Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩეველთა ხმები 50 ლარის და მედლის სანაცვლოდ?!


”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თავის ბოლო ანგარიშში წერს, რომ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სახელმწიფო საჩუქრების გადაცემაში მონაწილეობენ.

ორგანიზაციას ამომრჩეველთა მოსყიდვის დასადასტურებლად მოჰყავს საქართველოს რაიონებსა და სოფლებში მომხდარი რამდენიმე ფაქტი. კერძოდ, ლანჩუთის სოფლებში შუხუთსა და ჩოჩხათში, ასევე, კასპის სოფელ ახალქალაქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები 9 მაისს მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებს ურიგებდნენ ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო მედლებს საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით და ერთჯერად ფულად დახმარებას 50 ლარის ოდენობით.

ანგარიშის თანახმად, საჩუქრების დარიგებაში მონაწილეობდნენ სოფლის რწმუნებული, რწმუნებულის თანაშემწე და სკოლის დირექტორი, ამავე სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დალი კვერენჩხილაძე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვს ჩოჩხათელი ომის ვეტერანების ფარული აუდიო ჩანაწერები, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საჩუქრების დარიგებაში მონაწილეობდა.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ: ”სოფელ შუხუთში, "ალიანსი საქართველოსთვის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ელგუჯა ჩხაიძის ინფორმაციით, მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი `ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან~ რევაზ ჩიტიძე, `ენერგო-პრო ჯორჯიას~ ლანჩხუთის სერვისცენტრის თანამშრომელთან გიგა აფხაძესთან ერთად, ამავე მედლებსა და საჩუქრებს ურიგებდა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს”.

მსგავს ფაქტებს აღწერს ორგანიზაციის ანგარიში კასპის რაიონში: ”სოფელ ახალქალაქში ასეთივე მედლების დარიგებაში სოფლის რწმუნებულთან მამუკა მამასახლისთან ერთად მონაწილეობდა ამავე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი `ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან~ გიორგი ირემაშვილი. მან პირადად მიუტანა პრეზიდენტის საჩუქარი საღამოს საათებში ვეტერანებს”.

ორგანიზაციამ პრეზიდენტის საჩუქრის ვეტერანებისთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ გადაცემის ფაქტი სხვა სოფლებსა და სოფლებშიც დააფიქსირა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ მსგავსი ქმედებების განხორციელებით ერთის მხრივ, ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვა ხდება, რაც კანონით კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაშკარავებულ დარღვევებზე რეაგირებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და უწყებათშორის სამუშაო ჯგუფს მიმართა.
XS
SM
MD
LG