Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობა გამოძიებული იქნება


ფეხბურთის გულშემატკივრები და ულტრანაციონალისტები მოსკოვში 11 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე
ფეხბურთის გულშემატკივრები და ულტრანაციონალისტები მოსკოვში 11 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე
რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის, თქმით, დაისჯება ყველა ის პირი, ვინც შაბათ-კვირას მომხდარი ძალადობის უკან დგას. ძალადობა, რომლის დროსაც დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა, მოჰყვა საპროტესტო აქციას, რომელიც გასულ კვირაში ფეხბურთის გულშემატკივრის მკვლელობის გამო გაიმართა.

სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა შეტაკებაში, რომელიც შაბათის აქციაზე მონაწილეებსა და პოლიციას შორის მოხდა. საკუთრივ აქცია გასულ კვირაში ქუჩაში მომხდარ ჩხუბში ფეხბურთის გულშემატკივრის დაღუპვის გასაპროტესტებლად იმართებოდა და მასში დაახლოებით 5,000 პირი იღებდა მონაწილეობას.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა კვირას, გვიან საღამოს, ტვიტერით გაავრცელა შეტყობინება: ყველა დამნაშავე დაისჯება, ამაში დარწმუნებული იყავითო.

ორშაბათს კი მან მსგავსი მოწოდებით სამართალდამცავებს მიმართა: „განსაკუთრებით საშიშია ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სიძულვილისა და მტრობის გაღვივებას რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით. ასეთი ნაბიჯები სახელმწიფოს გამძლეობას უქმნის საფრთხეს. ამგვარ ნაბიჯებთან დაპირისპირებისას მილიციას შეუძლია - და ვალდებულია - გამოიყენოს კანონით დადგენილი ყველა უფლება და შესაძლებლობა.“

ძალადობა, რომელმაც, როგორც ბევრი ამბობს, ექსტრემისტებსა და ფეხბურთის მოყვარულებს შორის ახლო კავშირები გამოავლინა, რუსეთისთვის დიდი სირცხვილია. ჯერ ორი კვირაც არ გასულა იმ დღიდან, როცა ამ ქვეყანამ 2018 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

შაბათის აქცია, როგორც აღვნიშნეთ, ფეხბურთის გულშემატკივრის მკვლელობის გასაპროტესტებლად იმართებოდა. მოსკოვის „სპარტაკის“ გულშემატკივარი იგორ სვირიდოვი 5 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

გავრცელებული ხმების თანახმად, სვირიდოვი, რომელიც „სპარტაკის“ გულშემატკივართა რადიკალური ჯგუფის წევრი იყო, ჩრდილოკავკასიელებთან მომხდარ ჩხუბს ემსხვერპლა. გასულ კვირაში ყაბარდო-ბალყარელი ასლან ჩერქეზოვი დააკავეს მკვლელობასთან კავშირში ეჭვის გამო. მისი მეგობრები დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს.

მანეჟის მოედანზე შაბათს გამართული უსანქციო აქცია მალე გადაიზარდა არეულობაში, რომელშიც ათასობით დემონსტრანტი მონაწილეობდა. ბევრი მათგანი შავებში ჩაცმული ახალგაზრდა იყო, თავზე შავი კაპიუშონით და სახეზე შავი ნიღბით. ისინი რასისტულ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ და პოლიციას ქვებით, ცარიელი ბოთლებითა და ყინულის ლოდებით უწევდნენ წინააღმდეგობას. ზოგიერთი დემონსტრანტი პოლიციელებზე თავდასხმისას რკინის ხელკეტებსაც იყენებდა.

ამ, კრემლის ახლოს მდებარე, მოედანზე დიდხანს და ხმამაღლა ისმოდა ლოზუნგი „რუსეთი რუსებისთვის“, ისევე როგორც კავკასიელების საწინააღმდეგო განცხადებები.

მოსკოვის სპარტაკის ფან-კლუბის ხელმძღვანელმა, ამირ ხუსლუტდინოვმა, კვირას ჟურნალისტებს უთხრა, ძალადობა ულტრანაციონელისტებმა გამოიწვიესო, და უარყო ვარაუდი, რომ ამ ულტრანაციონალისტებსა და ფეხბურთის მოყვარულებს შორის ახლო კავშირები არსებობს: „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოსკოვის კლუბის თაყვანისმცემლებს არ მიუღიათ მონაწილეობა მანეჟის მოედანზე განვითარებულ მოვლენებში.“ იმავე შინაარსის განცხადებით გამოვიდა რუსეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელი სერგეი ფურსენკოც: ფეხბურთი პოლიტიკის მიღმა დგას და ჩვენ ვერც ერთი პარტია ან მოძრაობა ვერ გვაიძულებს მისი ლოზუნგები ვიყვიროთო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა კვირას მომხდარ არეულობაში ბრალი „მემარცხენე ექსტრემისტებს“ დასდო. მაგრამ ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ ზოგიერთი მონაწილე ხელს წევს და ნაცისტურ სალამს იძლევა. დემონსტრანტები იმ გამვლელებსაც ესხმოდნენ თავს, ვისაც არასლავური გარეგნობა ჰქონდა. სულ მცირე, ხუთ კავკასიელ კაცს სახეში ურტყეს.

კვირასვე მოსკოვიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელთა ჯგუფს ყირგიზი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ინტერფაქსის“ თანახმად, დაღუპული 37 წლის ალიშერ შამშიევი იყო - მას დაახლოებით 15 ახალგაზრდა დაესხა თავს. გავრცელებული ვარაუდით, თავდასხმა ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, შამშიევს ჯერ მხეცურად სცემეს, შემდეგ კი დანით მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები.

ასეთ ფონზე კვირას მოსკოვში სხვა აქციაც გაიმართა - ოპოზიციამ კონსტიტუციის დღე აღნიშნა. ოპოზიციის ლიდერმა გარი კასპაროვმა განაცხადა, ულტრანაციონალისტთა მიერ ჩადენილი ძალადობა მთავრობისთვის გაფრთხილება უნდა გახდესო. „მთავრობას, ალბათ, ესმის, რომ მშვიდობიან, არაძალადობრივ მიტინგებთან გაუთავებელ ბრძოლას სიკეთემდე არ მივყავართ. ახლა კი ვნახეთ, რა ხდება როცა ნამდვილი მღელვარება, მასობრივი არეულობა და პოგრომები იწყება. მინდა მჯეროდეს, რომ რუსეთის მთავრობას საღი აზრი გარკვეულწილად მაინც შერჩა", - განაცხადა კასპაროვმა.

არეულობების ფონზე რუსეთიდან გავრცელებული პირველი ცნობების თანახმად, პოლიციას ძალადობის ორგანიზატორები ამოცნობილი ჰყავდა, თუმცა შემდეგ საპირისპირო ინფორმაციაც გავრცელდა - კერძოდ, რომ გამომძიებლებს კონკრეტული ცნობები არა აქვთ და რომ დამნაშავეთა ამოცნობის მიზნით ისინი განაგრძობენ სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრების ანალიზს.
XS
SM
MD
LG