Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გამოძიებას მოითხოვს


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი (ზვიად) სიჭინავა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი (ზვიად) სიჭინავა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ, განაცხადა, რომ ტაოპრივატბანკთან შეთანხმება მიღწეულია და 300 ათასი ევროს დავალიანების გამო ფეხბურთის ფედერაციის უძრავ და მოძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა მოიხსნება. შეთანხმების მიხედვით, ფედერაცია ბანკს პირველ ეტაპზე 150 ათას ევროს გადაუხდის. ასევე შეთანხმდა დარჩენილი თანხის გადახდის გრაფიკი, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მაინც აპირებს ვალის თაობაზე საგამოძიებო სტრუქტურებს მიმართოს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ, პრესკონფერენციის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ ტაოპრივატბანკთან კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესახებ მოლაპარაკება შედგა, თუმცა იმის გამო, რომ ბანკი ფეხბურთის ფედერაციას ვალის გადახდის ვადების დარღვევასაც ედავება, თავდაპირველი თანხა (300 ათასი ევრო) საჯარიმო თანხებისა და პროცენტების დანამატით გაიზარდა:

”ჩვენ მოვილაპარაკეთ ტაოპრივატბანკთან და ახლა ყოველთვე მათ ვუხდით 150 ათას ევროს პლუს 25 ათას 800 ევრო - ყოველი თვის პირველ რიცხვში; ანუ თანხა, რომელიც იყო 300 ათასი ევრო, დღეს გახდა 450 ათასი ევრო. სექტემბერში, როცა საუბარი გვქონდა ბანკთან, მაშინ იყო 348 ათასი ევრო ”, - ამბობს ზვიად სიჭინავა.

სადავო თანხა, რომლის გამოც ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონება სააღსრულებლო ბიუროს მეშვეობით დაყადაღდა, ფეხბურთის ფედერაციამ 2008 წლის 29 დეკემბერს კრედიტის სახით აიღო ტაოპრივატბანკისგან. შეთანხმებას 300 ათასი ევროს ბანკიდან გამოტანის შესახებ იმჟამინდელი ფედერაციის პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის, ფაქსიმილე ადევს. როგორც ფეხბურთის ფედერაციაში დღეს განმარტავენ, მაშინ ნოდარ ახალკაცი თბილისში არ იმყოფებოდა და მისი ფაქსიმილეთი სხვა პირმა ისარგებლა. ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ფედერაციის გენერალური მდივანი, თუმცა ეს საკითხი დღემდე ბუნდოვანია. სწორედ ამ საკითხის გამოძიებას მოითხოვდა დღეს ზვიად სიჭინავა:

”მე ადრეც განვაცხადე, რომ წინა ხელმძღვანელობასთან პრეტენზიები არა მაქვს და დღესაც ამ პრეტენზიას არ გამოვთქვამ, მაგრამ მინდა, ერთი რაღაც გითხრათ: მე მაქვს ტაოპრივატბანკთან ხელმოწერილი დოკუმენტის ორიგინალი, რომელზეც არის ფედერაციის პრეზიდენტის ფაქსიმილე. მე მაინტერესებს, თუ შეიძლება ფაქსიმილეთი 300 ათასი ევროს გაცემა?.. მე მინდა, საგამოძიებო ორგანოებმა გამოარკვიონ, რატომ იყო უსაფრთხოების წესები დარღვეული, რატომ ზარალდება ქართული ფეხბურთი და როგორ შეუძლია ნებისმიერ პირს ფეხბურთის ფედერაციაში გამოიყენოს უფროსის ფაქსიმილე და რაც უნდა ის გააკეთოს”.

ბანკიდან თანხის გამომტანის გარკვევამდე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბუღალტერიასთან ერთად ის გამოარკვია, თუ სად წავიდა და რას მოხმარდა ტაოპრივატბანკიდან აღებული 300 ათასი ევრო. როგორც ირკვევა, 2008 წლის 29 დეკემბერს კრედიტად აღებული 300 ათასიდან ფეხბურთის ფედერაციამ 20 ათას 159 ევრო გერმანიაში კომპანია „მაინცის“ ანგარიშზე გადარიცხა, რადგან აგვისტოს ომის გამო სანაკრებო მატჩი თბილისში ვერ გაიმართა და ქალაქ მაინცის სტადიონზე შედგა. ამავე დღეს, ანუ 29 დეკემბერს, თანხის დარჩენილი ნაწილი ფედერაციამ ლარში გადაახურდავა და მომდევნო დღეს, ანუ 30 დეკემბერს, 469 ათასი ლარი თბილისის დინამოს ანგარიშზე ჩარიცხა, 162 ათასი ლარი კი ზესტაფონში გადაირიცხა. 31 დეკემბერს ზესტაფონმა თანხა უკან ასესხა ფეხბურთის ფედერაციას, საიდანაც 115 ათასი ლარი ფედერაციის მაშინდელი გენერალური მდივნის, უჩა უგულავას, ანგარიშზე გადაირიცხა.

ფეხბურთის ფედერაციაში დღეს უჭირთ იმაზე პასუხის გაცემა, რატომ გადაირიცხა უჩა უგულავას პირად ანგარიშზე ეს თანხა და რას მოხმარდა ის. თავად უჩა უგულავას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და ჩვენ მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

რაც შეეხება ტაოპრივატბანკს, კომენტარი ვერც იქიდან მოვიპოვეთ. გვინდოდა გადაგვემოწმებინა ის ინფორმაცია, რომლის შესახებაც ზვიად სიჭინავა ლაპარაკობდა, ანუ ის, რომ სექტემბერში ბანკსა და ფედერაციას შორის მოლაპარაკება შედგა თავდაპირველი 300 ათასი ევროს გადახდის გრაფიკის შესახებ. პირველი თანხა, 20 ათასი ევრო, ზვიად სიჭინავას განცხადებით, ოქტომბერში გადაირიცხა, მომდევნო თანხა, კვლავ 20 ათასი ევროს ოდენობით, იანვარში უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ბანკმა დეკემბერში ფედერაციის ანგარიშების დაყადაღება მოითხოვა.

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ფედერაციასა და ბანკს შორის ურთიერთობას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, არსებული სიტუაცია ფედერაციის დაფინანსებაზე სახელმწიფოს მხრიდან არ აისახება და ფედერაცია კვლავ ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარს მიიღებს:

”ეს არის დაუდევრობის ბრალი, ეს არის დაგროვილი ვალი, რომლის მემკვიდრეც დღევანდელი ფეხბურთის ფედერაცია გახდა და მე მინდა, ასევე განვაცხადო, რომ 2011 წლიდან ფეხბურთის მხარდაჭერის პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან შეუფერხებლად გაგრძელდება და დაგეგმილი ყველა პროგრამა დაფინანსდება”.

წერილში კი, რომელიც ტაოპრივატბანკმა ფედერაციას გაუგზავნა და რომელიც ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ, წარმოადგინა ჟურნალისტების წინაშე, ტაოპრივატბანკი წინააღმდეგი არ არის თანხა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით იქნეს ამოღებული: ფედერაციამ პირველ ეტაპზე - 150 ათასი ევრო, ყოველი თვის პირველ რიცხვში კი 25 ათას 800 ევრო უნდა გადაიხადოს. ბანკი ყადაღის მოხსნაზეც თანახმაა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG