Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო PR-შეჯიბრება


ბიზნესტრენინგების ასოციაციამ ქალაქის მერებს შეჯიბრებაში მონაწილეობა შესთავაზა. კანდიდატებს სასტუმროს ერთ-ერთ დარბაზში საკუთარი არაფორმალური ფოტოკოლაჟები უნდა გამოეფინათ. შეჯიბრის მთავარი, ყველაზე სოლიდური შედეგი ქალაქის ცენტრში უფასო ბილბორდი იყო.

შეჯიბრში, როგორც გავარკვიეთ, ქალაქის არა ერთი მოქმედი მერი, არამედ ორი მონაწილეობდა. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნდათ მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, თამაზ ვაშაძის, წარმომადგენლებს:

„ზვიად გამსახურდია როდესაც აირჩიეს, პირველი პრეზიდენტი იყო, მან დანიშნა, დანიშნული მერი იყო ქალაქ თბილისის. დღემდე არის როგორც ქალაქის მერი, დანიშნული პირველი კანონიერი პრეზიდენტის მიერ. მისი განთავისუფლების ბრძანება არ არსებობს.“

მოკლედ, ეს ორი მერი და ხუთიც მერობის კანდიდატი - ისინი, ვინც კოლაჟების მომზადება მოასწრო - ჟურნალისტებით გატენილ დარბაზში სტუდენტებმა შეყარეს. საქმე იმაშია, რომ სტუდენტებს ერთ-ერთი ორთვიანი პიარკურსის გავლის შემდეგ სადიპლომო უნდა მოემზადებინათ. პირობა მათ სამი ჰქონდათ. იდეის ერთ-ერთი ავტორი, მარიკა ბოჭორიძე, ამბობს:

„სადიპლომო ნამუშევრის პირობა იყო ის, რომ აუცილებლად უნდა გაშუქებულიყო და უნდა დაინტერესებულიყო მედია, აუცილებლად უნდა ჰქონოდა გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ რეზონანსული იქნება. და, მესამე, უნდა გაგვეკეთებინა ნული ბიუჯეტით.“

ფული თავად კანდიდატებმა დახარჯეს. ზოგმა სარეკლამო კომპანია იქირავა და ერთიანი ბილბორდის ტიპის კოლაჟი დაამზადა. ზოგმაც ფოტოები კუსტარულად სტენდზე ან წებოთი, ანაც ჭიკარტებით დაამაგრა. თუმცა კონკურსის მთავარი პირობა ყველას არ დაუცავს. ფოტოები კანდიდატებს ხუთ-ხუთი უნდა წარმოედგინათ და ისინი არაფორმალურ გარემოში უნდა ყოფილიყვნენ.“

ქრისტიან-დემოკრატების სტენდი კი, როგორც ყოველთვის, ნავთობის თემაზე აწყობილი ფოტოკოლაჟებით შემოიფარგლა - ილჰამ ალიევთან გადაღებული სურათით და ნავთობის მილით. ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა:

„არაფორმალური ფოტოები აქ აღარ ეტევა და მე ვთვლი, რომ საქმიანი ფოტოები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არაფორმალური ფოტოები. ჩემი აზრით, დღეს ამ ქვეყანას სჭირდება საქმე და არამხოლოდ არაფორმალური ფოტოები.“

გიგი უგულავას სტენდი, ძველი და კარგად ნაცნობი თემებით: უგულავა -მეპურე, უგულავა-მკერავი:
„გიგი უგულავამ წარმოადგინა მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნოდ გადაღებული ფოტოები, როდესაც მან მოირგო სხვადასხვა პროფესია. ჩვენ გვინდოდა, რომ გიგი უგულავა წარმოდგენილი ყოფილიყო ოჯახთან, დაენახა საზოგადოებას, როგორია, სიტყვაზე, მისი ბებია... ან რომელიმე მშობელთან ერთად.“

იყო არაფორმალური ფოტოებიც. მაგალითად, მერობის კანდიდატი თამაზ ვაშაძე, რაჭაში გადაღებული საოჯახო ფოტოთი, და შავ-თეთრ ფოტოზე, მუშის მუზარდადით დამშვენებული. როგორც გავიგეთ, ფოტო სამოცდაათიან წლებში იმ პერიოდში ყოფილა გადაღებული, როდესაც მერობის კანდიდატი მეტროს მშენებლობაზე მუშაობდა. ან სტენდზე გამოფენილი საეკლესიო ჩუქურთმები, რომელიც, როგორც ირკვევა, ზვიად ძიძიგურს ციხეში ყოფნისას დაუმზადებია საკუთარი ხელით. ცნობისმოყვარე ჟურნალისტებისთვის კი ძიძიგურს მტკიცებულებაც თან ჰქონდა:

„აი, ბატონო, ესა და ეს წლები. პატიმართა სამუშაო ბრიგადა, ზვიად ძიძიგურის ხელმძღვანელობით.“

ნომინაცია შვიდი იყო, თითოეული კანდიდატისთვის თითო. თუმცა ერთსაათიანი ღონისძიების ბოლოს ჟიურიმ გამოაცხადა, რომ პატრიოტული კოლაჟი არც ერთ კანდიდატს არ ჰქონია და ეს ნომინაცია, შესაბამისად, გაუქმდა. დარიგდა ნომინაციები, როგორიცაა: ყველაზე კრეატიული, საქმიანი, ლაკონიური თუ დამაჯერებელი. მოკლედ, ნომინაცია ყველას შეხვდა. უფრო საინტერესო ლოტოტრონით ქალაქის ცენტრში ბილბორდის გათამაშება იყო. ორი ადგილი ბილბორდზე ქალაქის ცენტრში ჩვენ მიერ ნახსენებმა ქალაქის ორმა მოქმედმა მერმა გაინაწილა: გიგი უგულავამ და ზვიად გამსახურდიას დანიშნულმა მერმა თამაზ ვაშაძემ.
XS
SM
MD
LG