Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო სისტემის ხარვეზები საქართველოში


სახალხო დამცველის აპარატის 2009 წლის ანგარიშისა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემას არაერთი ხარვეზი აქვს, რაც, თავის მხრივ, სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებასა და მართლმსაჯულების არაეფექტიანობას განაპირობებს. ახალგაზრდა იურისტების მტკიცებით, საქართველოში სასამართლო სისტემის გამართულ მუშაობას ხელს უშლის მოსამართლეთა როგორც დაბალი კვალიფიკაცია, ასევე დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშში დეტალურად არის განხილული ყველა ის სამართლებრივი გარემოება, რომელიც, ანგარიშის ავტორთა აზრით, საქართველოს სასამართლო სისტემის ეფექტურ და მიუკერძოებელ ფუნქციონირებას უშლის ხელს. განხილულია მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლო მეთოდები, რომელთა შორის ასოციაციის წევრი და ანგრიშის ერთ-ერთი ავტორი გიორგი ბურჯანაძე ასახელებს მოსამართლეების სხვა სასამართლოებში მივლინების პრაქტიკას, შინაგანაწესთან დაკავშირებულ პრობლემასა და სასამართლოების სისტემაში დამკვიდრებულ ეგრეთ წოდებულ მოსმენების ინსტიტუტს.

„სასამართლოს ან კოლეგიის თავმჯდომარესთან ხდება მოსამართლეთა შეკრება და იმ საქმეებზე მსჯელობა, რომლებსაც მოსამართლეები განიხილავენ. ეს ინსტიტუტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც ამბობს, რომ მოსამართლე ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ კანონს და არავის სხვას“, განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ანგარიშში ასევე კრიტიკულადაა განხილული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის თამარ ხიდაშელის თქმით, უცნაურია, მაგრამ მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად საკმარისი არაა მხოლოდ მოსამართლეების ან საბჭოს წევრთა უმრავლესობის თანხმობა.

თამარ ხიდაშელი, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ლიდერი„2007 წელს მიღებული შესწორებით, თანხმობა უნდა მისცენ არა მხოლოდ მოსამართლეებმა, არამედ პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ დანიშნული წევრებიდან ერთმა მაინც. ეს იმას ნიშნავს, რომ პერზიდენტსა და პარლამენტს (პოლიტიკურ ორგანოებს) ირიბად საშუალება აქვთ დაბლოკონ მათთვის მიუღებელი კანდიდატურა“, უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ ხიდაშელმა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მოსამართლეების მივლენებას არ აქვს ნებაყოფლობითი ხასიათი და მას ხშირ შემთხვევაში ცალკეული მოსამართლეების დასჯის მიზნით იყენებენ. გარდა ამისა, მოსამართლეებზე ზეწოლის სახით შეიძლება გამოყენებული იქნეს ის ბუნდოვანება, რომელიც მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების წესში არსებობს. გიორგი ბურჯანაძის განმარტებით, მოსამართლის შრომის ანაზღაურება ხელფასისა და დანამატისაგან შედგება, თუმცა, ხელფასისგან განსხვავებით, დანამატის გაცემის გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭო იღებს და ისვე ადგენს დანამატის ოდენობას. ამასთან, არ არსებობს კანონმდებლობაში დანამატის მიღების საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი, რაც იქნებოდა ანაზღაურების ობიექტურად განაწილების გარანტი.

საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ ასევე ბევრია ნათქვამი სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლის თამარ ზუბაშვილის თქმით, მოქალაქეთა საჩივრების შესწავლამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებები არასაკმარისადაა დასაბუთებული, ხოლო მოსამართლეების ნაწილი დადგენილების შედგენისას იყენებს ეგრეთ წოდებულ შაბლონებს, რომლებშიც მხოლოდ და მხოლოდ განსასჯელთა სახელები იცვლება.

თუმცა უნდა ითქვას, რომ სახალხო დამცველის აპარატისა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების უმრავლესობა არ გაიზიარეს ანგარიშის განხილვაში მონაწილე მოსამართლეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა. საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის გიორგი პავლიძის თქმით, პოლიტიკისგან დაცლილია მოსამართლეთა არჩევის წესი, რომლის მიხედვითაც მოსამართლეობის კანდიდატს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე წარადგენს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლეთა კონფერენცია იღებს. გიორგი პავლიძის აზრით, ასევე არაფერია გასაკვირი იმაში, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტის წარმომადგენლის მხარდაჭერა სჭირდება:

„ჩემთვის გასაკვირია, რომ გაკრიტიკებული იქნა არსებული პრინციპი. პრეზიდენტის მონაწილეობა და მის მიერ დანიშნული წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობა არანაირი პრობლემა არაა და არ ზღუდავს თავისუფლებას. ეს აღიარებული პრინციპია, - ვგულისხმობ სახელისუფლებო შტოთა დაბალანსების პრინციპს, - რომლიდან გამომდინარე, ყველა შტოს თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა მოსამართლის შერჩევაში.“

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრებმა ასევე გამოთქვეს შენიშვნები მოსამართლეთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წესის შესახებ. შენიშვნების გარდა, ახალგაზრდა იურისტებმა მოსამართლეებსა და იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლებს მართლმსაჯულების სისტემის დახვეწის საკუთარი ხედვა და კანონებში შესატანი ცვლილებებიც გააცნეს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG