Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთიანი ფრონტი ცვლილებებისთვის


საარჩევნო კოდექსის სრულყოფის მიზნით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. საარჩევნო რეფორმა, ედპ-ს შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად უნდა აქციოს. ზოგადად კი, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მოთხოვნა ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე მყისიერად დაიწყო. ამ ინიციატივებს პოლიტიკურ პარტიათა ერთი ნაწილის მხრიდან რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების დეკლარირება უდევს საფუძვლად, მეორე მხრიდან კი რწმენა იმისა, რომ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მხოლოდ კანონის მიღება არ კმარა. ოპოზიცია ცვლილებებისთვის ერთიან ფრონტს ქმნის.

ერთიანი ოპოზიციური ფრონტის იდეის ავტორია ”ეროვნული ფორუმი”, რომელმაც ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი მიმდინარე წლის თებერვალში გადადგა. საქმე ისაა, რომ ათმა ოპოზიციურმა პარტიამ მაშინ ხელი მოაწერა ”ეროვნული ფორუმის” მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ინიცირებულ წინადადებებს, რომელიც არჩევნების შედეგების გაყალბების თავიდან აცილების 4 ძირითად მიმართულებას მოიცავდა. ეს მიმართულებებია: საარჩევნო სიები, კენჭისყრის პროცესი, კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმები და ცენტრალური საარჩევნო კომისია. „ეროვნული ფორუმისთვის“ საარჩევნო პროცესის გაუმართაობის ერთ-ერთ საკვანძო პრობლემად პიროვნების იდენტიფიცირების საკითხი სახელდებოდა, ერთ-ერთი ნოვაცია კი პიროვნების იდენტიფიკაციის ბიომეტრიული მეთოდის ამომრჩევლების იდენტიფიკაციაზე გავრცელებას ითვალისწინებდა.

”უფრო ინტენსიურ კონსულტაციებს ვიწყებთ ყველა ძირითად, წამყვან ოპოზიციურ ძალასთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობდა ის არჩევნებში თუ არა, და საზოგადოების იმ წარმომადგენლებთან, რომელთაც რეალურად სურთ ცვლილება ქვეყანაში, რათა მივაღწიოთ საარჩევნო გარემოს შეცვლას და შეცვლილ საარჩევნო გარემოში რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას პრინციპით - ”ერთი ამომრჩეველი, ერთი ხმა”, - ამბობს ”ეროვნული ფორუმის” თავმჯდომარე კახა შარტავა.

ყველა ძირითად ოპოზიციურ პარტიას შორის ”ეროვნული ფორუმი” არ გულისხმობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ მოძრაობას, თუმცა მზადაა ითანამშრომლოს ”ეროვნულ საბჭოში” შემავალ ძალებთან, კერძოდ, კონსერვატიულ პარტიასთან. მოლაპარაკებები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, გარდა იმ პარტიებისა, რომლებიც ღიად თანამშრომლობენ ოკუპანტებთან - ასეთია, თავის მხრივ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პირობა. მიუღებელ პოლიტიკურ ძალებად კი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა გურამ ჩახვაძემ ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის პარტიები დაასახელა. რაც შეეხება უშუალოდ ინიციატივას:

”საჭიროა შეიქმნას ფართო შემადგენლობისა და მაღალი სტატუსის მქონე სტრუქტურა. ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს სახელმწიფო კომისია, მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია, სადაც გაერთიანდებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებამოსილი პირები.”

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებას, ლიდერის განცხადებების თანახმად, პრაქტიკულად 31 მაისიდან შეუდგა ”ალიანსი საქართველოსათვის.” როგორც ალიანსის წევრმა, მემარჯვენე მამუკა კაციტაძემ გვითხრა, საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო და თანდათან გაჯანსაღების მიზნით, გაერთიანება მზადაა ყველა პარტიასა და ორგანიზაციასთან დისკუსიაში ჩაერთოს. ამისთვის, მისი აზრით, ზედმეტი ინსტიტუციონალიზაცია და ფორმალიზება საჭირო არ არის, თუმცა სასურველია მედიატორობა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით განხორციელდეს. რა მიმართულებით ითხოვს საარჩევნო კოდექსის რევიზიას? შეკითხვაზე მამუკა კაციტაძემ გვიპასუხა;

”საარჩევნო გარემო არ არის მხოლოდ კოდექსი. საარჩევნო გარემო, უპირველეს ყოვლისა, არის სისტემა, ანუ რა სისტემით ვატარებთ არჩევნებს. რაღა თქმა უნდა, კოდექსს მნიშვნელობა აქვს, კოდექსის მიღმა დგას ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი და შემდეგ უკვე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მთელი რიგი თემები, რომლებიც გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოს შექმნაზე. ვგულისხმობ თანაბრობას აგიტაციის დროს, ადმინისტრაციულ რესურსს და ასე შემდეგ.”

ქრსტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე კი ამ ჩამონათვალს მიათვლის იმ ხარვეზებსაც, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კოდექსის ნაკლოვანებებად გამოვლინდა და რომლებიც უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, პოლიტიკურ კონსულტაციებზე მსჯელობის საგანი გახდება. ეს თემებია: საჯარო პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში, პოლიტიკური აგიტაცია არჩევნების დღეს უბნიდან გარკვეულ მანძილზე და სხვ.

”საბოლოო ჯამში, ერთი ფორმატი იქნება, მეორე, მესამე თუ მეოთხე, მთავარია ხელისუფლების მხრიდან გამოხატული პოლიტიკური ნება, რომ ყველა ის შეთანხმება, რომელიც შედგება, იყოს ასახული პარლამენტში. და თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს პროცესი დასაწყებია, კი ბატონო, დავიწყოთ.”

პროცესში ჩართვას აპირებს ნაციონალური მოძრაობაც.

”როცა მუშაობა დაიწყება, მერე ვნახოთ. ჯერ ახლა წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი. აუცილებლად, თუ იქნება ამის სურვილი კიდევ შესაბამისი პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ჩვენც ჩავერთვებით”, - გვითხრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.

ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებულ მმართველ პარტიას, ოპოზიციისგან განსხვავებით, საარჩევნო კოდექსის გადახედვა არ ეჩქარება, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა, როგორც ჩანს, მაინც მოუწევს. 30 მაისს არჩევნებზე დამკვირვებელმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა წინასწარ დასკვნებში საარჩევნო კანონმდებლობაში არსებულ და მისი განხორციელებისას გამოვლენილ ხარვეზებზეც მიუთითეს.
XS
SM
MD
LG