Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იხსნება კარი ირანსა და საქართველოს შორის


ათწლიანი პაუზის შემდეგ, 2 ნოემბერს თბილისიდან თეირანში პირველი პირდაპირი ავიარეისი განხორციელდა, ხოლო 3 ნოემბერს, როდესაც თბილისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოთაქი ეწვევა, ორი ქვეყანა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას გააფორმებს. ირანისა და საქართველოს ურთიერთობებში „ახალი ეტაპის“ დაწყების გეგმა ჯერ კიდევ მაისში გახდა ცნობილი, რასაც ანალიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა და კამათი მოჰყვა. რა სარგებელი თუ რისკები ახლავს პროცესს და როგორ გამოიყურება თბილისისა და თეირანის დაახლოება დასავლეთის ინტერესების ფონზე?

მართალია, ავიაკომპანია „აირზენას“ კუთვნილმა თვითმფრინავმა ორ ნოემბერს, თბილისიდან თეირანში მხოლოდ შვიდი მგზავრი გადაიყვანა, მაგრამ მხარეები მგზავრთა ნაკადის მკვეთრ ზრდას მოელიან. დადგინდა, რომ ამიერიდან ავიარეისები ორივე მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება, ხოლო ბილეთის ფასი, დაახლოებით, 160 ევრო იქნება. რეგულარული პირდაპირი რეისების დანიშვნას საქართველოში უფრო მეტი ირანელი ტურისტის მოზიდვის იმედს უკავშირებენ და, ძირითადად, სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ირანსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივაც.

ხელშეკრულების ტექსტი ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით უკვე კარგა ხანია მომზადდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოთაქის, რომელმაც 3 ნოემბერს ამ ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი, თბილისში ჯერ კიდევ ივნისში ელოდებოდნენ, თუმცა ვიზიტი რამდენჯერმე გადაიდო.

მოთაქის ვიზიტის წინ თბილისი ოფიციალური კომენტარებისგან თავს იკავებს. კომენტარს არც საგარეო საქმეთა სამინისტროში აკეთებენ. თუმცა საგარეო უწყებამ ჯერ კიდევ მაისში გაახმაურა ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების „ახალი ეტაპის“ დაწყების თაობაზე ინფორმაცია. ახალი ეტაპი 22 მაისს, საქართველოს და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის „მედიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დაიწყო და პირველად სწორედ იმავე პერიოდში გახმოვანდა ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის დაწესების პერსპექტივაც.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი ირანისა და საქართველოს დაახლოების პროცესში გასაკვირს ვერაფერს ხედავს. მისი აზრით, ყველაფერი, ასე ვთქვათ, გეოგრაფიული კანონზომიერების მიხედვით ვითარდება:

„საქართველო და ირანი ცდილობენ, რომ თავიანთი ურთიერთობები ნორმალურ დონეზე აიყვანონ, განსაკუთრებით – ეკონომიკური. რადგანაც ჩვენ ვართ არა უშუალო, მაგრამ – მეზობლები და, ბუნებრივია, როცა მეზობლობ, უფრო იაფია ყველაფერი...”

ეკონომიკის საკითხების ექსპერტს ლადო პაპავას ნაკლებად სჯერა, რომ ეკონომიკური მხარე განსაკუთრებულ როლს თამაშობდეს ირანისა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში. იგი შეგვახსენებს, რომ ირანს საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორთა ნუსხაში არცთუ მოწინავე ადგილი უკავია. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის პირობებში ირანელი ტურისტების ნაკადის მკვეთრად გაზრდის იმედს, ლადო პაპავას ესეც აეჭვებს, რადგან, მისი თქმით, ვიზის აღება არც აქამდე იყო რთული და ჩამოსვლის მსურველები ამას შესანიშნავად ახერხებდნენ. კეთილმეზობლობის ჭრილში კი ლადო პაპავა ახლო წარსულის ერთი ფრაგმენტის მიხედვით მსჯელობს:

„თუ გავიხსენებთ 2006 წელს, როდესაც რუსეთიდან მომავალი გაზის მილი (რომელიც „გაზპრომის“ საკუთრებაშია) აფეთქდა და საქართველო, დაახლოებით, ორი კვირა დარჩა გაზის გარეშე, დახმარების ხელი მაშინ საქართველოს სწორედ ირანმა გამოუწოდა. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ ნებისმიერ მეზობელთან პარტნიორობას, თანამშრომლობას, ამ ურთიერთობის გაღრმავებას, თუმცა ეს არ უნდა იყოს ქვეყნის ინტერესების საზიანო და ეს უნდა იყოს, უწინარეს ყოვლისა, შეთანხმებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგანაც მასზე უფრო სერიოზული და ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს თავისი დამოუკიდებელი არსებობისათვის სხვა არც ერთი ქვეყანა არ ჰყავს მსოფლიოში“.

შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულმა აქცენტმა საქართველოს ანალიტიკურ წრეებში მაშინვე იჩინა თავი, როდესაც თბილისმა თეირანთან დაახლოების „ახალი ტალღა“ გამოაცხადა. მალევე დაისვა კითხვა – რამდენად მოეწონება საქართველოსა და ირანის ასეთი დაახლოება დასავლეთს და კერძოდ, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, შეერთებულ შტატებს? მაშინ, როცა შეერთებული შტატები, დასავლეთის სხვა ლიდერ სახელმწიფოებთან ერთად, მუდმივად და მკაცრად უპირისპირდება ირანის ბირთვულ ამბიციებს, ხოლო თეირანი ვაშინგტონს დაუძინებელ მტრად მიიჩნევს?

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ საქართველო საკმაოდ სარისკო ნაბიჯს დგამს, თუმცა შესაძლოა, ამ გზაზე გლობალური პოლიტიკის მნიშვნელოვანმა პერსპექტივებმაც იჩინოს თავი:

„გამორიცხული არ არის, რომ ამ ნაბიჯებმა გახსნას ისეთი პერსპექტივები თვითონ დასავლეთისთვისაც, რაც ხელს შეუწყობს დასავლეთისა და ირანის დაახლოებას. ეს ფუნქცია შეიძლება აიღოს საქართველომ და არ იყოს მხოლოდ კონფრონტაციაზე ლაპარაკი. ეს შეიძლება პერსპექტიული ხაზიც აღმოჩნდეს და შეიძლება სირთულეების შემცველიც...”

რამაზ საყვარელიძე ერთ-ერთი პირველი იყო იმ ექსპერტთა შორის, რომლებმაც ირანთან დაახლოების გეგმები შეაფასეს საქართველოს შესაძლო მცდელობად – მეტი ყურადღება მიეპყრო დასავლეთისგან. ექსპერტი ფიქრობს, რომ შესაძლოა სწორედ ამას მოჰყვა ბოლო თვეებში დასავლელი დიპლომატებისა თუ პოლიტიკოსების ესოდენ გახშირებული სტუმრობა საქართველოში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG