Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღიური


წერა 6 წლისამ ვისწავლე და მას შემდეგ სულ ვწერ. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღიდან ბევრი 6 წელი გავიდა, ნაწერი მაინცდამაინც ბევრი არ დამიგროვდა. თუმცა, იმასაც ვერ იტყვი, ცოტააო, მაგრამ გასულ წლებს თუ გავითვალისწინებთ, მეტი უნდა ყოფილიყო.

მოკლედ, სკოლაში ყოფნის პირველ დღეს მასწავლებელმა გვითხრა: ახლა წერა უნდა ვისწავლოთ და ყველამ მარჯვენა ხელში აიღეთ კალმისტარიო. მე არ ვიცოდი, რომელი იყო მაჯვენა ხელი. იმ დროს რაღაცები უკვე ვიცოდი; მაგალითად, ფულის დათვლა, საათის ცნობა, კითხვა, მაგრამ მარჯვენა-მარცხენას ვერ ვარჩევდი. ამიტომ გადავწყვიტე, კალმისტარი იმ ხელით ამეღო, რომელშიც ის უფრო კომფორტულად მოთავსდებოდა (მაშინ არც სიტყვა კომფორტი ვიცოდი, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ სწორედ ამის გამო გავაკეთე არჩევანი). აღმოჩნდა, რომ ეს მარცხენა ხელი იყო. მასწავლებლის იუმორსმოკლებულ, მაგრამ უბოროტო ხუმრობაზე ბავშვებმა მსუბუქად გაიცინეს, მე მსუბუქად გავწითლდი და კალმისტარი მეორე ხელში გადავიტანე.

და იმის მერე დავიწყე წერა. თან ვწერდი ყველაფერს, და დღეისთვის, მგონი, ერთის გარდა, ყველა ჟანრი მაქვს მოსინჯული. იმ ერთ ჟანრს კი დღიური ჰქვია.

ამ ზაფხულს, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრებას ჩვეული ემოციური სიცარიელე მოჰყვა და გადავწყვიტე ამ ვაკუუმის ხელოვნურად შევსება. ამისთვის საუკეთესო საშუალებად კი ზემოხსენებულ ჟანრში ჩემი შესაძლებლობების მოსინჯვა მივიჩნიე. გადავწყვიტე, ამ მიმართულებით რაღაც გამეკეთებინა და ყოველ საღამოს კომპიუტერში დღის ამბები - „ვორდის“ ერთი ხაზი - შემყავდა.

მაგრამ, როგორც კლასიკური ზარმაცი, კარგა ხანს მხოლოდ მოვლენების აღმნიშვნელი სიტყვების წერით ვიფარგლებოდი და არაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ეს სიტყვები წინადადებებად მექცია. რაღაც დროის შემდეგ რომ დავხედე თარიღების გასწვრივ მიწერილ სიტყვების გროვას, დავიბენი - ვერაფრით მივხვდი, ზოგიერთი სიტყვა რატომ მეწერა.

საქმე რომ ადგილიდან დამეძრა, დავიწყე რაიმე საერთო ნიშნით გაერთიანებული მოვლენების დაჯგუფება. დაახლოებით ასე: სპორტი, ლიტერატურა, მედია, საერთაშორისო მოვლენები...

სპორტიდან ერთი ამბავი და სამი სახეობა გამოვყავი - კალათბურთი, ძიუდო და ფეხბურთი. და, საბოლოოდ, მხოლოდ ფეხბურთი დავტოვე.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ისე გამოდის, რომ მის დასახასიათებლად სხვაზე მეტად სიტყვა „გაუგებარი“ გამოდგება. ამ სიტყვას ჩემგან გამომდინარე ვხმარობ, რადგან ნამდვილად ვერ გავერკვიე ჩემს ემოციებში ჩვენი გუნდის გამოსვლის მიმართ.

უჩემოდაც კარგად იცით, რომ საერთო შედეგი ამ ეტაპზე თითქოს ურიგო არ არის, მაგრამ მაინც უკმაყოფილო ვარ. ასეთი კარგი სტარტი ჩვენ ნაკრებს არ ჰქონია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, უკეთესიც შეიძლება ჰქონოდა. სამწლიანი შესვენების შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა, როგორც იქნა, მოიგო, მაგრამ მალტის სუსტ გუნდთან თამაში ვერ აჩვენა. ლატვიაში თამაშის წინ ფრე სასურველ შედეგად მიგვაჩნდა, მაგრამ მატჩი ისე წარიმართა, რომ საბოლოო ფრემ გულიც კი დაგვწყვიტა.

ამ გაუგებრობებს ის პარადოქსიც დაუმატეთ, რომ ჩვენი ნაკრები ყველაზე უსუსურად სწორედ იმ მატჩში გამოიყურებოდა, რომელშიც გაიმარჯვა! პირადად ჩემთვის ეს მატჩი იმითაც გახდა გამორჩეული, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დავუბრუნდი სტადიონს. დაბრუნებას წარმატებულს ვერ დავარქმევ, რადგან სტადიონის ტერიტორიაზე შეღწევა ძალიან გამიჭირდა. ასეთი ჭედვა-ჭეჭყვა თბილისის „დინამოს“ წარმატების პიკზეც კი არ ყოფილა, როცა საშუალო წლიური დასწრება 80 ათას მაყურებლამდე აღწევდა. და თურმე ასეთი უბედურება ნაკრების ყველა თამაშზე ჩვეულებრივი მოვლენაა! მიზეზი კი მხოლოდ ის არის, რომ თამაშზე მისულ მაყურებელს მხოლოდ ორი ჭიშკრიდან ატარებენ, თუმცა ჭიშკრების რაოდენობა ბევრად მეტია.

იმას, თუ რა ფატალური შედეგები მოჰყოლია ჭედვას მსოფლიოს სტადიონებზე, არ შეგახსენებთ. არც იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ ასეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან არაცივილიზებულია. იმ ჭყლეტვაში გამახსენდა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, თბილისში მოიწვიეს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი. მოწვევის მიზანი თბილისში პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის ფინალური მატჩის გამართვის შესაძლებლობა იყო.

ვერ გეტყვით, პლატინის მოწვევის ინიციატორებს ერთი პროცენტით მაინც თუ სჯეროდათ უახლოეს ხანებში ამ მატჩის თბილისში გამართვის ალბათობის. ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ: საერთაშორისო ფეხბურთის ჩინოვნიკებს რომ ენახათ ეროვნული სტადიონის მისადგომები იმ დღეს, სერიოზული ეჭვი გაუჩნდებოდათ, თუ რამდენად იცავენ საქართველოში მათ დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების წევრობის ელემენტარულ პირობებს.

ამ ამბებს საქართველოს და სლოვენიის ეროვნული ნაკრებების მატჩის მოლოდინში ვწერ. სლოვენიელები და ქართველები საკლუბო დონეზე უკვე შეხვედრიან ერთმანეთს. 1977 წელს მაშინდელი საბჭოთა კავშირის თბილისის „დინამო“ ორ-ორჯერ შეხვდა დღეს უკვე ასევე არარსებული ქვეყნის - იუგოსლავიის გუნდებს: ლიუბლიანის „ოლიმპიას“ და „მარიბორს“. ორი მატჩის ჯამში ლიუბლიანელებთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს, მარიბორელებთან კი - დადებითი. ნაკრებთა დონეზე სლოვენიელები წინ არიან: ისინი ორჯერ მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე და ერთხელ - ევროპისაზე. ფიფას რეიტინგითაც აშკარად გვჯაბნიან: ისინი მე-15 ადგილზე არიან, ჩვენ კი – 75-ეზე.

ახალ რეიტინგებს ფიფა 17 ნოემბრის ამხანაგური მატჩების შემდეგ გამოაქვეყნებს. დიდი იმედი არა მაქვს, მაგრამ მირჩევნია, ისევ „გაუგებარ“ მდგომარეობაში დავრჩე და საქართველოს და სლოვენიის რეიტინგები სულ ცოტათი მაინც მიუახლოვდნენ ერთმანეთს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG