ზუსტად 20 წლის წინ, 1990 წლის 17 სექტემბერს, გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრ სოლჟენიცინის წერილი „როგორ მოვაწყოთ რუსეთი“. სტატიამ შოკივით იმოქმედა ადამიანის უფლებების დამცველებსა და მიხეილ გორბაჩოვის „პერესტროიკის“ მხარდამჭერ ლიბერალებზე: ნობელის პრემიის ლაურეატი, საბჭოთა კავშირიდან განდევნილი სოლჟენიცინი ბევრისთვის მოულოდნელად მოგვევლინა რუს შოვინისტად, რომელიც სხვა ერების მიმართ რუსი ხალხის უპირატესობას ამტკიცებდა...
სოლჟენიცინის ბიოგრაფიას კარგად თუ გავეცნობით, შეიძლება ვიკითხოთ კიდეც: რატომ აღაშფოთა „პერესტროიკის“ იდეოლოგები 20 წლის წინ დაბეჭდილმა ამ წერილმა? რუსული პატრიოტიზმისა და რუსული მართლმადიდებლურ-ქრისტიანული მოსაზრებების გამო სოლჟენიცინი ხომ ჯერ კიდევ 1978 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო ხარისხის მინიჭების შემდეგ, გახდა ლიბერალებისა და სეკულარისტების კრიტიკის ობიექტი... მის მიერ წაკითხულ მიმართვაში სოლჟენიცინი არ ერიდება დასავლური საზოგადოების კრიტიკას – სულიერების დეფიციტსა და ზედაპირულობაში ადანაშაულებს მას... სამაგიეროდ, ლაპარაკობს რუსეთის, როგორც „კულტურული მესიის“, როლზე – იმ რუსეთისა, რომელიც, სოლჟენიცინის მტკიცებით, საბჭოთა იმპერიამ დააზარალა, როგორც სახელმწიფო... მაგრამ დასავლელ ინტელექტუალებს იმხანად არ დაუშვიათ, რომ სოლჟენიცინის ეს ტონი – მემარცხენეებისა და ლიბერალების კრიტიკა - მომავალში კიდევ უფრო აგრესიული გახდებოდა... იმხანად ასე მიიჩნიეს: სოლჟენიცინმა თვალი აუხილა, პირველ რიგში, დასავლელ მემარცხენეებს, რომელთაც ჯერ კიდევ ჰქონდათ ილუზიები საბჭოთა კავშირზე. მერე „პერესტროიკა“ დაიწყო და სოლჟენიცინი გადაავიწყდათ, თუმცა აკადემიკოს სახაროვის რეაბილიტაციისა და საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად მისი არჩევის შემდეგ გაჩნდა სოლჟენიცინის დაბრუნების მოლოდინიც.
1989 წლის მიწურულს სახაროვი გარდაიცვალა.
1990 წელს მიხეილ გორბაჩოვმა საბჭოთა მოქალაქეობა აღუდგინა სოლჟენიცინს და მას მოუხსნეს სამშობლოს ღალატის ბრალდება. უფრო მეტიც, სოლჟენიცინს სახელმწიფო პრემიაც კი მიანიჭეს „არქიპელაგი გულაგისთვის“, იმ ნაწარმოებისთვის, რომელიც 1974 წელს საბჭოთა კავშირიდან მისი გაძევების საბაბად იქცა. სექტემბერში „კომსომოლსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა სოლჟენიცინის წერილი, რომელშიც იგი საბჭოთა კავშირის დაშლას წინასწარმეტყველებს და, რაც მთავარია, ურჩევს კრემლს „გაუშვას“ (დიახ, სწორედ ამ სიტყვას –„ოტპუსტიტ“-ს ხმარობს მწერალი) ბალტიისპირეთის, შუა აზიისა და კავკასიის რესპუბლიკები, შექმნას სლავებთან, უკრაინელებთან და ბელორუსებთან ერთად დიდი სახელმწიფო და ყაზახეთი, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს რუსები შეადგენენ, კონფედერაციაში გააერთიანოს. ეს წერილის ყველაზე რადიკალური ნაწილია. დანარჩენს - პირველ რიგში კი, რუსული კულტურის, ბუნების, სულიერების გადარჩენის იდეებს - სოლჟენიცინი მოგვიანებით ჩაწერილ ინტერვიუშიც გამოიყენებს. მისი თქმით:
„ჩვენთან ჩამოყალიბდა პოლიტიკური კლასი – რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებმაც თქვეს: ჩვენ პროფესიონალი პოლიტიკოსები ვართ და პოლიტიკაში უნდა მოვიდეთ... ანდა, პროფესიონალი პოლიტოლოგები ვართ, ექსპერტები ვართ სამართლის საკითხებში. გააგრძელეთ ცხვირით ქექვა თქვენს შავ მიწაში... გადაწყვეტილებას თქვენს ნაცვლად ჩვენ მივიღებთ.“
1994 წლის მაისში, პრეზიდენტ ელცინის მოწვევით, სოლჟენიცინი დაბრუნდა რუსეთში. 1994 წლის ოქტომბერში კი, რუსეთის სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას, სოლჟენიცინმა ანათემას გადასცა რუსეთის ახალი კაპიტალიზმი. ელცინის ხელისუფლებას სოლჟენიცინი ეროვნული იდეების ღალატშიც კი ადანაშაულებდა:
„გაძარცვეს რუსეთი –თანაც სწრაფად. ჩუბაისი ტრაბახობდა – ამბობდა, მსოფლიოში ასეთი სწრაფი პრივატიზაცია არავის განუხორციელებიაო... დაარიგეს ჩვენი სიმდიდრე – ნავთობი, ფერადი ლითონები, ქვანახშირი, საწარმოები... გაძარცვეს რუსეთი და ნაგავში, არაფერში ვიღაც მილიარდერები გამოზარდეს.“
2000 წელს რუსეთის ხელისუფლების სათავეში მოვიდა პუტინი. მას მერე, რაც პუტინმა ოლიგარქებს შეუტია და რუსეთის უზარმაზარი ენერგორესურსები საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა, სოლჟენიცინი არათუ დათბა რუსეთის ხელისუფლების მიმართ, არამედ პუტინის თავისებური იდეოლოგიც კი გახდა – მწერალი-დისიდენტი, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ იბრძოდა, უკვე ღიად გამოხატავდა რუსულ ველიკოდერჟავულ იდეებს, მოითხოვდა ქვეყნის დაცვას ნატოსგან, რომელიც, სოლჟენიცინის მტკიცებით, რუსეთის დანაწევრებისა და რუსული სახელმწიფოს სრული განადგურებისთვის არსებობს.
არსებითად 20 წლის წინ, როცა სოლჟენიცინი რუსულ იდენტურობაზე მსჯელობდა, დიდი მწერლის მოსაზრებებში აქა-იქ უკვე შეიმჩნეოდა „დაკარგვის კომპლექსით“ გამოწვეული აგრესია და მესიანური ვნებები. თუმცა 1990 წელს ამას ნაკლებად მიაქციეს ყურადღება – იმათ, ვინც მეტ-ნაკლებად იცნობდა სოლჟენიცინის მოღვაწეობას, იცოდნენ, რომ ამბივალენტურობა მწერლის სტილი იყო ყოველთვის... სხვა საქმეა, რომ პუტინის რეჟიმის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით სოლჟენიცინის ტექსტებსა და გამოსვლებში ეს ამბივალენტურობა დაიკარგა. დღევანდელი გადმოსახედიდან 20 წლის წინ დაბეჭდილი ეს ტექსტიც უკვე სწორხაზოვანი ხდება – ერთგვარ „კარნახს“ ემსგავსება რუსეთის მომავალი პრეზიდენტის მისამართით, პრეზიდენტისა, რომელმაც თითქმის ყველაფერში დაუჯერა თავის იდეალს, მაგრამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს მაინც ვერ შეელია - არ „გაუშვა“.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1