Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიდეოგამეორება თუ არგამეორება - საკითხავი აი, ეს არის...


ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი
ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი
ფეხბურთის დიდი ექსპერტობა არ იყო საჭირო იმის დასანახად, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე, 27 ივნისს, მსაჯებმა მძიმე შეცდომები დაუშვეს: ჯერ იყო და, გერმანია-ინგლისის შეხვედრის დროს, რომ იტყვიან, ასპროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალეს ინგლისელ ლემპარდს, მოგვიანებით კი, არგენტინა-მექსიკის მატჩში, პირიქით: არგენტინელ ტევესს ჩაუთვალეს გოლი, რომელიც აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა. თუმცა ის, რასაც სრულიად აშკარად მიიჩნევენ ფეხბურთელები, ექსპერტები, თუ გულშემატკივრები, ცხადია, იმ მომენტში, მატჩების მიმდინარეობისას, შეცდომად არ აღუქვამთ თვით მსაჯებს - ერთადერთი მიზეზით: გადაწყვეტილების მიღებისას, ფიფას წესების შესაბამისად, მათ უფლება არა აქვთ, ვიდეოგამეორება მოიშველიონ.

27 ივნისის მერვედფინალური მატჩების ბედს უკვე ვეღარაფერი შეცვლის - ისე, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მათი ბედი არც მსაჯების შეცდომებს შეუცვლია, რომ გამარჯვებას ისედაც გერმანია და არგენტინა მოიპოვებდნენ. ამაზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ ახლა მთავარი სხვა საკითხია: შეცდომები იმდენად აშკარა იყო, რომ ვიდეოგამეორებების ერთ-ერთმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თავისი პოზიციის სისწორე.

დავიწყოთ იმით, რომ ბლატერმა ბოდიში მოუხადა ინგლისისა და მექსიკის გუნდებს, რომლებიც არბიტრების შეცდომებმა დააზარალა.

„ორ დელეგაციას, რომლებსაც, ვფიქრობ, პირდაპირ შეეხოთ მსაჯების აშკარა შეცდომები, ბოდიში მოვუხადე. ჩემთვის გასაგებია მათი უკმაყოფილება,“ - განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა სამშაბათს, იოჰანესბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მაინც რატომ არის, რომ ფეხბურთში - და სპორტის არაერთ სხვა სახეობაში - დღემდე არ სარგებლობენ ვიდეოგამეორებით, როცა საქმე სადავო ეპიზოდებს ეხება?

მიზეზად ორი ძირითადი არგუმენტი მოჰყავთ. ჯერ ერთი, ვიდეოჩანაწერიც არ იძლევა სადავო სიტუაციაში გარკვევის ასპროცენტიან გარანტიას. ეს რახანია აჩვენა ამერიკული ფეხბურთის გამოცდილებამ - ვიდეოგამეორება სპორტის ამ სახეობაში დიდი ხანია, დაკანონებულია და მაინც, არის შემთხვევები, როცა შეუძლებელია, დაბეჯითებით ითქვას, რა და როგორ მოხდა.

და მეორე მიზეზი - სპორტის ხელმძღვანელობაში უბრალოდ, შიშობენ, რომ, ნებისმიერი მატჩი, ნებისმიერი შეჯიბრი, შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს, თუ მონაწილეებს მიეცათ უფლება, ნებისმიერ მომენტში მოითხოვონ ვიდეოგამეორება და მისი განხილვა.

მაგრამ რაც უნდა დამაჯერებელი იყოს ეს არგუმენტები, ფაქტია, რომ ეჭვქვეშ დადგა მათი გათვალისწინების აუცილებლობა. ბლატერის თქმით, „აშკარაა, რომ გამოცდილების შემდეგ, რაც ამ დროისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ამ გათამაშებაზე დაგვიგროვდა, უაზრობა იქნება, არ წამოიჭრას ტექნიკის გამოყენების საკითხი ფეხბურთის ასოციაციის საერთაშორისო საბჭოში, მის სამუშაო შეხვედრაზე ივლისში.“

ფეხბურთის ასოციაციის საერთაშორისო საბჭო, ფიფას პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა რომ ახსენა, სწორედ ის უწყებაა, რომელიც თამაშის წესებს განსაზღვრავს და რომელიც უარს ამბობს მსაჯობის დროს ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებაზე. როგორც ბლატერის პრესკონფერენცია მიანიშნებს, ეს პოზიცია, შესაძლოა, გადაისინჯოს.

„საერთაშორისო საბჭომაც უარი თქვა ტექნოლოგიის გამოყენებაზე - ეს კარის ხაზის ტექნოლოგიასაც ეხება. ასეთი იყო ვითარება, როცა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო და ახლა, როცა ტურნირის დასრულებამდე ზუსტად 10 მატჩი რჩება, მას აღარ შევცვლით.“ ზეპ ბლატერის ამ პრესკონფერენციის შემდეგ კიდევ ორი მატჩი ჩატარდა, და ერთ-ერთის - ესპანეთისა და პორტუგალიის გუნდების შეხვედრის შემთხვევაში, ისევ გამოითქვა უკმაყოფილება მსაჯის გადაწყვეტილების გამო: ესპანელმა დავიდ ვილიამ გამარჯვების გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა.

წინ კიდევ 8 მატჩია - იმედია, მსაჯები მათ უშეცდომოდ თუ არა, მძიმე შეცდომების გარეშე მაინც ჩაატარებენ.
XS
SM
MD
LG