Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია მძღოლებისგან მეტ გამჭვირვალობას ითხოვს


დამუქებულ მინებიანი ავტომობილი
დამუქებულ მინებიანი ავტომობილი
10 ნოემბერს ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მიღებული ცვლილება, რომელიც ავტომანქანების მინების დაბურვის ახალ სტანდარტს აწესებს. სიახლის თანახმად, იკრძალება ავტომანქანის წინა საქარე მინის დამუქება, ხოლო წინა და უკანა გვერდით მინებისათვის დასაშვებია, შესაბამისად, 40- და 75-პროცენტიანი დაბურვა.

საქართველოში ავტომანქანების მინების დაბურვის ახალი სტანდარტი სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით დაწესდა. გიორგი გეგეჭკორი – თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსი აღნიშნავს, რომ ცვლილების მიზანი მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოების გაზრდაა. სტანდარტის დარღვევისთვის ავტომობილის მფლობელს 50 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

გიორგი გეგეჭკორის თქმით, დაუშვებელია წინა საქარე მინის დაბურვა, უკანა საქარე მინაზე კი შეზღუდვა არ ვრცელდება. უნდა ითქვას, რომ ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრო გვერდით მინებთან დაკავშირებით გაცილებით მაღალი სტანდარტის დაწესებას აპირებდა, თუმცა როგორც პოლიციის ვებგვერდზე განთავსებული ვიდეოგანმარტებიდან ირკვევა, ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით შეიცვალა. სამინისტრომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ავტომობილების დიდ ნაწილს მინები გამუქებული აქვს ქარხნული წესით და მათი შეცვლა დაკავშირებული იქნებოდა დიდ ხარჯთან.

გაცილებით ნაკლები დაჯდება კუსტარულად დაბურული მინების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ამბობს, რომ ამისათვის საჭიროა უმარტივესი მოწყობილობა, თმის საშრობის სახით. გათბობის შემდეგ დასაბურად გამოყენებული ფირი ადვილად სცილდება მინას.

მევლუდ მელაძის განმარტებით, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში მსუბუქი ავტომობილების 75 პროცენტს მინები დაბურული ჰქონდა, რაც მოძრაობის უსარფხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით როცა დაბურული იყო გვერდითი მინები, სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს ასევე ლოგიკურად ეჩვენება წინა საქარე მინების დაბურვის აკრძალვაც. მაგალითად მოჰყავს მიღებული წესი, რომლის მიხედვით, გზაჯვარედინის გადაკვეთისას აუცილებლად უნდა შევხედოთ მძღოლს (მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გზაა), რათა გავარკვიოთ, რამდენად აკონტროლებს ის სიტუაციას.

„ჩვენს გზებზე არსებული მდგომარეობით ამის გაკეთება შეუძლებელი იყო“, – ამბობს მევლუდ მელაძე.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ავტომანქანების მინების დაბურვის ახალ სტანდარტზე მძღოლები. რამდენიმე მათგანს რადიო თავისუფლება თბილისის ქუჩებში გაესაუბრა. მათი დიდი ნაწილი არაა სიახლის წინააღმდეგი, თუმცა ზოგიერთი მძღოლი იმის გამო ჩივის, რომ ზაფხულში დაუბურავი მინებით გადაადგილებისას მზე შეაწუხებს.

უნდა ითქვას, დაბურვის ახალი სტანდარტი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა გადაადგილებას და უსაფრთხოებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს. საუბარია პრეზიდენტზე, პარლამენტის თავმჯდომარეზე, პრემიერ-მინისტრზე, კათოლიკოს-პატრიარქზე, არჩევნების დროს პრეზიდენტობის კანდიდატებზე, საქართველოში სტუმრად მყოფ უცხო ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებსა და კანონში მითითებულ კიდევ რამდენიმე ათეულ სახელმწიფო თანამდებობის პირზე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG