიმატის ცვლილების პრობლემებით დამთავრებული.

აქტივისტები შიშობდნენ, რომ სადღესასწაულო ღონისძიება დაჩრდილავდა ადამიანის უფლებების პრობლემას ჩინეთში, რომელიც, „ფრიდომ ჰაუსის“ თანახმად, არათავისუფალი ქვეყნების რიგშია, მით უფრო, რომ ჰუ ძინტაოს ვიზიტის დასაწყისშივე, თავის მისასალმებელ სიტყვაში ბარაკ ობამამ ადამიანის უფლებების ფასეულობის უპირატესობაზე ფრთხილად ისაუბრა:

„ისტორია ცხადყოფს, რომ საზოგადოება უფრო ჰარმონიულია, სახელმწიფოები და მსოფლიოც უფრო წარმატებულია, როდესაც სახელმწიფოებისა და ხალხის უფლებები და პასუხისმგებლობა მხარდაჭერილია, თითოეული ადამიანის უნივერსალური უფლების ჩათვლით“.

უფრო მკაცრად და პირდაპირ საუბრობდნენ ჩინეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე კაპიტოლიუმის ბორცვზე შეკრებილი ერთობლივი პრესკონფერენციის ორგანიზატორები - ამერიკელი კონგრესმენები, გავლენიანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კრის სმიტმა პეკინის სასტიკი მმართველობის სიმბოლო უწოდა საპატიმროში მყოფ ჩინელ უფლებადამცველ ლიუ სიაობოს, რომელსაც გასულ თვეში ნობელის პრემია მიენიჭა:

„როდესაც საქმე გვაქვს მმართველთან, რომელმაც არა მხოლოდ ლიუ სიაობოს არ დართო ნება გამგზავრებულიყო ნობელის პრემიის მისაღებად, არამედ ოსლოში არ გაუშვა ასევე მისი მეუღლე და ლიუ სიაობოს მეგობრები, ეს შიშს, პარანოიას და, მე ვიტყოდი, ამ დიქტატურის მანკიერებას უსვამს ხაზს“.

კონგრესის შენობის წინ იყვნენ უიღურთა ჯგუფის წარმომადგენლები. უიღურების სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, აღმოსავლეთ თურქესტანის ავტონომია, 1940-იან წლებამდე არსებობდა, შემდეგ კი იგი ჩინეთის ნაწილად გადაიქცა. უიღურების წარმომადგენლები ჩივიან, რომ პეკინი ფეხქვეშ თელავს მათ უფლებებს, დაპატიმრებული ჰყავს ასობით აქტივისტი და არსებობს კულტურული ასიმილირების საფრთხე.

ჰუ ძინტაოს ვიზიტს შეერთებულ შტატებში აპროტესტებდნენ ასევე თავისუფალი ტიბეტის მხარდამჭერები. მათ ლიდერ დალაი ლამას, რომელიც გასულ თებერვალში ბარაკ ობამამ მიიღო, როგორც ტიბეტელთა სულიერი ლიდერი, პეკინი უკანონო სეპარატისტული მოძრაობის ლიდერად მიიჩნევს და იგი დევნილობაში იმყოფება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG