Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიბელუნგის ბეჭედი


დარბაზი, სადაც ტარდება ბაიროითის ფესტივალი
დარბაზი, სადაც ტარდება ბაიროითის ფესტივალი
აი, დაიხურა ბაიროითის ფესტივალი და ჩვენც დღევანდელი გადაცემით დავასრულებთ ვაგნერის შემოქმედებაზე საუბარს - მართალია, ვაგნერს კვლავაც ხშირად დავუბრუნდებით, მაგრამ ინტენსიურ "ვაგნერიანას", ბაიროითის ფესტივალის მსგავსად, ჩვენც დავასრულებთ. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად შეუძლებლად მიმაჩნია ვაგნერის თოთხმეტსაათიანი ტეტრალოგიის, "ნიბელუნგის ბეჭდის" ჩემს შვიდწუთიან რუბრიკაში ჩატევა, დღეს მაინც შევეცდები ორიოდე სიტყვით შევეხო ამ ვეებერთელა ნაწარმოებს.

თავდაპირველად ვაგნერი არც აპირებდა ამხელა მუსიკალური ტილოს შექმნას და არც იმას ფიქრობდა, რომ "ნიბელუნგის ბეჭედი" როგორც მისთვის, ასევე მუსიკალური სამყაროსთვის და, ალბათ, მთელი კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცეოდა.

შეიძლება ითქვას, ვაგნერი მთელი ცხოვრება საკუთარ თავში დაატარებდა "ნიბელუნგის ბეჭედს". უკვე შემოქმედების ადრეულ ეტაპზე, მაშინ, როცა ახალგაზრდა კომპოზიტორი ბელინის, დონიცეტისა და მეიერბერის ოპერების პარტიტურების კორექტურით იყო დაკავებული (ის სწორედ ამ გზით შოულობდა პარიზში ცხოვრების დროს ფულს), იგი იწყებს ფიქრს მასშტაბური მუსიკალური დრამების შექმნაზე.

მისი მუსიკალური დრამის სიუჟეტები რადიკალურად განსხვავებული უნდა ყოფილიყო ტრადიციული, ტრივიალური საოპერო სიუჟეტებისგან, რომლებითაც სავსე იყო მაშინდელი საოპერო სცენა. ვაგნერისათვის უმთავრესი მნიშვნელობა ჰქონდა თავად იდეას, - სიუჟეტი იდეას, კონცეფციას უნდა მორგებოდა არა პირიქით. და აი, "ტანჰოიზერის" პარიზული პრემიერის ფიასკოს შემდეგ ვაგნერი იწყებს ფიქრს ისეთი ნაწარმოების შექმნაზე, რომლის არათუ დაწერას, შესრულებასაც კი ვერ გაბედავდნენ იმ დროის დიდი კომპოზიტორები თუ საოპერო თეატრები.

ვაგნერის "მომავლის მუსიკის" კონცეფცია შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მისი "ნიბელუნგიდან" იწყება. ვაგნერი წლების განმავლობაში ამუშავებს გერმანულ-სკანდინავიურ ეპოსს, თარგად იღებს, უპირველესყოვლისა, ესქილესა (ვაგნერის თქმით, მას სწორედ ესქილე უყვარდა ანტიკური დრამატურგებიდან ყველაზე მეტად) და ანტიკური ტრაგიკოსების ნაწარმოებებს და წერს "რაინის ოქროს".

ვაგნერი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თავდაპირველად არც აპირებდა "რაინის ოქროს" გაგრძელებას. თუმცა, როგორც თვითონ ყვება, ამ ოპერის დასრულების შემდეგ სრულიად შეუძლებლად მიიჩნია "ძველი ღმერთების შუა გზაზე მიტოვება" და მან უმოკლეს ხანში შეადგინა ჯერ შემდეგი სამი ოპერის ლიბრეტოს გეგმა, ხოლო მერე კი თავად ლიბრეტოებზე და მუსიკაზე დაიწყო მუშაობა. ასე მოჰყვა რაინის ოქროს ჯერ "ვალკირია", მერე კი "ზიგფრიდი".

"ზიგფრიდზე" მუშაობის დროს მას მისთვის ჩვეული ქარტეხილები დაატყდა თავს (ვალები, სასიყვარულო ისტორიები, რევოლუციები და ა.შ.) და "ზიგფრიდისა" და "ღმერთების დაღუპვის" დასრულება მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოახერხა, - მას შემდეგ, რაც ლუდვიგ ბავარიელმა იგი თავის სამეფოში მიიწვია.

"ნიბელუნგის ბეჭდით" გაიხსნა პირველი ბაიროითის ფესტივალიც.
ახლა, როგორც ამ რუბრიკის წამყვანი, საგონებელში ვარ ჩავარდნილი - არც კი ვიცი ამ ვეებერთელა, გენიალური ნაწარმოებიდან რომელ ფრაგმენტზე შევაჩერო თქვენი ყურადღება.

მოდით, მაინც "ვალკირიაზე" გავაკეთოთ არჩევანი.

ახლა მე თქვენ მოგასმენინებთ ჩემს უსაყვარლეს ადგილს - ზიგლინდესა და ბრუნჰილდეს დუეტის ფრაგმენტს, სადაც ჯესი ნორმანი სრულიად გამაოგნებლად მღერის ერთ-ერთ ულამაზეს ნაწყვეტს - ფრაზას - მთელი ტეტრალოგიიდან - “O hehrstes Wunder! Herrlichste Maid!”

ამის შემდეგ სცენაზე შემოიჭრება განრისხებული ღმერთი ვოთანი, რომელიც თავის ქალიშვილს, ბრუნჰილდეს დასჯის მოკვდავი ზიგმუნდის დაცვისათვის. ვოთანი საუკუნო ძილს მიუსჯის ცეცხლოვანი რკალის შუაგულში დატყვევებულ ბრუნჰილდეს. თუმცა ვოთანი აქ მხოლოდ განრისხებული ღმერთი არაა. ის არის მამაც, რომელიც თავის განაჩენს დასტირის.

დასასრულს, სწორედ ამ ბრწყინვალე ეპიზოდს მოვისმენთ ჯეიმს მორისის შესრულებით.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG