Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ინფორმაციის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ


26 ნოემბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - მათ შორის, საქართველოში - ინფორმაციის დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის ინიციატივა ეკუთვნის ინფორმაციის საერთაშორისო აკადემიას, რომელსაც გაეროს ეკონომიკურ საბჭოებში გენერალური საკონსულტაციო სტატუსი აქვს. აკადემიის წევრები მოგვიწოდებენ არა მარტო მივულოცოთ პროფესიული დღესასწაული ადამიანებს, რომლებიც მუდმივად გვაწვდიან ინფორმაციას, არამედ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფორმაცია ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში.

ინფორმაციის სიჭარბემ, რაც მეოცე და ახლა უკვე 21-ე საუკუნემ მოიტანა, შექმნა ეგრეთ წოდებული „ინფორმაციული აფეთქების“ საშიშროება მთელ პლანეტაზე, ანუ ინფორმაციის სიჭარბეს, ბოლოს და ბოლოს, არა მარტო ადამიანმა, არამედ ტექნიკამაც შეიძლება ვეღარ გაუძლოს და ინფორმაციული „აპოკალიფსის“ პროცესი დაიწყოს. მაგრამ ეს უფრო საშინელებათა კინოს სიუჟეტია, რომელიც ნაკლებად რეალურია განხორციელდეს, თუკი ინფორმაციის თავისუფალი მიწოდების, შეუზღუდავი გაცვლის მომხრეები ინფორმაციას უფრო დიდ როლს არ მიანიჭებენ, ვიდრე ამას იმსახურებს, მეოცე საუკუნის უდიდესი კომპოზიტორის, იგორ სტრავინსკისა არ იყოს, რომელმაც ჯერ კიდევ 20–იან წლებში თქვა: „მგონი, შევთანხმდით, რომ სილამაზე ვერ იხსნის სამყაროს..ახლა რა? ჟურნალ–გაზეთებს ანიჭებთ მხსნელის როლს?“

მაგრამ ფაქტია, არსებობს გამოთქმა: „სამყაროს ფლობს ის, ვინც ინფორმაციას ფლობსო“. სხვათა შორის, ეს გამოთქმა ძველია - დამკვიდრდა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ კომპიუტერი ლამის ყოველი ადამიანის ოჯახის „წევრი“ გახდებოდა, როცა ადამიანები ინფორმაციას მხოლოდ წერილობით გადასცემდნენ...დღეს ასეთი - „წერილობითი“ - ურთიერთობა ძველთაძველ ფორმად ითვლება. ახლა არა მარტო ინფორმაციას გადასცემენ ერთმანეთს ინტერნეტით, არამედ განათლების დისტანციურ ფორმასაც ამკვიდრებენ – ლექტორი ლექციას კითხულობს პარიზში და მას სტუდენტები თუნდაც ბათუმში უსმენენ.

მიუხედავად ამისა, ინფორმაციის მსოფლიო დღეს საქართველოში ისევ დაიწყო საუბარი ინფორმაციის შეზღუდვასა და ინფორმაციის დამალვაზე, რასაც კვლავ არ ერიდებიან ჩვენი ჩინოვნიკები. ხელისუფლების ასეთმა პოლიტიკამ განსაკუთრებით დააზარალა დამოუკიდებელი მედია, რომელიც ასეთ პირობებში კონკურენციას ვერ უძლებს და, როგორც წესი, დასავლური ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტებით არსებობს. თუმცა დამოუკიდებელ მედიას სხვა პრობლემებიც აქვს - მაგალითად, ახალი ტექნოლოგიების ათვისების თვალსაზრისით.

„რედაქციებსა და „ნიუს რუმებს“ ზუსტად არ ესმით, თუ რას ნიშნავს ახალი ტექნოლოგიები და როგორ შეიძლება პროგრამული ნაწილის განვითარება. ახალი მედია არის, გვაიმედებს, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფრის ახალ მედიაში გადმოტანა ძალიან ნაადრევია. მოსახლეობის მხოლოდ 25 პროცენტი მოიხმარს ინტერნეტს და იღებს ინფორმაციას ინტერნეტიდან, ამიტომ კვერცხების მთლიანად ამ კალათში ჩადება, არ იქნება სწორი“, – შენიშნავს ჩვენს კორესპონდენტთან, ნინო თარხნიშვილთან, საუბარში ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი შორენა შავერდაშვილი.“

ასეთ პირობებში – როცა „საინფორმაციო ბაზარი“ საქართველოში ჯერ კიდევ მოკლებულია სამართლიანობას და წესრიგს - მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს მედიის კრიტიკამ. ახალი ტექნოლოგიები ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას გამოთქვას თავისი აზრი ამა თუ იმ ინფორმაციაზე, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაგვეხმაროს „გადავამოწმოთ ინფორმაცია“. საქართველოში არაერთი ასეთი საიტი და ბლოგი ფუნქციონირებს. ერთ–ერთზე, ნინია კაკაბაძის ბლოგზე, საშუალება გეძლევათ არა მარტო ქართულ მედიაზე დაწერილ კრიტიკულ წერილებს გაეცნოთ, არამედ ინფორმაცია მიიღოთ ეგრეთ წოდებულ დახურულ თემებზეც.

ნინია კაკაბაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი მომხმარებელი მაშინ ჰყავს, როცა ეკლესიის თემას ეხება. გამოდის, რომ სწორედ ეკლესიაა დღეს ერთ-ერთი ყველაზე დახურული თემა ქართული მედიისთვის.

სხვათა შორის, მედიის კრიტიკა ნინია კაკაბაძემ ახლა ჟურნალ „ლიბერალში“ გააგრძელა. მედიის კრიტიკით დაინტერესდა ჟურნალისტი შალვა რამიშვილიც, რომელსაც თავისი რუბრიკა აქვს გაზეთ „კვირის პალიტრაში“. ესაა, თუ შეიძლება ითქვას, „ინფორმაცია ინფორმაციაზე“, რათა საქართველოში მოსახლეობისთვის დეზინფორმაცია არ იქცეს „ინფორმაციად“ და ამით თავად ინფორმაციის დისკრედიტაცია არ მოხდეს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG