Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”რეზონანსი” vs საქართველოს მთავრობა


გრიფით „საიდუმლო“ - სწორედ ასეთი იურიდიული ფორმულირება ადევს ”ურთიერთგაგების მემორანდუმს”, რომელიც საქართველოს მთავრობამ კომპანია „ინტერ რაოსთან“ გააფორმა. დოკუმენტი ენგურჰესის მუშაობაში ამ კომპანიის ჩართვას ითვალისწინებს, თუმცა რა ფორმით, რა ვადით ან მხარეთა რა ვალდებულების საფუძველზე, უცნობია. ეს ყველაფერი დღეს იურიდიულად ”კომერციულ საიდუმლოებად” ითვლება. დოკუმენტის განსაჯაროებას ერთ-ერთი ქართული გაზეთი, „რეზონანსი“, ახალგაზრდა იურისტებთან ერთად ითხოვს.

სააპელაციო სასამართლოში სხდომა თითქმის ცარიელ დარბაზში რამდენიმე ჟურნალისტის თანდასწრებით ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. მოსამართლის ტრიბუნის წინ ორ, ერთმანეთის მოპირდაპირედ მდგარ, მაგიდასთან მოსარჩელე და მოპასუხე მხარე განთავსდნენ: მოსარჩელე მხარეს - გაზეთ „რეზონანსისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელნი, ხოლო მოპასუხე მხარეს - საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს იურისტები.

ენერგეტიკის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაში კომპანია „ინტერ რაოს“ კომერციულ საიდუმლოებას იცავენ. სწორედ ასეთი ფორმულირების გამო დაედო გრიფი „საიდუმლო“ „ურთიერთგაგების მემორანდუმს“, რომელიც მთავრობამ ამ კომპანიასთან გააფორმა. „რეზონანსი“ კი ამ დოკუმენტის წაკითხვას და განსაჯაროებას უკვე მეორე წელია ცდილობს. პირველი ინსტანციის სასამართლოში ერთწლიანი დავის შემდეგ გაზეთს უარი განუცხადეს. ახლა უკვე იმავე მოთხოვნას გაზეთი ახალგაზრდა იურისტებთან ერთად სააპელაციო სასამართლოს წინაშე აყენებს.

დარბაზში სხდომა ისე გაიხსნა, რომ არც ერთ მხარეს - მათ შორის, არც დაცვის მხარეს - და არც თავად მოსამართლეს გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტი წაკითხული არ ჰქონდა, უბრალოდ, იმიტომ რომ დოკუმენტი საიდუმლოა, მისი გაცნობის უფლება არც თავად დაცვის მხარეს აქვს. საქართველოს მთავრობას იურისტი თამაზ ბარაბაძე წარმოადგენდა.

-თუ, მაგალითად, საიდუმლო დოკუმენტთან დაშვების უფლება გვაქვს, მაშინ შეიძლება გავეცნოთ.

-რა შემთხვევაში შეიძლება მოგენიჭოთ ეს უფლება?

-სასამართლო მაგას ვერ გადაწყვეტს და ვერც მე, პირადი ინიციატივით რომ გავეცნო ამ დოკუმენტს.

მოკლედ, რადგანაც „ურთიერთგაგების მემორანდუმი“ წაკითხული არავის ჰქონდა, დარბაზში მოხსენებები, ძირითადად, პროცედურული ხარვეზების ძიებით და კანონმდებლობის ინტერპრეტირებით შემოიფარგლა. მოხსენება მოსარჩელეებმა დაიწყეს და მოპასუხეთ გააგრძელეს. როგორც ითქვა, დოკუმენტი არც მათ ჰქონდათ წაკითხული, თუმცა მისი არგანსაჯაროების მოთხოვნით მთავრობის იურისტები საკუთარი შუამდგომლობის ტექსტებს დაახლოებით თხუთმეტი წუთის განმავლობაში კითხულობდნენ ყურადღებით.

მთავარი მესიჯი: დოკუმენტი კომერციული საიდუმლოებაა და კომპანიას მისი არგანსაჯაროების მოთხოვნის უფლება აქვს, საქართველოს მთავრობას კი ამ უფლების დაცვა ევალება. ამ განმარტებებს მოსარჩელე მხარე ორი ძირითადი მიზეზის გამო არ ეთანხმება. პირველი: კომპანია "ინტერ რაოს“ აქციათა ძირითად ნაწილს, ინტერნეტ ენციკლოპედია ვიკიპედიას მიხედვით, რუსეთის სახელმწიფო ფლობს, რაც, მოსარჩელეთა აზრით, უბრალოდ, რუსეთის მთავრობას ნიშნავს.

გაზეთ „რეზონანსის“ მხარის წარმომადგენელი ლაშა ტუღუში:

„ენგურჰესზე დგას საქართველოს ენერგეტიკა, ენგურჰესი არის ქართული ეკონომიკის დიდი ნაწილი, ეს არის გული ენერგეტიკის და გულს აძლევ სამართავად იმ ქვეყანას, რომელთანაც იძახი, რომ ომი გაქვს. როგორ არის ეს, მე არ მესმის.“

მეორე მიზეზი თავად ენგურჰესის მდებარეობაა - ის აფხაზეთში კონფლიქტურ ზონას ემიჯნება. მოსარჩელე მხარეს ამ შემთხვევაში მიაჩნია, რომ მისი დაზიანების ან სხვა ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ვინ და რაზეა პასუხისმგებელი:

„თუ ნორმალური, პატიოსანი, კონსტრუქციული ქვეყნისთვის სასარგებლო მემორანდუმია, ის დაინტერესებული უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტმა მისი ქვეყნის მოქალაქემ წაიკითხოს, მაგრამ როცა ისინი მალავენ და გაუგებარ ვითარებაში ადებენ ამ დოკუმენტს გრიფს „კომერციული საიდუმლოება“, მე ვთვლი, რომ ეს გაუგებარი და მიუღებელია და სერიოზული პროტესტის საფუძველს გვაძლევს.“

მხარეების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ქეთევან დუგლაძემ ჯერ მხარეებს მორიგების ვარიანტი შესთავაზა, როცა დოკუმენტის რაღაც ნაწილი მაინც გახდებოდა საჯარო - თუნდაც ის ნაწილი, რომელიც კომპანიის პირდაპირ კომერციულ საიდუმლოებას კი არა, როგორიცაა, მაგალითად, სატარიფო პოლიტიკა, არამედ მმართველობის ფორმებს ან მხარეთა პასუხისმგებლობებს მოიცავდა. ამაზე მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა. რადგანაც მხარეებთან ვერაფერს გახდა, მოსამართლემ სხდომა ორი კვირით გადადო. ეს ვადა კი იმისთვის სჭირდება, რომ დოკუმენტს ფარულ რეჟიმში თავად გაეცნოს. ამის პრივილეგიას მას კანონმდებლობა აძლევს.
XS
SM
MD
LG