Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო უკრაინის გამო „დაქვეითებას“ გადაურჩა


ლისაბონის სამიტის მიმდინარეობა
ლისაბონის სამიტის მიმდინარეობა
ლისაბონის ნატოს სამიტი საქართველოსათვის ორი მომენტის გამო აღმოჩნდა განსაკუთრებით გამორჩეული. სწორედ ლისაბონში გაიმართა შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების ნალოდინევი შეხვედრა, ხოლო საქართველოს ნატოში სწრაფვა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კვლავაც დადასტურდა ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაშიც და ალიანსის წევრი ქვეყნების ერთობლივ დეკლარაციაშიც.

19 ნოემბერს ლისაბონში ნატოს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ნატოს მომდევნო ათწლეულის სტრატეგიული „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ კონცეფცია. დოკუმენტში, რომელსაც ანდრეს ფოგ რასმუსენმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა, ალიანსის „საგზაო რუკა“ უწოდა, კვლავ დადასტურდა ერთგულება ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკისა და ბუქარესტში აღებული ვალდებულებების მიმართ. მიხეილ სააკაშვილმა ნატოს სამიტზე განაცხადა, რომ თავიდან იქნა აცილებული საფრთხე, უკრაინის ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის გამო, საქართველოც „უკან დაეწიათ“.

„საფრთხე იყო, რომ შიგნით ყოფილიყო ისეთი ლობირება, რომ რაკი უკრაინას აღარ უნდა, საქართველო და უკრაინა ორივე დაწეულიყო უკან, იმიტომ რომ უნდა მომხდარიყო გაყოფა. მაგრამ მსგავსი არაფერი არ მოხდა. რეალურად აღმოჩნდა ისე, რომ საქართველო გამოყვეს ცალკე პარაგრაფში. ნატომ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პოლიტიკურ, დემოკრატიულ და უსაფრთხოების რეფორმებს და დაუჭირა მხარი საქართველოს გზას ნატოს წევრობისკენ. და, სხვათა შორის, ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რადგან ძველი ენა არა მხოლოდ შენარჩუნდა, არამედ, დიპლომატიურ ნიუანსებს რომ შეხედოთ, მე თვითონაც ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ გარკვეულად გაძლიერდა კიდევაც“.

ლისაბონის სამიტზე საქართველომ არაერთი შექება დაიმსახურა დემოკრატიული რეფორმებისა და ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო. ეს ორივე პირობა კი მნიშვნელოვანი ასპექტია ნებისმიერი ასპირანტი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისათვის.

ეს სიტყვები საქართველოს ლიდერმა ლისაბონში პირადად შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასგანაც მოისმინა. თეთრი სახლის განცხადებით, ბარაკ ობამამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ავღანეთში მიმდინარე ნატოს უსაფრთხოების მისიაში შეტანილი „დიდი წვლილისა“ და გაღებული „მსხვერპლისათვის“. მიხეილ სააკაშვილმა ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კმაყოფილია შეხვედრის, რომელიც იყო მნიშვნელოვანი სიგნალი თუნდაც იმის გამო, რომ „ობამამ მსგავსი შეხვედრა ჩემამდე მხოლოდ მასპინძელი ქვეყნისა და ასევე ავღანეთის ლიდერებთან გამართაო“.

„შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ობამამ უკიდურესად მხარდაჭერითი განცხადება გააკეთა საქართველოს რეფორმების თაობაზე, მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს, კარგი ცოდნა გამოიჩინა დეტალების, სიტუაციის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი არა მხოლოდ მორიგ მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა, არამედ იმასაც, რომ ისინი ამაზე მუშაობენ,"- განაცხადა ლისაბონში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

"2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანმხდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს“, - ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც ლისაბონის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს. დოკუმენტი კვლავ ადასტურებს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და მომდევნო გადაწყვეტილებების ყველა ელემენტს. მასში ნათქვამია, რომ „ნატო ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დიალოგსა და პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოსთან, ნატო-საქართველოს კომისიისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში“. ნატო აცხადებს, რომ „მძლავრად უჭერს მხარს და აქტიურად ეხმარება საქართველოს ყველა აუცილებელი - განსაკუთრებით დემოკრატიული საარჩევნო და სასამართლო - რეფორმის განხორციელებაში. ამ მხრივ კი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისში გახსნილი ნატოს სამოკავშირეო ოფისი“.

დეკლარაცია მიესალმება „საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატოს ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში“. ნატო ადასტურებს „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. ნატო მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა მხარეს შეასრულოს „კონსტრუქციული როლი, ისევე როგორც განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოსთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და ევროკავშირთან, რათა მიაღწიონ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე“.

დაბოლოს, რეზოლუციის ხელმომწერი ნატოს ყველა სახელმწიფო ლიდერი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, „გააუქმოს საქართველოს რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის - დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG