Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი: „ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინის სტრატეგიულ მიზნად რჩება“


ბრიუსელი: ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე (მარცხნივ), უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ
ბრიუსელი: ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე (მარცხნივ), უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ
უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე ერთსულოვნებას მიაღწიეს სამოქმედო გეგმაზე, რომელიც უკრაინას, როგორც კიევში იმედოვნებენ, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დამყარებამდე მიიყვანს. მიაღწიეს შეთანხმებას სხვა სფეროებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზეც.

ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ, რომლის გვერდით იდგნენ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ, მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს გვეძლევა შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც უკრაინისთვის ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის დამყარებას ხანმოკლე ვიზიტებისთვის. ჩვენ ასევე შევძელით, ხელი მოგვეწერა ოქმზე ამჟამინდელი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებისა, რომელიც უკრაინას აძლევს ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას“, - განაცხადა ვან რუმპემ და კმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირ-უკრაინის ურთიერთობაში მიღწეული წინსვლის გამო.

უვიზო რეჟიმის დამყარების გეგმა ითვალისწინებს კიევის მიერ საზღვრების კონტროლის, ისევე როგორც მიგრაციის მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესებას. ამ მოთხოვნების შესრულების კონკრეტული გრაფიკი არ დაუზუსტებიათ.

საყურადღებოა, რომ ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტის წინა, სექტემბრის ვიზიტისაგან განსხვავებით, როცა ევროკავშირის ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს კიევში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, ამჯერად იანუკოვიჩმა ქება მოისმინა.

„უკრაინაში ვხედავთ პოლიტიკური სტაბილურობის პერიოდს, როცა პრეზიდენტი და მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობენ, ძლიერ საპარლამენტო უმრავლესობაზე დაყრდნობით. ეს უკრაინას აძლევს შესაძლებლობას, განაგრძოს მნიშვნელოვანი რეფორმები“, - განაცხადა ევროკავშირის პრეზიდენტმა.

ვან რუმპემ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ბაროზუმ იანუკოვიჩთან საუბრის შემდეგ განაცხადეს, რომ, თუ რეფორმები გაგრძელდება, უკრაინა შეძლებს მომავალი წლის ზაფხულამდე გააფორმოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.

დღის წესრიგში იდგა, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის ენერგომომარაგების საკითხიც. ბაროზუმ განსაკუთრებით მაღალი შეფასება მისცა იანუკოვიჩის „ძალიან მტკიცე პოლიტიკურ განცხადებას“, რომ აღარ განმეორდება გაზით მომარაგების კრიზისი, როგორმაც ევროკავშირი დააზარალა 2009 წლის იანვარში.

„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გვჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს სამმხრივი ურთიერთობა უკრაინას, რუსეთსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის დღეს.

თავის მხრივ, იანუკოვიჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა გაზის შეუფერხებელი ტრანზიტის პირობას დებს:

“მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ უკრაინა იძლევა გარანტიას, რომ ევროპა შეუფერხებლად მომარაგდება ენერგორესურსებით“.

იანუკოვიჩმა აღნიშნა აგრეთვე, რომ უკრაინა კვლავინდებურად მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ.

„მე კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინის სტრატეგიულ მიზნად რჩება“, - ამბობს იანუკოვიჩი.

უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე განხილული კიდევ ერთი საკითხი იყო დნესტრისპირეთის კონფლიქტი. როგორც ცნობილია, მოლდავეთის ეს რეგიონი სწორედ უკრაინას ესაზღვრება. ვან რუმპეს განცხადებით, ევროკავშირიც და უკრაინაც დაინტერესებული არიან მოლდავეთის ტერიტორიული მთლიანობით, და მომავალ წელს, როცა რეგიონის სტატუსზე ოფიციალური მოლაპარაკების დაწყებაა მოსალოდნელი, უკრაინის „აქტიური მხარდაჭერის“ იმედი აქვთ.
XS
SM
MD
LG