Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო და მარტოხელა დედა


მარტოხელა დედა და თავდაცვის სამინისტრო
please wait

No media source currently available

0:00 0:01:28 0:00
გადმოწერა

მარინა მაროიანი მარტოხელა დედაა, რომელიც ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს უნარშეზღუდულ შვილთან ერთად. მაროიანი უკვე წელიწადზე მეტია, უშედეგოდ ცდილობს თავდაცვის სამინისტროსგან ბინის დაკანონებას.

51 წლის მარინა მაროიანი თბილისის გარეუბანში, მოსკოვის პროსპექტზე, ყოფილი სატანკო ქარხნის ტერიტორიაზე, ერთოთახიან ბინაში უნარშეზღუდულ შვილთან ერთად უკვე 20 წელია ცხოვრობს, თუმცა ბინის პრივატიზებას ვერ ახერხებს. სახელმწიფო უწყებები პასუხს არ იძლევიან.

თავის დროზე პრივატიზება ვერ მოასწრო, მეუღლეს გასცილდა, ბავშვი ავარიაში მოყვა, კომაში იყო. ამას გარდა, შვილი დაბადებით უნარშეზღუდულია, მარინა მაროიანი კი მარტოხელაა, შვილის გარდა, არავინ ჰყავს. სამი წლის წინ გადაწყვიტა ერთოთახიანი ბინა, რომელშიც უკვე ოცი წელია ცხოვრობს და რომლის დასაკუთრება აქამდე ვერ მოახერხა, პრივატიზების ყველა ფორმალობით საბოლოოდ დაისაკუთროს.

„მარტოხელა ვარ, არავინ მყავს. მე რომ რამე მომივიდეს, ბავშვი ქუჩაში დარჩება“, - ამბობს მაროიანი.

ბუნებრივია, პირველ რიგში, მარინა მაროიანი გამგეობაში მიდის. გამგეობა პროცესს იწყებს, თუმცა მალევე პოულობს ერთ პატარა მინაწერს, რომლის მიხედვითაც ბინა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა. გამგეობა მაროიანს პრივატიზებაზე უარს ეუბნება და სთხოვს სამინისტროდან ნებართვა მოიტანოს.

„გამგეობაში განგვიცხადეს, რომ მსგავსი ბინების პრივატიზებას ვერ აკეთებენ, სამხედრო ბინებზე არ გვაქვს უფლება პრივატიზება გავაკეთოთო“, - ამბობს მაროიანი.

მარინა მაროიანი ყოფილი სატანკო ქარხნის ტერიტორიაზე ცხოვრობს. მისი მეუღლე სატანკო ქარხნის თანამშრომელი იყო. გაშორების შემდეგ ბინა მეუღლეს და უნარშეზღუდულ შვილს დაუტოვა, თავად კი ქვეყნიდან წავიდა. არა მარტო მაროიანის სახლი, მთელი კორპუსი და მის გარშემო სხვა კორპუსებიც თავის დროზე ამ სატანკო ქარხნის თანამშრომლებს ეკავათ. სატანკო ქარხანა დაიშალა საბჭოთა კავშირთან ერთად და მისი საკუთრება თავდაცვის სამინისტრომ გადაიბარა, ამ გადაბარების პროცესში კი უმრავლესობა ბინებისა პრივატიზებაში მოხვდა. მაგალითად, მაროიანის კორპუსში 26 ბინიდან მხოლოდ მისი ერთოთახიანის ბედია დღეს გაურკვეველი.

შემდეგი ნაბიჯი მარინა მაროიანისთვის საჯარო რეესტრია, სადაც ნახულობს, რომ ბინა მართლაც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა. ამის შემდეგ მაროიანი სამინისტროში მიდის. სამინისტრო ჯერ გვარის დაწერილობაში პოულობს შეცდომას, ამის გასწორებას რამდენიმე თვე მიაქვს. მაროიანი ახალგაზრდა იურისტებს უკავშირდება, უკავშირდება ნაცნობ იურისტს, გვიკავშირდება ჩვენ. ვრეკავთ თავდაცვის სამინისტროში, საქმის წარმოების დეპარტამენტში.

„ლოგისტიკის სარდლობას უნდა დაუკავშირდეთ. ჩვენ, რაც იყო გასაკეთებელი, გავაკეთეთ, სასამართლოში მითითებულ ბინაზე დავა არ მიმდინარეობს“, - და ასეთი პასუხით წავიდა ლოგისტიკაში, ლოგისტიკამ უნდა გადაწყვიტოს, ცნობა გაიცემა თუ არა.

საბოლოო ნებართვა, როგორც გვითხრეს, სწორედ ლოგისტიკის განყოფილებამ უნდა გასცეს. ჩვენ ლოგისტიკის განყოფილებას ვუკავშირდებით.

„ნებართვებია, ხო, რომელიც უნდა წაიღოს გამგეობაში მერე და გააკეთოს პრივატიზება, მაგრამ შეჩერებულია ამ ცნობების გაცემა ამჟამად. სიტყვიერი ბრძანებით არის, მაგრამ ჯარია და სიტყვიერ ბრძანებას ვემორჩილებით.“

ვუკავშირდებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კონსულტაციისთვის. ახალგაზრდა იურისტებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ცნობა სამინისტრომ აუცილებლად უნდა გასცეს და თან ორი კვირის ვადაში.:

„თუკი ამბობენ, რომ ზეპირი განკარგულება არის, არღვევენ ბრძანებულებას, სადაც მსგავსი რამ მითითებული არ არის. შესაბამისად, მაროიანს შეუძლია იდავოს. უარიც და დასტურიც აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა გააცნონ, სიტყვიერი ბრძანება - ასეთი რამ კანონმდებლობით არ არსებობს.“

როგორც ჩანს, მაინც არსებობს, თან საკმაოდ ძლიერი, რადგან მაროიანს, როგორც ითქვა, რამდენიმე თვეა არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ მიუღია ოფიციალურად, რაც მას არ აძლევს საშუალებას საქმე სხვა ინსტანციაში გადაიტანოს. ამიტომ, უბრალოდ, ელოდება.

რატომ აჭიანურებს სამინისტრო ამ მარტივ პროცედურას? კიდევ უფრო მეტი რომ გაგვეგო, კონსულტაციას დამოუკიდებელ იურისტებთან გავდივართ.

„უფლებაა ეს სამინისტროსი და არა ვალდებულება. უნდა - მისცემს უფლებას, უნდა - არა. ასე რომ, რთული საქმეა.“

ანუ სამინისტრო ვალდებული არაა? იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან ვრეკავთ. ჯაბა ებანოიძე გვეუბნება, რომ თავდაცვის სამინისტრო, პირველ რიგში, საკუთარ თანამშრომლებზე ფიქრობს:

„თუ მაგათ ბალანსზეა, სრული უფლება აქვთ, რომ არ გასცენ - ეგენი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ხომ არ არიან. ეგენი სამოქალაქო პირები იყვნენ, თავდაცვის სამინისტროს არ აქვს უფლება სამოქალაქო პირებზე გასცეს ფართები. თავად თავდაცვამ უდნა გადაწყვიტოს, რა ჯობია, როგორ ჯობია, რამდენად სჭირდება ეგ შენობა-ნაგებობა.“

„შენობა-ნაგებობა“, როგორც ვთქვით, სამსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ერთოთახიანი ბინაა, 16 კვადრატული მეტრი, სადაც მარტოხელა დედა და მისი უნარშეზღუდული შვილი 20 წელია ცხოვრობენ. მეუღლე, სანამ საჭირო იყო სისტემისთვის, - და მაშინ ეს საბჭოეთი იყო, - ტანკების აწყობაში მონაწილეობდა. სისტემა დაიშალა, ქარხანაც, მოგვიანებით - ოჯახიც. იმისათვის, რომ დღეს საკუთარი ბინა დაიმსახურონ, ვერც მარინა მაროიანი და ვერც მისი შვილი სამხედრო სამსახურში ვერ ჩაებმებიან. მარინა მაროიანი 51 წლისააა, შვილს კი ამისთვის ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს. ოჯახს არც იმის სახსრები აქვს, სამინისტროს სასამართლოს გზით დაუპირისპირდეს და ქონების დაკანონება მოსთხოვოს. ამიტომ, უბრალოდ, ელოდებიან. ელოდებიან გადაწყვეტილებას, რომელიც, ალბათ, თავდაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს.
XS
SM
MD
LG