Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორეის კრიზისში საერთაშორისო სამხედრო დიპლომატია ჩაერთო


ჩრდილოეთ კორეის დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლები სამხრეთ კორეაში
ჩრდილოეთ კორეის დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლები სამხრეთ კორეაში
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამხრეთ კორეის ლიდერს მხარდაჭერა გამოუცხადა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან განხორციელებული საარტილერიო იერიშის შემდეგ, რის გამოც სამხრეთ კორეის ერთ-ერთ კუნძულზე ოთხი კაცი დაიღუპა. თეთრმა სახლმა იონბენზე მომხდარ თავდასხმას აღმაშფოთებელი უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დიპლომატიური მეთოდებით და ფრთხილად იმოქმედებს.

თეთრი სახლის განცხადებით, პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარების ერთ-ერთი საშუალებაა ჩინეთზე ზეწოლა, რათა პეკინმა სამომავლოდ ხელი შეუშალოს ჩრდილოეთ კორეის აგრესიულ ქმედებას. ჩინეთი ითვლება ერთადერთ მნიშვნელოვან მხარდამჭერად ეკონომიკურად ღატაკი ფხენიანის რეჟიმისა, რომელიც სწორედ პეკინისგან ღებულობს საკვებს, იარაღსა და სხვა ნივთიერ დახმარებას. ვაშინგტონის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შეერთებული შტატები ავითარებს გრძელვადიან სტრატეგიას, რომელშიც ჩრდილოეთ კორეის განიარაღების მოლაპარაკებაში მონაწილე ექვსეულის წარმომადგენელი ქვეყნებიც ჩაერთვებიან. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა 23 ნოემბერს განმარტა, რომ აპირებენ იმოქმედონ მტკიცედ, მაგრამ ფრთხილად:

„წინსვლისათვის ჩვენ ვაპირებთ ვიმოქმედოთ ფრთხილი და ერთიანი მიდგომით. ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ ჩინეთთან ერთად, ჩვენი საპასუხო ნაბიჯის შესამუშავებლად ვიმუშაოთ ექვსმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილე ჩვენს პარტნიორებთან. მაგრამ ისევ და ისევ ხაზს ვუსვამ: ეს უნდა იყოს ფრთხილი და ერთიანი პასუხი.“

„ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, თეთრ სახლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უარი თქვას ისეთ მოქმედებაზე, რომელიც ჩრდილოეთ კორეას მისცემდა შესაძლებლობას შემდგომი პროვოკაციული ნაბიჯებით იძულებული გაეხადა საერთაშორისო საზოგადოება უფრო მეტ დათმობაზე წასულიყო.

იაპონია, რომელიც ექვსმხრივი მოლაპარაკების მონაწილეა, ასევე დაინტერესებულია, პრობლემა მულტილატარელურად მოგვარდეს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე იაპონიის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო თათბირი იგეგმება.

„პრობლემის მოსაგვარებლად იაპონია მჭიდროდ ითანამშრომლებს სამხრეთ კორეასთანაც და შეერთებულ შტატებთანაც. ვგეგმავთ მივმართოთ ჩინეთსაც, ქვეყანას, რომელსაც ჩრდილოეთ კორეაზე დიდი გავლენა აქვს, რათა გავიგოთ მისი პოზიცია ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე.“

თუმცა, დიპლომატიური ნაბიჯების გარდა, დავიწყებული არც სამხედრო გზებია. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ის რამდენიმე დღეში სამხრეთ კორეასთან ერთად საზღვაო სწავლებას ჩაატარებს და კორეის წყლებში ავიამზიდს შეიყვანს. ამავე დროს, ჩრდილოეთ კორეა კონფლიქტის ესკალაციაში ბრალს სდებს სეულს, რომელმაც, ფხენიანის განცხადებით, პირველად გახსნა საარტილერიო ცეცხლი და მდგომარეობა „საომარ დაპირისპირებამდე“ მიიყვანა.
XS
SM
MD
LG