Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გულაშვილის მომავალი მარშრუტი ჯერჯერობით დაუზუსტებელია


ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ საითკენ გაემართება ცხინვალიდან ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ლიდერი და მედიაჰოლდინგ ”ჯორჯიან თაიმსის” (Georgian Times) მფლობელი, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მალხაზ გულაშვილს გარკვეული გეგმები უშუალოდ ცხინვალთან დაკავშირებითაც აქვს. სეპარატისტული რეგიონისა და რუსეთის მედიასაშუალებები თემის გაშუქებისას მას ხშირად ჟურნალისტად მოიხსენიებენ, თუმცა გულაშვილის საქმიანობას ამ სტატუსით თბილისში თითქმის არავინ განიხილავს.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მალხაზ გულაშვილსა და ჟურნალისტობას ერთმანეთთან ვერაფრით აკავშირებს. მისთვის ნათელია, რომ მედიაჰოლდინგის მფლობელი უკვე კარგა ხანია სულ სხვა გზას დაადგა:

”... როდესაც მალხაზ გულაშვილი ხვდებოდა მოსკოვში, ევრაზიის ქვეყნების მედიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს და გადასცემდა წიგნს, ეს წიგნი არ ყოფილა მედიის პრობლემებზე, ეს წიგნი არ ყოფილა საქართველოში მედიის განვითარების ტენდენციებზე... ეს იყო პოლიტოლოგიური წიგნი. მეტიც, იქ იყო რაღაც პოლიტიკური მანიფესტის შემცველი მოსაზრებები (როგორც იგი თავად ხსნიდა). იქ იყო საუბარი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების კონცეფციებზე. ამიტომ აქ ძალიან რთულია ვისაუბროთ, რომ კონკრეტული ჟურნალისტი - და თუნდაც მედიამფლობელი - აღმოჩნდა დღეს ასეთ ვითარებაში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ქორიძემ.

მედიაექსპერტი ”პოლიტიკურ შეფერილობას” გულაშვილის მიერ ბოლო დროს დაფუძნებული ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” საქმიანობაშიც ხედავს და იმასაც აშკარად მიიჩნევს, რომ მედიაჰოლდინგის მფლობელის პოლიტიკური აქტივობა თანდათან ექსტრემიზმის რელსებზე გადავიდა.

უკავშირდება თუ არა ეს ექსტრემიზმი და, საერთოდ, ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” გეგმები რუსეთს? - ისინი, ვინც ამ შეკითხვაზე დადებითად პასუხობს, განსაკუთრებულ აქცენტს ორგანიზაციის გერბზე აკეთებენ, სადაც ორთავიანი არწივია გამოხატული. რუსეთთან დაკავშირებულ ასოციაციებს ანთროპოლოგი მიხეილ სვანიძეც უსვამს ხაზს:

”ვნახე, რომ გულაშვილი ამბობს, რომ ეს ძველშუმერული და პროტოქართული სიმბოლოა, მაგრამ ეს ცოტა სასაცილოდ ჟღერს, როცა პირველი ასოციაცია, რაც ორთავიან არწივზე ჩნდება, ეს ნათელია, რომ რუსეთია...”

გამოდგება თუ არა ხსენებული ორთავიანი არწივი იმის ასახსნელად, თუ რატომ შეაფარა თავი მაინცდამაინც რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას თბილისიდან ვაჟთან ერთად წასულმა მალხაზ გულაშვილმა? ბევრი აქ, მართლაც, ერთმნიშვნელოვან კავშირს ხედავს და უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის იმ ფაქტსაც უსვამს ხაზს, რომ გულაშვილი ცხინვალში უპრობლემოდ მიიღეს.

პარალელურად, თავად ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის”ლიდერი ამბობს, რომ თავდაპირველ მარშრუტად მას არა ცხინვალი, არამედ ბაქო ჰქონდა შერჩეული, მაგრამ შვილის პასპორტის ვადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ისინი აზერბაიჯანში შესვლას ვერ მოახერხებდნენ.

სამაგიეროდ, როგორც უკვე ითქვა, ის უპრობლემოდ მიიღეს ცხინვალში, სადაც გულაშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” დაარსებასაც შეეცდება. თბილისიდან წასვლის აუცილებლობას მამა, ძირითადად, შვილის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნის, თუმცა თბილისში ამ ფაქტს კიდევ ორი ახსნა მოეძებნება. პირველის მიხედვით, გულაშვილმა ”დამატებით ეპატაჟს” მიმართა, მეორეს მიხედვით კი, ის შეგნებულად განერიდა ტელეკომპანია „კავკასიის“ დარბევის ფაქტთან დაკავშირებულ გამოძიებასა და დაკითხვის პროცედურას, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მასზე არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

საით აპირებს გულაშვილი ცხინვალიდან გამგზავრებას? - მისი მარშრუტისა და სამომავლო გეგმების დაზუსტებას რადიო თავისუფლება 12 მაისს უშედეგოდ ცდილობდა. თუმცა, როგორც გულაშვილმა 11 მაისს ცხინვალში უთხრა ჟურნალისტებს, ამ ეტაპზე ის განიხილავს სხვადასხვა წინადადებას, მათ შორის, ავსტრიაში გამგზავრებასთან დაკავშირებით. ხოლო მათთვის, ვინც ცხინვალის შემდეგ ლოგიკურ მიმართულებად რუსეთს ხედავს, ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ლიდერი ასევე 11 მაისს ქართველ ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრისას განმარტავდა, რომ კრემლის ლიდერებთან აპრობირებულ პირად ნაცნობობას ის მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში გამოიყენებს:

”მე მედვედევს არ ვაპირებ, რომ ვთხოვო პოლიტიკური თავშესაფარი. მაგრამ თუ ამის აუცილებლობა იქნება, მედვედევსაც ვთხოვ და ნებისმიერსაც ვთხოვ. პრობლემა არა მაქვს.”

ასევე მალხაზ გულაშვილის განმარტებით, ”სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას” ის ლიდერის გარეშე დიდხანს არ დატოვებს და თბილისში მაშინვე დაბრუნდება, როდესაც ოჯახს, ასე ვთქვათ, სამშვიდობოს გაიყვანს. ცხინვალელ ჟურნალისტებთან საუბარში 11 მაისს მან თქვა ისიც, რომ მართლმადიდებლობის სახელით ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებს და რომ მთავარ მოწინააღმდეგეებს თავისუფლების ინსტიტუტი და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ხელისუფლება წარმოადგენენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG