Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენ ეპლბაუმი ფილმზე „გზა უკან“


ენ ეპლბაუმი
ენ ეპლბაუმი
სამეთვალყურო კოშკურები, მავთულხლართები, სისასტიკე და შიმშილი - ამ იერსახეებს კარგად ვიცნობთ ჰოლივუდის მიერ ჰოლოკოსტის შესახებ გადაღებული ფილმებიდან. მაგრამ ამავე პერიოდის სხვა მასობრივი რეპრესიების - საბჭოთა გულაგის - შესახებ პოპულარული კინო მრავალი ათწლეულის განმავლობაში დუმდა. ეს დუმილი მიმდინარე თვეში დაირღვა კინოეკრანებზე პიტერ უირის ფილმის გამოსვლით. ფილმი, რომელსაც „გზა უკან“ ჰქვია და რომელშიც მთავარ როლს კოლინ ფარელი თამაშობს, ნაწილობრივ ეყრდნობა პოლონელი ჯარისკაცის, სლავომირ რავიჩის, მემუარებს. ამ წიგნის მთავარი გმირი - ჯარისკაცი - ჰყვება, როგორ იყო პატიმარი ციმბირში, როგორ მოახერხა გაქცევა და როგორ გაიარა 6,000 კილომეტრი ინდოეთამდე - თავისუფლებამდე. ფილმის „გზა უკან“ კონსულტანტი ცნობილი ჟურნალისტი და მწერალი ენ ეპლბაუმი იყო - ავტორი პულიცერის პრემიით დაჯილდოებული წიგნისა „გულაგის ისტორია.“ ენ ეპლბაუმს რამდენიმე დღის წინ ფილმის შესახებ ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ჯერემი ბრანშტენი ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს:

ენ ეპლბაუმი ფილმზე „გზა უკან“
please wait

No media source currently available

0:00 0:10:17 0:00
გადმოწერა


რადიო თავისუფლება: ამ ინტერვიუსთვის მზადებისას შემოწმება ჩავატარეთ - „გუგლში“ ჩავწერეთ სიტყვათშეხამება „ფილმები ჰოლოკოსტზე“. როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთი სათაური ვიპოვეთ - დაწყებული ჰოლივუდის ნაწარმიდან, იქნებოდა ეს „სოფის არჩევანი“ თუ „შინდლერის სია“, დამთავრებული შედარებით მცირებიუჯეტიანი ფილმებით - ვთქვათ, „ევროპა, ევროპათი“. მაგრამ, როცა გულაგის თემაზე გადაღებული ფილმების მოძებნა ვცადეთ, „გუგლმა“ ბევრი ვერაფერი გვაპოვნინა. თქვენი აზრით, რით აიხსნება ამგვარი უთანაბრობა?

ენ ეპლბაუმი: ვფიქრობ, ფილმებთან მიმართებით გამოკვეთილი ეს სხვაობა ამ ორი მოვლენის კულტურულ გააზრებაში არსებულ განსხვავებას ირეკლავს. გულაგის არქივები ბოლო დრომდე არ იყო ხელმისაწვდომი - ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვებოდა. მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია, რაც ისტორიკოსებმა დაიწყეს საბჭოთა არქივებში მუშაობა და მომხდარის ძალიან კარგად აღწერა. ამასთან, ვფიქრობ, დასავლეთში ეს მოვლენა მაინც სათანადოდ არ ესმით. ამ პრობლემაზე საუბრისას ხალხი „მემარცხენეთა მიკერძოებულობაზე“ ლაპარაკობს ხოლმე და იხსენებს, რომ მემარცხენეებს არ სურდათ გულაგზე საუბარი. მე კი მიმაჩნია, რომ საქმე კიდევ უფრო რთულადაა. ფაქტია, რომ აშშ-ში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში არსებობს განცდა, რომ ჩვენ ომი მოვიგეთ და მოვიგეთ რუსეთთან, საბჭოთა კავშირთან ალიანსში ყოფნისას. სტალინი ჩვენი მოკავშირე იყო და ჩვენთვის ჯერ კიდევ ძალიან ძნელია სტალინიც გენოციდის ჩამდენ დიქტატორად აღვიქვათ - პიროვნებად, რომელიც კაცობრიობის წინაშე ჩადიოდა დანაშაულს. ამდენად, ხალხი ფილმებსა და რომანებში გულაგის წარმოჩენას დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდებოდა.

რადიო თავისუფლება: თქვენ კონსულტანტი იყავით ფილმისა „გზა უკან“. თუ შეიძლება, გვიამბეთ, ეს რა ხარისხით გულისხმობდა ამ პროექტში ჩართულობას და რამდენად დაგაკმაყოფილათ საბოლოო შედეგმა.

ენ ეპლბაუმი: არ მინდა ამ ფილმში შეტანილი ჩემი წვლილი გავაზვიადო. პიტერ უირთან გარკვეული კავშირი მქონდა, სანამ სცენარის წერას დაიწყებდა. როცა გავიგე, რომ ამ თემაზე აპირებდა მუშაობას, ჩემი წიგნი გავუგზავნე. შემდეგ რამდენჯერმე ტელეფონით ვილაპარაკეთ. მოსკოვში ჩავიდა და ჩემს ნაცნობებს შეხვდა - გულაგგამოვლილ ხალხს. მას წასაკითხი წიგნების სიის შედგენაშიც დავეხმარე. მანამდე არ მქონდა ისეთ ადამიანთან მუშაობის გამოცდილება, რომელიც მასავით ფანატიკურად ეკიდებოდა ისტორიულ დეტალებს. მას სურდა ზუსტად სცოდნოდა როგორი იყო ცხოვრება იქ, უნდოდა ისეთი ამბები გადმოეცა, რომლებიც ნამდვილად ხდებოდა ბანაკებში. როცა ფილმის გადაღების პროცესი დაიწყო, ჩემს სახლში უცებ ტელეფონი ღამის 11 საათზე დარეკავდა ხოლმე. ვუპასუხებდი და... პიტერ უირი რეკავდა სიდნეიდან. მაგალითად, ასეთ რამეს მეტყოდა ხოლმე: „ენ, უცებ გკითხავ - მცველებს, რომლებიც პატიმრებს მატარებლებში სდარაჯობდნენ და ისინი ბანაკებში მიჰყავდათ, იგივე ფორმა ეცმებოდათ, როგორიც საკუთრივ ბანაკის დარაჯებს, თუ სხვანაირი?“ საბედნიეროდ, შემეძლო მისთვის მეპასუხა, რომ ამ მცველების ფორმები განსხვავებული იყო. მისთვის ერთგვარი აუდიტორია თუ მსმენელი ვიყავი. სცენარი რამდენჯერმე წავიკითხე - ეს სხვებმაც გააკეთეს. რეჟისორმა ის კიდევ ერთ ისტორიკოსს გაუგზავნა სტენფორდის უნივერსიტეტში. ამასთან, სცენარის ასლები იმ გულაგგამოვლილ ადამიანებსაც მიაწოდეს, რომლებთანაც დაკავშირება მე ვურჩიე. უნდა ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, საბოლოო შედეგი - ფილმი - შესანიშნავი გამოვიდა. როგორც იცით, იმისათვის, რომ აუდიტორია, რომელიც ამ მოვლენებს არ იცნობს, მიახვედრო, რასთან აქვს საქმე, გარკვეული მინიშნებების გამოყენება გიწევს. ამდენად, ფილმში ზოგჯერ, ვთქვათ, მცველები ისეთ ფრაზებს ამბობენ, რაც რეალურ ცხოვრებაში შესაძლებელია არ ეთქვათ, მაგრამ ეს კეთდება აუდიტორიისთვის მოვლენების ასახსნელად. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობ, მართლაც გამორჩეულად კარგი შედეგი მივიღეთ. ყველაფერი ძალიან რეალისტურია. ზუსტად გრძნობ, რამდენად კლაუსტროფობიური იყო იქაური გარემო. ფილმში მოთხრობილი ბევრი ამბავი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა - გულაგგამოვლილი მწერლის, ვარლამ შალამოვის, ან სხვა მწერლების მიერ მოთხრობილ ამბებს და, ჩემი აზრით, მათ თითქმის ზედმიწევნით გადმოსცემს. ამდენად, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად გადაღებული ფილმია და იმდენად ახლოს არის რეალობასთან, რამდენადაც ამის გაკეთება საერთოდ არის კონემატოგრაფში შესაძლებელი.

რადიო თავისუფლება:
თქვენ შალამოვი ახსენეთ და, მართლაც, გულაგში ნამყოფი ადამიანების მიერ დაწერილი ტექსტების საკმაო რაოდენობა არსებობს, სადაც ეს გამოცდილება არის აღწერილი - იქნება ეს სოლჟენიცინი, შალამოვი თუ სხვები. რა გამოარჩევს რავიჩის მემუარებს, რასაც ეს ფილმი ეყრდნობა?

ენ ეპლბაუმი: ვფიქრობ, პიტერ უირს ინტერესი აღუძრა რავიჩის მიერ არა მხოლოდ ბანაკის ამბების აღწერამ, არამედ გაქცევის ისტორიის გადმოცემამაც. რავიჩის წიგნი სათავგადასავლო ტექსტია - მე ის ჩემს 13 წლის ვაჟს მივეცი წასაკითხად და მისი დიდი მოწონებაც დაიმსახურა. საქმე ნამდვილ თავგადასავალთან გვაქვს. კითხვის პროცესში არ იცი, ფინალი კარგი იქნება თუ არა. პატიმრები ბანაკს ტოვებენ. ისინი შუა ციმბირში არიან - სიცარიელეში. შემდეგ გამოივლიან ციმბირს, მონღოლეთს, გობის უდაბნოს, ჰიმალაის მთებს და ინდოეთში ჩააღწევენ. ეს კლასიკური ამბავია მოგზაურობაზე, სხვადასხვა ეტაპისგან შემდგარი ამბავი. გზაში ყოფნისას გმირები ერთმანეთის შესახებ ბევრ რამეს შეიტყობენ. როცა მათ მოგზაურობას ვუყურებთ, ჩვენც ბევრ რამეს ვიგებთ მათ შესახებ - მათ ისტორიაზე და საკუთრივ გულაგსა და საბჭოთა სისტემაზეც. ვფიქრობ, პიტერ უირს ყოველთვის აინტერესებდა ადამიანისა და ბუნების ძალების შერკინების ამბები - სიმამაცის ამგვარი არაორდინარული გამოვლინებები - და, ალბათ, ამ წიგნმაც ზუსტად ამით მოხიბლა. ის, რომ რავიჩი გულაგში ნამდვილად იმყოფებოდა, დადგენილია. მაგრამ ზუსტად არ ვიცით, მან ეს გზა თავად გაიარა თუ არა. არსებობს ეჭვი, რომ მან ეს იდეა ვიღაცისგან მოიპარა. მაგრამ ის ძალიან კარგი მწერალია და ამ ამბავს დამაინტრიგებლად აღწერს. ამბავს აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული, ანუ გამოკვეთილი ფაბულა. ვფიქრობ, პიტერ უირს სწორედ ეს მოეწონა და ამ მოწონების მიზეზიც კარგად მესმის.

რადიო თავისუფლება: სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა - თქვენც აღნიშნეთ, რომ არსებობს ეჭვები რავიჩის მიერ მოთხრობილი ამბის მთავარ ასპექტებსა და იმაზე, თუ საერთოდ რამდენად შეესაბამება ის სინამდვილეს, ყოველივე ეს მას მართლა გადახდა თავს თუ ის სხვა პოლონელებთან ერთად გულაგიდან 1942 წელს გაათავისუფლეს. თქვენ რა დაადგინეთ?

ენ ეპლბაუმი: მგონი, ეს ამბები უკვე დადგენილია. ის გაათავისუფლეს. გულაგში მართლაც იყო და ანდერსის არმიასთან ერთად გამოუშვეს. ლაპარაკია პოლონელი პატიმრების ნაწილზე, რომლებიც იმიტომ გაათავისუფლეს, რომ 1941 და 1942 წლებში გერმანელებთან ებრძოლათ. არსებობს ჩანაწერები, იმის დამადასტურებელი, რომ ის ბანაკიდან ამ გზით გამოვიდა. ამდენად, ეს, ალბათ, მართლაც ასე იყო. გულაგის ამბების მისეული აღწერა ნამდვილად ავთენტურია. როგორც ირკვევა, საქმე შემდეგში მდგომარეობდა: მან შეიტყო პატიმართა სხვა ჯგუფის მიერ გავლილი მარშრუტის შესახებ; შესაძლოა, პოლონეთის მთავრობისთვის 1940-იან წლებში ამ საკითხებზე შედგენილ ანგარიშსაც გაეცნო. შემდეგ კი ეს ამბავი გამოიყენა. არსებობს გარკვეული მტკიცებულებები მოწმეების მხრიდან, ასევე არის პირი, რომელიც აცხადებს, რომ ერთ-ერთია, ვინც ეს გზა გაიარა. ბევრი ამბავია გავრცელებული, რაც ადასტურებს, რომ ეს გზა ვიღაცებმა ნამდვილად გაიარეს, მაგრამ, როგორც ჩანს, რავიჩი მათ შორის არ ყოფილა. თუმცა, ვფიქრობ, პიტერ უირმა ბოლოს გადაწყვიტა, რომ ამას არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. ის არ ამბობს, რომ ფილმი რეალურ ამბავს ასახავს - ამბობს, რომ ფილმი მხოლოდ ეყრდნობა ნამდვილ ამბებს და რომ ზოგიერთი დეტალი ფილმში შეცვლილია. ფილმი წიგნს ზედმიწევნით არ მიჰყვება. მან შეცვალა სათაური, მთავარი პერსონაჟის სახელი. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ამბავმა, ზოგადად, ის მართლაც შთააგონა - იმიტომ რომ, როგორც უკვე ვთქვი, ეს ძალიან კარგად დაწერილი, თავბრუდამხვევი თავგადასავალია და მისი მოუწონებლობა მართლაც ძნელია. 1950-იან წლებში ეს წიგნი ინგლისში ბესტსელერი იყო.

რადიო თავისუფლება: და, ალბათ, მთავარი მაინც ფილმის მესიჯია - ისევე, როგორც გულაგის ავთენტური აღწერა. რას ისურვებდით, რომ აუდიტორიამ ამ ფილმით შეიტყოს?

ენ ეპლბაუმი: ეს დამაინტრიგებელი ფილმია და იმედი მაქვს, აუდიტორია მისი ხილვით ისიამოვნებს. ვფიქრობ, ამ ფილმის ნახვის შემდეგ მათ გარკვეული წარმოდგენა შეექმნებათ იმაზე, თუ რა მოხდა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში 1940-იან და 1950-იან წლებში. ვფიქრობ, უფრო უკეთ წარმოიდგენენ, როგორი განცდაა იყო გამოკეტილი ბანაკში, სადღაც გადაკარგულში, საიდანაც ნებისმიერ ადგილამდე ჩასაღწევად რამდენიმე თვის განმავლობაში ფეხით მოგიწევს სიარული. ამასთან, ვფიქრობ, აუდიტორიას უკეთესი წარმოდგენა შეექმნება პოლიტიკურ ვითარებაზე და გარკვეული თანაგრძნობა გაუჩნდება ამგვარი გმირების მიმართ. მთავარი პერსონაჟი პოლონელია, თუმცა გვხვდებიან რუსი, ლატვიელი და იუგოსლავი პერსონაჟებიც. ერთ მომენტში ისინი თავიანთ თავს ხუმრობით მინი-გაეროსაც კი უწოდებენ. ამ ადამიანების ცხოვრების გაცნობით გარკვეული წარმოდგენა გექმნებათ იმაზე, თუ რა მოხდა ამ რეგიონში, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტს, რომ საქმე, უბრალოდ, კარგ ფილმთან გვაქვს.

რადიო თავისუფლება: თქვენ ბევრი ისაუბრეთ დასავლელ აუდიტორიაზე, თუმცა, ალბათ, გარკვეული მესიჯი იმ თაობასაც ეგზავნება, რომელიც აღმოსავლეთში ცხოვრობს, მაგრამ იმ პერიოდის მოვლენებს მაინც არ იცნობს კარგად.

ენ ეპლბაუმი: აღმოსავლეთში მცხოვრებ ახალგაზრდა თაობას ეს ფილმი აძლევს შანსს ნახონ როგორი იყო ცხოვრება მათ რეგიონებში 50, 60 წლის წინ. რატომ არის რუსეთში ის ვითარება, რომელიც არის? რატომ არის ცხოვრება ისევე სტრუქტურირებული, როგორც ეს ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე იყო? ეს ფილმი ამ შეკითხვების ნაწილობრივი პასუხია. თუ არ გვესმის, აქამდე როგორ მოვედით, ვერც აწმყოს გაგებას შევძლებთ. ისტორია არ დაწყებულა 20 წლის წინ - კედელი როცა დაინგრა და კომუნიზმი როცა ჩამოიშალა. ისტორია მანამდე დაიწყო და ეს ფილმი მნიშვნელოვანი გასაღებია იმის გასაგებად, თუ როგორ მივიღეთ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დღეს არსებული რეალობა.
XS
SM
MD
LG