Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ხდება ციხეების მონიტორინგი


სახალხო დამცველისა და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში პერიოდულად კვლავაც ჩნდება ინფორმაცია პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქსნის # მე-7 სასჯელაღსრულების დაწესებულების საერთო რეჟიმის ნაწილში გამოავლინეს. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ პატიმრების უფლებების დაცვას მონიტორინგის არაეფექტიანი მექანიზმი უშლის ხელს.

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ქსანში მდებარე სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში 2010 წლის პირველ ოქტომბერს იმყოფებოდნენ. დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნათია იმნაძის თქმით, მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ პატიმართა ნაწილი სასჯელს არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში იხდის:

„კარცერებში იყო საშინელი ანტისანიტარია, პატიმრები დღეების განმავლობაში გასეირნების უფლებით ვერ სარგებლობდნენ, ანუ 24 საათი გამოკეტილნი იყვნენ ერთ პატარა საკანში, სადაც ძალიან დაბალი განათებაა. ამას გარდა, ვერ სარგებლობენ აბანოთი, როცა დასჯილები არიან და კარცერში ჰიგიენის ისეთი საშუალებებიც კი არა აქვთ, როგორიც არის საპონი და ტუალეტის ქაღალდი.“ ნათია იმნაძის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა, კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს მსჯავრდებულთათვის სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის რეკომენდაციით მიმართა. პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესვლის უფლება, სახალხო დამცველის გარდა, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პროკურატურის წარმომადგენლებს აქვთ. მონიტორინგის განხორციელება ასევე შეუძლიათ საქართველოს პარლამენტის წევრებსაც, თუმცა, როგორც დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, სათანადო უფლების მიღება იმდენად რთულ პროცედურასთანაა დაკავშირებული, რომ მისი ეფექტიანობა ძალზე დაბალია:

„საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება აქვს შუამდგომლობით მიმართოს იურიდიულ ან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს ამა თუ იმ დაწესებულებაში შესვლის თხოვნით და კომიტეტი ვალდებულია, ეს თხოვნა-შუამდგომლობა გადააგზავნოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და მიუთითოს ყველა ის მოტივი და მიზეზი, რის გამოც დეპუტატი აპირებს შესვლას საპატიმროში, სადაც მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეიძლება იქნას დაშვებული. მთელ ამ პროცედურას დაახლოებით 10-12 დღე სჭირდება.“

დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, 10-12 დღე იმდენად დიდი დროა, რომ მონიტორინგის დაწყებას შეიძლება აზრიც აღარ ჰქონდეს. ნანა კაკაბაძე კი, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, ამბობს, რომ საპატიმროების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი მოქმედებდა წლების წინ, როცა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციები შედიოდნენ, თუმცა პატიმრობის შესახებ კანონის პატიმრობის კოდექსით შეცვლის შემდეგ საბჭომ არსებობა შეწყვიტა. რა დაშავდა ამით? ნანა კაკაბაძის თქმით:

„დღეს ციხეების მართვა ხდება წამებითა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, პატიმრებს კი არ აქვთ საშუალება, რომ შესჩივლონ უფლებადამცველებს, რომლებსაც შეუძლიათ ეს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებამდე მიიტანონ და აღკვეთონ კანონის დარღვევა. ამის საშუალება მთლიანად მომსპარია.“

საბჭოს, რომლის შესახებაც ნანა კაკაბაძე ლაპარაკობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი თეა თუთბერიძე თავმჯდომარეობდა. მისი თქმით, მონიტორინგის არსებული სისტემა არ არის სრულყოფილი, რის გამოც პატიმრობის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლისა და ვითარების შესწავლის უფლება მიენიჭებათ ტერიტორიული პრინციპით შექმნილ სპეციალურ საბჭოებს.

„საუბარია ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებზე, ანუ ადგილზე საბჭოების შექმნაზე. ეს საბჭოები ადგილზე მოახდენენ იმ დაწესებულებების მონიტორინგს, რომლებიც მათ ტერიტორიებზე მდებარეობენ“, უთხრა რადიო თავისუფლებას თეა თუთბერიძემ.

თეა თუთბერიძის თქმით, პატიმართა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს მონიტორინგში მონაწილეობის უფლება რეგიონალური წარმომადგენლობების საშუალებით ექნებათ. სიახლეს იწონებენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, თუმცა მიიჩნევენ, რომ ასევე შესაცვლელია პატიმრობის კოდექსის ის ნაწილი, რომელიც ზღუდავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის შეტანასა და გამოყენებას სპეციალური ნებართვის გარეშე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG