Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე სექტორი საგადასახადო კოდექსის წინააღმდეგ


საქართველოს პარლამენტი ახალ საგადასახადო კოდექსს განიხილავს. კანონის პროექტის 308-ე მუხლის მიხედვით, 12-დან 20 პროცენტამდე იზრდება საშემოსავლო განაკვეთი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურებისათვის. არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მიიჩნევს, რომ სიახლე მესამე სექტორის წინააღმდეგაა მიმართული. რატომ გადაწყვიტა მთავრობამ გადასახადის გაზრდა და როგორ აპირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ვითარებიდან გამოსვლას?

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გრანტით მიღებული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადი 12%-ია. 2011 წლიდან გადასახადის განაკვეთი 18 პროცენტამდე უნდა გაზრდილიყო, თუმცა მთავრობამ პოზიცია შეიცვალა და, საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, საშემოსავლოს 20%-მდე გაზრდა გადაწყვიტა. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი მიიჩნევს, რომ მთავრობა დადებული პირობის საწინააღმდეგოდ მოქმედებს:

„ეს ცვლილება არის პირის გატეხა. რამდენიმე წლის წინ იყო ამაზე კამათი, გავრცელებულიყო თუ არა 25 პროცენტიანი დაბეგვრა არასამთავრობო სექტორზე. მაშინ ითქვა, სანამ საბოლოო ნიშნულამდე, ანუ 15 პროცენტამდე, არ დავა, მანამდე თავი შევიკავოთო.“

გია ჯანდიერის თქმით, ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რადგანაც, როგორც წესი, მათი დაფინანსების ერთადერთ წყაროს სწორედაც რომ დონორი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ გამოყოფილი გრანტები წარმოადგენს. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლით მთავრობას მესამე სექტორზე მიაქვს იერიში:

„ეს არის პირდაპირი დარტყმა მესამე სექტორზე და ის არანაირ შემოსავალს არ მოუტანს ქვეყანას. ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რათა დაასუსტონ არასამთავრობო სექტორი“, უთხრა ზაზა ხატიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გრანტის სახით გამოყოფილი თანხის დაბეგვრის ზრდა უარყოფითად აისახება არასამთავრობო სექტორზე. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ დამფუძნებელი მარიამ ჯიშკარიანი განმარტავს:

„კატეგორიულად ვაცხადებ, რომ გამოიწვევს შტატის და ყველა დასაქმებული ადამიანის ხელფასების შემცირებას, იმიტომ რომ სხვა ფონდი სარეზერვო არ გაგვაჩნია. ეს იმ ფონზე, რომ ჩვენი დონორები - ევროკავშირი და სხვა ქვეყნები - ისედაც ეხმარებიან ჩვენს სახელმწიფოს და ცალკე აძლევენ თანხებს.“

საინტერესოა, რა მოტივი ამოძრავებს მთავრობას, როცა ზრდის საშემოსავლო განაკვეთს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურებისათვის. ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ მთავრობის საპარლამენტო მდივანს გია ხუროშვილს მიმართა, თუმცა პასუხის გასაცემად ვერც მის მიერ დასახელებულმა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ მოიცალა და ვერც კოდექსის ერთ-ერთმა ავტორმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გიორგი პერტაიამ.

მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან დაკავშირებისა და შეხვედრის იმედს არ კარგავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა ერთი ნაწილი 13 ივლისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით შეიკრიბა და მოქმედების გეგმაზე იმსჯელა. არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის, სულ ცოტა, სამი წლით შენარჩუნება ხელს შეუწყობს დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG